საქართველოს თასის მფლობელმა და გასული ჩემპიონატის ფინალისტმა თბილისის “ლელომ”, დებიუტანტი “არმიას” საბოლოოდ გატეხვა ისურვა და დასკვნით მონაკვეთში ჯარიმები არ ურტყა. მან ლელოზე ითამაშა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, მერე ბურთი დაკარგა, მეტოქემ ის კიდეზე გადაიტანა და საქართველოს მასშტაბით სახელოვანი გუნდი, ორი ქულით დაამარცხა.
თამაში სანახაობრივი გამოდგა და ტრიბუნაზე მრავლად შეკრებილმა მაყურებელმაც გულიანად ისიამოვნა. ტრადიციის თანახმად, “არმიას” თამაშებზე ავტობუსებით მიჰყავს ჯარისკაცები, ტრიბუნებზე ხმაურიანი გარემო იქმნება, რაც თამაშს თავისებურ ლაზათს მატებს. ახლაც ასე იყო.
ორივე გუნდმა სწრაფი რაგბი ითამაშა, რამაც გადაცემების სიზუსტის მხრივ ბევრი პრობლემები შექმნა. “ლელო” ბურთის ფეხით გადაკიდებას და მანძილის მოგებას ცდილობდა, “არმია” უფრო სწრაფი კონტრშეტევების და ინდივიდუალური გარღვევების იმედად იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, მათ მეტოქეს შერკინებიდან გამოტანილი ბურთის გადაკიდება არ აცალეს და დაახლოებით ცენტრთან დაუფარეს, მას ბიძინა სამხარაძე მიჰყვა, მაგრამ ხმალაძემ დაასწრო და ფეხით კიდის ხაზს იქით გადაგზავნა. მე-12 წუთზე, “ლელომ” ფეხით უკვე მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩაჰკიდა, ქავთარაშვილმა ბურთის აღება ვერ მოახერხა და აუტში გადაგზავნა. 5-მეტრა შერკინებაში “ლელომ” იმძლავრა, “არმია” რამდენჯერმე დაჯარიმდა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, ირაკლი ყიასაშვილმა კი რეალიზაცია ზუსტად შეასრულა.
საწყის წუთებში, “ლელო” დერეფანშიც ბატონობდა, რაც არმიელთა ცუდი მოწოდებების ბრალი იყო. ისინი ბოლო კაცზე ცდილობდნენ ბურთის აგდებას, მაგრამ მის მოგებას ვერ ახერხებდნენ. “ლელომ” ამითაც ვერ ისარგებლა, რადგანაც შეტევისას ბურთს კარგავდა და როდესაც მესამე ეპიზოდში კონტრშეტევა მიიღო, მცველი იძულებული გახდა, დაახლოებით 25 მეტრიდან ის საკუთარი ჩათვლის მოედნისკენ, კიდის ხაზს იქით გაეგზავნა. “არმიამ” 5-მეტრა შერკინებიდან რამდენიმე დარტყმა განახორციელა და ბურთი მარცხნივ ჩაათამაშა, მერე იერიშის მიმართულება კვლავ ცენტრისკენ დაბრუნდა, ბიძინა სამხარაძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, ახლო მანძილიდან მცველზე ჯიქურ წავიდა და 24-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა, ბახვა კობახიძემ კი, რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა.
ამას “ლელოს” იერიში მოჰყვა, რამდენიმე წუთი თამაში ლამის “არმიას” ჩათვლის ხაზზე მიდიოდა, მაგრამ მსაჯმა ლელო არ დააფიქსირა და ბოლოს შემტევები დააჯარიმა. მთლიანობაში, ეს თამაში არმიელთა თავგამოდებული დაცვითაც იყო გამორჩეული. ამასთან, რამდენჯერმე “ლელოს” მორაგბეებს მსაჯის გადაწყვეტილება არ მოეწონათ და ეს ხმამაღლაც გააპროტესტეს, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს. 31-ე წუთზე, “არმიამ” “ლელოს”, მეტოქის მოედანზე პრესინგით ბურთის ატანა არ აცალა, დაჯარიმება აიძულა და კობახიძემ, დაახლოებით 25 მეტრიდან “არმია” დააწინაურა. მალე, “არმიამ” კიდევ ერთი ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, ამჯერად კარის გასწვრივ 37 მეტრიდან და კობახიძემ ისიც ზუსტად შეასრულა - 7:13.
განახლდა თუ არა თამაში, “ლელომ” ჯარიმის დარტყმის უფლება 22-მეტრიანი ხაზის სიახლოვეს, კარის გასწვრივ მოიპოვა და ყიასაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა, ორიოდე წუთში კი, მან უკვე, დაახლოებით 38 მეტრიდან დაჰკრა ზუსტად და წონასწორობა აღადგინა. სულ ბოლოს, “ლელომ” აუტი მოაწოდა, საკუთარი დერეფანი უპრობლემოდ მოიგო და მთელი უკანა ხაზის მონაწილეობით ლამაზი კომბინაცია განახორციელა. შეტევაში პრაქტიკულად მთელი უკანა ხაზი მონაწილეობდა, ლელო კი ბაჩო ჯოგლიძემ მიითვალა, მაგრამ ყიასაშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა და “ლელომ” ტაიმი სულ რაღაც 18:13 მოიგო.
მეორე ტაიმში უფრო მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე ლამაზი, კომბინაციური თამაში. ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას “არმიელი” სამხარაძე და “ლელოელი” ლექსო გუგავა. ანგარიში 53-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მჭედლიშვილმა გასატანი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და “ლელო” კიდევ უფრო დააწინაურა - 21:13. საშუალო დისტანციიდან ექვსიოდე წუთში,ამას კობახიძემ ჯარიმითვე უპასუხა. მერე “არმიამ” ჯარიმების კარში დარტყმას მისი აუტში გადაგზავნა და ლელოზე თამაში არჩია, სხვა შემთხვევაში, კარის გასწვრივ, ხუთიოდე მეტრში ჯარიმა გაათამაშა. მესამე ჯერზე ეს სამხარაძემ სწრაფად გააკეთა და თავისი და გუნდის მეორე ლელო გაიტანა, კობახიძემ კი, რეალიზაციით “არმია” დააწინაურა - 23:21.
ამის შემდეგ, ბურთი “ლელომ” იგდო ხელთ და დარჩენილმა წუთებმაც მის იერიშებში ჩაიარა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც “არმია” საკუთარ 22-ში, თითქმის კარის გასწვრივ დაჯარიმდა, მაგრამ “ლელომ” ჯარიმა კარში არ დაარტყა და მოგვიანებით, ამის გამო დაისაჯა. ამის შემდეგ, კიდევ ორი ჯარიმა იყო, კვლავ ჩათვლის მოედანთან ახლოს, ოღონდ კარიდან მოშორებით და არჩევანი კვლავ სალელოვე შეტევაზე გაკეთდა. “არმიამ” იბრძოლა, გაძლო, სულ ბოლოს “ლელომ” თითქოს ხაზიც გადაკვეთა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ბურთის წინ ვარდნა დააფიქსირა. “არმიამ” საკუთარი შერკინება მოიგო, ბურთი აუტში გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.
ამ ტურის ერთი შეხვედრა დანარჩენებზე ერთი საათით ადრე, რუსთავში დაიწყო. წელს მოუგებელი “ხარები” თბილისის “აკადემიას” დაუხვდა და ნავსიც გატეხა. ეს გუნდები, სავარაუდოდ, წინა წლის მსგავსად, წელსაც უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებენ და ერთმანეთთან მოპოვებულ გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს. ჰოდა, მოინდომეს “ხარებმა” და დაძაბულ ჯახში 22:19 იმარჯვეს. რთულ სიტუაციაში მყოფმა “ყოჩებმა” მესამე მატჩიც წააგო. ამჯერად ის, ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა, მაგრამ შარშანდელი ჯახი არ გამოვიდა და “ლოკომოტივმა” 33:17 იმარჯვა. დაუმარცხებელი მხოლოდ ქუთაისის “აია” დარჩა, რომელსაც საკუთარ ქალაქში მოედანი ვერ უშოვეს და ამის გამო, საშინაო მატჩებს ხან ვანში მართავს, ხანაც ფოთში. ამჯერად, ის ფოთში “არმაზს” დაუხვდა და მომხვდური 36:16 გაანადგურა. ქუთაისელებმა სამიდან სამი მატჩი კი მოიგეს, მაგრამ სამჯერვე ქვედა ოთხეულის გუნდებს ეთამაშნენ და მათი ამბიცია უახლოეს პერიოდში უნდა გამოჩნდეს.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
30 აპრილი. შაბათი. III ტური
თბილისი. “შევარდენი”. 13000
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 21:23 (18:13)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე (ზაალიშვილი 43), 13. მჭედლიშვილი, 12. ლომინაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (პატარაია 63), 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. ხორბალაძე, 5. დაუშვილი, 6. მძინარიშვილი, 7. დაუშვილი (კოლელიშვილი 60), 8. აზალაძე.
2 ლელო: ტექნიკური, ჯოგლიძე
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ყიასაშვილი (2), მჭედლიშვილი
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
არმია: 15. ბ. კობახიძე, 14. ქავთარაშვილი, 13. მჭედლიძე, 12. ნადარეიშვილი, 11. ელიზბარაშვილი, 10. ბაირამაშვილი, 9. სამხარაძე; 1. კაკოვინი (ქორიძე 41), 2. ბრეგვაძე, 3. ნავროზაშვილი, 4. ჟღენტი (ბიწაძე 47), 5. კიკვიძე (ნატრიაშვილი 54), 6. კალმახელიძე, 7. დარასელია, 8. ცხადაძე (კ. კობახიძე 62).
2 ლელო: სამხარაძე
2 გარდასახვა: ბ. კობახიძე
3 ჯარიმა: ბ. კობახიძე
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
რუსთავი. “ტექნიკუმი”.
ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი) 22:19
თბილისი. “ვისოლი”.
ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:33
ფოთი. “მალთაყვა”.
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 36:16
1 | აია | 3 | 3 | 0 | 0 | 92-19 | 6 |
2 | ლელო | 3 | 2 | 0 | 1 | 84-54 | 4 |
3 | ლოკომოტივი | 3 | 2 | 0 | 1 | 78-60 | 4 |
4 | არმია | 3 | 2 | 0 | 1 | 62-64 | 4 |
5 | აკადემია | 3 | 1 | 0 | 2 | 41-58 | 2 |
6 | არმაზი | 3 | 1 | 0 | 2 | 61-89 | 2 |
7 | ხარები | 3 | 1 | 0 | 2 | 39-77 | 2 |
8 | ყოჩები | 3 | 0 | 0 | 3 | 49-58 | 0 |
მომდევნო ტური
5 მაისი: არმია - აკადემია, ლელო - ყოჩები, ლოკომოტივი - აია, არმაზი - ხარები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია