ამბები

22:25 | 1.05.2011 | ნანახია 2145 - ჯერ

კუნძულზე მხოლოდ კუნძულელები

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰეინეკენის თასის” ნახევარფინალში, ფრანგულმა კლუბებმა მარცხი განიცადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 მაისს, კარდიფში, ერთმანეთს ირლანდიური და ინგლისური კლუბები დაუპირისპირდებიან.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საფრანგეთის ელიტარული დივიზიონი Top 14 “ბებერი კონტინენტის” უძლიერესი გათამაშებაა, ფაქტი ფაქტად რჩება - ფრანგული კლუბები “ჰეინეკენის თასის” ფინალს მიღმა დარჩნენ.
პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ირლანდიურმა “ლენსტერმა” “ტულუზას” უმასპინძლა. თამაშს 50 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მასპინძელმა ირლანდიელებმა ლიდერობა 30-ე წუთზე მოიპოვეს და ტაიმი 16:13 მოიგეს, მაგრამ როგორც პირველი ნახევრის, ასევე მე-2 ტაიმის დასაწყისი ჩააგდეს და წინ კვლავ “ტულუზა” გაიჭრა. “ლენსტერმა” უპირატესობა 55-ე წუთიდან დაიბრუნა, ის ხელიდან ბოლო წუთამდე აღარ გაუშვა და 32:23 იმარჯვა.
ინგლისურმა “ნორთჰემპტონმა” “პერპინიანი” სულაც უშანსოდ დატოვა. 2 ლელოთი, 2 რეალიზაციით და 2 ჯარიმით, ინგლისელები 37-ე წუთისთვის 20:0 დაწინაურდნენ. ფრანგებმა, ზედ შესვენების წინ, ლელო-რეალიზაცია გაიტანეს და იმედი დაიბრუნეს, მაგრამ მე-2 ტაიმში “ნორთჰემპტონმა” კარგი დაცვა აჩვენა, მონაგარს ჯარიმით 3 ქულა თავად შემატა და 23:7 იმარჯვა. ამრიგად, კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის, 21 მაისს, კარდიფში, ერთმანეთს ირლანდიური “ლენსტერი” და ინგლისური “ნორთჰემპტონი” დაუპირისპირდებიან, ფრანგულ კლუბებს კი, მიზნად მხოლოდ Top 14-ის პირველობა შერჩათ.

ზურა ქსოვრელი
  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098781