ამბები

12:53 | 1.05.2011 | ნანახია 1713 - ჯერ

ევროთასს ზირაქაშვილიც ჩამოშორდა

ბოლო გუნდი, რომელსაც წლევანდელი ევროთასების ფინალში თამაშის შანსი ჰქონდა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” იყო, მაგრამ ერთმატჩიან ნახევარფინალში, “სტად ფრანსესთან” 25:29 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
შეხვედრას 7345 მაყურებელი დაესწრო და პარიზელებმა გამარჯვება მხოლოდ მეტოქის შეცდომის წყალობით მოიპოვეს. ორჯერ დაკარგა ბურთი შეტევაში “კლერმონმა”, ორჯერვე თერნოვერი მიიღო და ძალებსშუა ლელო გაუშვა. ამასთან, ლიონელ ბუქსისმა, რომელმაც ორ რეალიზაციას ხუთი ჯარიმა შემატა, გუნდს ჯამში 19 ქულა მოუტანა და “კლერმონის” მიერ გატანილი სამი ლელო გადაწონა. შეხვედრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, “კლერმონმა” სათამაშო უპირატესობა ლელოდ აქცია, რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და 10:3 დაწინაურდა. სტუმრებმა პირველი შეცდომა 22-ე წუთზე დაუშვეს, შეტევისას არაზუსტი გადაცემის გამო, ბურთი მეტოქეს “ჩააბარეს” და მანაც 60-მეტრა დაუბრკოლებლად ირბინა. გარდასახვის გარდა, “სტად ფრანსემ” შესვენებამდე კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 19:10 მოიგო.
მეორე ნახევრის დასაწყისში, მორგან პარამ მეტოქეს ერთი ჯარიმით უპასუხა, მერე კი “კლერმონმა” ლელო გაიტანა და რეალიზაციის შემდეგ 20:19 დაწინაურდა. ეს 50-ე წუთზე მოხდა, ხოლო კიდევ ოთხ წუთში, “სტად ფრანსე” სინბინით დაისაჯა. რიცხობრივი უპირატესობით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს და ჯარიმა აქეთ მიიღეს, ხოლო 67-ე წუთზე, შეტევაში ბურთი ერთხელაც დაკარგეს და კვლავ ლელო გაუშვეს, ბუქსისმა კი რეალიზაციით საკუთარი გუნდის მონაგარი 29-მდე გაზარდა. “კლერმონმა” გაიბრძოლა და შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, ლელოთი სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და დარჩენილ დროში გამარჯვების მომტანი სალელოვე შეტევა აღარ გამოვიდა.
დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთამდე იბრძოდა. ამრიგად, “სტად ფრანსემ” მესამედ მოიპოვა ევროთასების ფინალში თამაშის უფლება. წინა ორ ჯერზე, ის “ჰეინეკენის თასის” ფინალში დამარცხდა, ახლა კი, “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ფინალის მოგებით, მას გაისად “ჰეინეკენის თასზე” თამაშის უფლების მიღება შეეძლება. ფინალში, რომელიც ოც მაისს, კარდიფში გაიმართება, “სტად ფრანსეს” მეტოქე ინგლისის “ჰალიქვინსი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალში სტუმრად ირლანდიური “მანსტერი” 20:12 დაამარცხა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08537