ამბები

15:42 | 29.04.2011 | ნანახია 3585 - ჯერ

“ბოქს-რაუნდი” ქართულად

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებს, უახლოეს თერთმეტ დღეში სამ-სამი შეხვედრის გამართვა მოუწევთ. მოახლოებული 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფის” გამო, შიდა ასპარეზის ამ მონაკვეთის დროში “დამოკლება” გახდა საჭირო და სამი ტური ხუთდღიანი ციკლით გაიმართება. ამრიგად, მორაგბეებს განსაკუთრებული ფიზიკური გამძლეობა მართებთ და გამოჩნდება, თუ ვინ უკეთაა მომზადებული ამ კომპონენტში და ვის უფრო გრძელი სათადარიგო სკამი აქვს.
XXIII ჩემპიონატის პირველი შეხვედრა რუსთავში, “ტექნიკუმის” მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონატის სტარტზე ორივე შეხვედრის წამგები “ხარები”, საკუთარ ქალაქში პირველ შეხვედრას გამართავს და თბილისის “აკადემიას” დაუხვდება. გასულ წელს ეს გუნდები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდნენ და მაშინ დასახულ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. წელს რუსთაველებს პრობლემები აქვთ. პირველ ტურში ისინი ქუთაისის “აიასთან” 0:35 განადგურდნენ, მეორე ტურში შედარებით უკეთ ითამაშეს და “არმიასთან” 17:23 დამარცხდნენ. “აკადემიამ” პირველ ტურში “ყოჩებს” 19:15 აჯობა, მაგრამ მერე “აიას” წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და 3:21 დამარცხდა.
დანარჩენი სამი შეხვედრა ერთი საათით გვიან, 16:00 საათზე დაიწყება და ცენტრალური ჯახი “შევარდენის” სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგება. თასის მფლობელი “ლელო” უმაღლესი ლიგის დებიუტანტ “არმიას” უმასპინძლებს, რომელიც რუმინეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ლეგიონერებით და ფინანსურ კრიზისში მყოფი “ყოჩების” მორაგბეებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. მიუხედავად ამისა, არმიელებს შეთამაშების მხრივ აშკარად პრობლემა აქვთ და მისი გამოსწორება მართებთ. “ლელომ” წელს ორივე შეხვედრა მოიგო - ჯერ “არმაზი” წააქცია (36:12), მერე კი, ქართულ შიდა რაგბიში თრილერად ქცეულ დაპირისპირებაში “ლოკომოტივს” 27:19 აჯობა. “არმიამ” პირველ ტურში “ლოკომოტივს” ვერ გაუძლო (16:26), მერე კი “ხარებს” 23:17 აჯობა.
“ყოჩების” გაჭირვება რომ არა, მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა დიდ დიღომში, “ვისოლზე” გაიმართებოდა. იქ “ყოჩები” “ლოკომოტივს” უნდა დაუხვდეს, თუმცა, გასულ წელს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი, წელს დიდ ძალას აღარ წარმოადგენს. ამაზე ჩემპიონატის სტარტზე განცდილი ორი მარცხიც მეტყველებს. “ყოჩებს” ჯერ “აკადემიამ” აჯობა (19:15), მერე კი “არმაზმა” (33:17), არადა, ეს გუნდები საჩემპიონოდ სულაც არ მიიჩნევა. “ლოკომოტივს” არმიის” ძლევით გამოწვეული სიხარული გასულ ტურში “ლელომ” ჩაუმწარა, ახლა კი, დაკარგულის ანაზღაურებას ეცდება. ისე, გასულ წელს, მცირე ფინალში, “ყოჩები” “ლოკომოტივს” 11:0-ს კი უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 14:18 დამარცხდა. წელს რა მოხდება, 16:00 საათიდან გამოჩნდება.
ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგებას ეცდება ქუთაისის “აია”, რომელიც ფოთში თბილისის “არმაზს” დაუხვდება. ქუთაისელებმა იქ ერთი შეხვედრა უკვე გამართეს და “ხარები” მშრალზე დატოვეს - 35:0. ქუთაისელებს რომ კარგი დაცვა ჰყავს, ამაზე მეორე მატჩის შედეგიც მეტყველებს, სადაც მათ მხოლოდ სამი ქულა მიიღეს და “აკადემიას” 21:3 სძლიეს. “არმაზი” მებრძოლი გუნდია. პირველ ტურში ის “ლელოს” 0:36-ის შემდეგაც არ დანებდა და მიწურულს ორი საპასუხო ლელოთი ანგარიში შეალამაზა, გასულ ტურში კი “ყოჩებს” სძლია.
მოკლედ, ოცდაათ აპრილს დაიწყება და ათ მაისამდე სამი ტურის მატჩები გაიმართება, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, მიმდინარე გათამაშების ლიდერებიც საბოლოოდ გამოიკვეთებიან.

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
30 აპრილი. შაბათი. III ტური
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)
ფოთი. “მალთაყვა”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი)
 

1  აია 2 2 0 0 56-3    4
2  ლელო   2 2 0 0 63-31 4
3 ლოკომოტივი 2 1 0 1 45-43 2
4  არმია 2 1 0 1 39-43 2
5  არმაზი 2 1 0 1 45-53 2
6   აკადემია 2 1 0 1 22-36 2
7 ყოჩები 2 0 0 2 32-52 0
8 ხარები 2 0 0 2 17-58 0



ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100716