საქართველოს მორაგბეთა XXXIII ეროვნული ჩემპიონატის IV ტურს, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი, ქუთაისის “აია” ხვდება. ის ცენტრალურ შეხვედრაში, თბილისში, “ლოკომოტივთან” ამ ტრადიციის გაგრძელებას ეცდება. ამასთან, “ლოკომოტივი” ის გუნდია, რომელსაც ქუთათურებმა გასულ წელს ვერცერთი მატჩი ვერ მოუგეს და წელს ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას ეცდება.
IV ტურის მატჩები უჩვეული დროს, შუა კვირაშია დანიშნული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 10 მაისიდან შეკრებაზე უნდა გადავიდეს, რათა მსოფლიო თასისთვის, რომელიც 24 მაისიდან აიღებს სტარტს, უკეთ მოემზადოს, ეროვნული პირველობის III-V ტურის შეხვედრები ხუთდღიანი ციკლით იმართება.
IV ტურის ცენტრალური შეხვედრა “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. აქამდე “აიამ” სამივე შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ სამივე შემთხვევაში იმ გუნდებთან იბურთავა, რომლებიც ქვედა ოთხეულის კანდიდატებად განიხილებიან და წლევანდელი სეზონის დიდ გამოცდას სწორედ დღეს ჩააბარებენ. თავის მხრივ, “ლოკომოტივმა” სამიდან ორი თამაში მოიგო - ერთი აუტსაიდერ “ყოჩებთან” და ერთიც საჩემპიონოდ მომართულ “არმიასთან”, მაგრამ ტრადიციულ მეტოქე “ლელოს” ვერ აჯობა. გასული წლის პირველ წრეში თბილისელებმა ქუთაისელებს ჯარიმებით, 15:9 აჯობეს, განმეორებით შეხვედრაში კი მეტოქეს 12:6 სძლიეს. ეს რეგულარული პირველობის ბოლო შეხვედრა იყო. მაშინ “აია” რეგულარული პირველობის ლიდერი იყო, მაგრამ ამ მარცხით მეოთხე საფეხურამდე დაქვეითდა და მერე ფლეი ოფშიც ვეღარ ივარგა. ამრიგად, ქუთაისელებს რევანში სწადიათ და ამის შანსი დღეს 16:00 საათიდან ექნებათ.
თუ წინა წლის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, თბილისური დერბი “ლელოსა” და “ყოჩებს” შორის ცენტრალურად მოგვეჩვენება, მაგრამ “ყოჩები” წელს ვეღარ ყოჩობენ. მათ სამივე შეხვედრა დათმეს, თანაც ორჯერ იმ გუნდებთან დამარცხდნენ, რომლებთანაც უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწევთ ბრძოლა (“აკადემიასთან” 15:19 და “არმაზთან” 17:33), ხოლო ერთხელ “ლოკომოტივს” დანებდნენ - 17:33. არადა, ქვეყნის ჩემპიონს ის ტაიმზე მეტხანს ეომა და პირველი ნახევარი ერთი ქულითაც მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში გატყდა.
“ლელომ” გათამაშება “არმაზის” ძლევით დაიწყო, მერე “ლოკომოტივს” 27:19 აჯობა და შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხისათვის რევანში აიღო, გასულ ტურში კი, “არმიასთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 21:23 დამარცხდა. არადა, შეხვედრის ბოლო წუთებზე, მათ დასარტყმელი ჯარიმები კარის მიმართულებით არ გაგზავნეს, ლელოს გატანაზე ითამაშეს, მიზანს ვერ უწიეს და ამის გამო დაისაჯნენ, თორემ, შესაძლოა, ახლა ისინიც დაუმარცხებლები ყოფილიყვნენ. ამ გუნდებს შორის გასული წლის შეხვედრები ძალზე დაძაბულად მიმდინარეობდა. “ყოჩებმა” “ლელო” პირველ წრეში 13:9 დაამარცხა - ეს იყო ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონის პირველი მარცხი, რომლითაც წელიწადნახევრიანი სერია შეწყვიტა. მეორე ტურის მატჩი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თითქოს “ლელო” რევანშთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოსკენ “ყოჩებმა” იმძლავრა, ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, ბოლო წუთზე “ლელო” დაჯარიმდა, მახარაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 28:27 მოაგებინა. “ლელო” მასპინძლის რანგში თამაშობს და “ყოჩებს” 16:00 საათიდან დიდი დიღმის “ვისოლის” სტადიონზე დაუპირისპირდება.
ორი საინტერესო შეხვედრა ელის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მისულ მაყურებელს. ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 16:00 საათზე ერთმანეთის პირისპირ თბილისის “არმაზი” და რუსთავის “ხარები” წარსდგებიან. ამ გუნდების ძირითადი მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენაა და ვინ იცის, იქნებ საუკეთესო ოთხეულსაც გამოჰკრან ხელი, ამ კუთხით კი, ურთიერთშეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წელს ორივე გუნდმა ორ-ორი თამაში წააგო და თითო მოიგო. “არმაზი” ლიდერებთან - “ლელოსთან” და “აიასთან” დაეცა, სამაგიეროდ, “ყოჩებს” დამაჯერებლად სძლია - 33:17. ლიდერებთან დამარცხდა “ხარებიც” - “აიასთან” ფოთში 0:35 და “არმიასთან” თბილისში 17:23, მაგრამ გასულ ტურში შინაური კედლებით ისარგებლა და “აკადემიას” მძიმე ბრძოლაში 22:19 აჯობა.
გასული წლის თამაშებს თუ გადავხედავთ, წელს ამ გუნდების დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესოდ მოგვეჩვენება. პირველ წრეში “არმაზმა” “ხარებს” უპრობლემოდ, 25:10 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში, როდესაც თითოეული ქულა ამა თუ იმ გუნდს გავარდნასთან აახლოვებდა, სიტუაცია დაიძაბა. მეორე ტურის მატჩში, რომელშიც მასპინძლად “ხარები” ითვლებოდა, მაგრამ მაინც თბილისში ტარდებოდა, “არმაზი” “ხარებს” 7:3-ს უგებდა, ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი მიმდინარეობდა და მოედანზე ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ მსაჯმა მატჩის გაგრძელება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა. დაინიშნა გადათამაშება, რომელსაც “არმაზი” განსაკუთრებით შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა, რადგან მისი რამდენიმე მორაგბე დისკვალიფიცირებული იყო. ამ შეხვედრაში წყდებოდა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებდა და რუსთაველებმა რუსთავში 28:0 იმარჯვეს, ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწიეს, “არმაზს” კი, უძლიერესთა შორის დასარჩენად პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ორმატჩიანი ჯახის გადატანა მოუხდა, რომელიც საბოლოოდ წარმატებით დაასრულა.
18:00 საათზე, “შევარდენის” მოედანზე უკვე “არმია” და “აკადემია” გავლენ. არმიელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და საჩემპიონო ამბიცია აქვთ, მაგრამ დანებებას არც “აკადემია” აპირებს და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას გეგმავს, ამისათვის კი, ძლიერ გუნდებთან წარმატებით თამაში მართებს. “არმიამ” პირველ წრეში “ლოკომოტივთან” მარცხის შემდეგ, ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა, გუნდის თამაში ჯერ კიდევ დალაგების პროცესშია. “აკადემიამ” პირიქით - პირველ წრეში “ყოჩები” კი დასცა, მაგრამ მერე ზედიზედ ორი თამაში დათმო და ჯერჯერობით, აუტსაიდერთა შორისაა.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
5 მაისი. ხუთშაბათი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 18:00 საათი
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 18:00 საათი
არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
1. აია 3 3 0 0 92-19 6
2. ლელო 3 2 0 1 84-54 4
3. ლოკომოტივი 3 2 0 1 78-60 4
4. არმია 3 2 0 1 62-64 4
5. აკადემია 3 1 0 2 41-58 2
6. არმაზი 3 1 0 2 61-89 2
7. ხარები 3 1 0 2 39-77 2
8. ყოჩები 3 0 0 3 49-85 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია