ამბები

16:00 | 4.05.2011 | ნანახია 4585 - ჯერ

ბრედლი რობინსონს - “ყველაფერს გეტყვი”...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ტექნიკური მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელმაც გუშინ შოტლანდიურ “ედინბურგთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაც ენდი რობინსონს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს.
2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები B ჯგუფში, ინგლისის, არგენტინისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას თოთხმეტ სექტემბერს, ინვერქარგილში სწორედ შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს და რუმინეთის გარდა, სავარაუდო გამარჯვებას სწორედ მასთან გეგმავდა, მაგრამ ახლა სქოთებს ქართველების ძლიერ და სუსტ მხარეებზე სრული წარმოდგენა ექნებათ.
კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს, ბრედლი ESPN-ის ჟურნალისტს ესაუბრა და ასეთი რამ უთხრა: “დარწმუნებული ვარ, მე და ენდის საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საუბარი გვექნება. საქართველოს მსოფლიო თასზე მრისხანე ნაკრები ეყოლება. ისინი ძალიან ძლიერები არიან და მათი უგულვებელყოფა არაფრით არ შეიძლება. მათ ბევრის მიღწევა შეუძლიათ. საქართველოს ნაკრებმა ბოლო შვიდი შეხვედრა მოიგო და მსოფლიო თასზეც ყველა მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალისხმევით აპირებენ ბრძოლას” - განაცხადა ბრედლიმ.
49 წლის ირლანდიელმა, საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გასული წლის 1 ნოემბერს გააფორმა და “ბორჯღალოსნებთან” 2011 წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ სამ მაისს, საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და “ედინბურგი” ჩაიბარა, მოტივად კი, უკეთესი ფინანსური პირობები დაასახელა. ის აქტიურად იყო ჩართული გუნდის მზადების პროცესში, ყველა ვარჯიშს მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის მეთვალყურეობით პირადად უძღვებოდა და ამრიგად, საქართველოს ნაკრების, მისი თითოეული მორაგბის შესაძლებლობები, ძალიან კარგად იცის. ამ მონაცემების “მტრის ბანაკისთვის” გადაცემა, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს გამარჯვების შანსებს შეუმცირებს...
 

 

ზურა ქსოვრელი 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086814