ამერიკის 6 ერი

22:46 | 7.03.2016 | ნანახია 1995 - ჯერ

არგენტინა პირველი ჩემპიონია, აშშ-ს ურგუვაიმაც აჯობა [+ვიდეო]

„ამერიკულ ექვს ერად“ წოდებულ ამერიკის რაგბის ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში ბოლო, მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ერთი კვირის „არწივების“ ბრაზილიაში სენსაციური მარცხის შემდეგ, ფაქტობრივად ცნობილი იყო, რომ ჩემპიონი არგენტინელთა A ნაკრები გახდებოდა, თუმცა თეორიულად, პირველობის შანსი აშშ-ს ნაკრებსაც ჰქონდა - ამისთვის საჭირო იყო ამერიკელებს ურუგვაი დაემარცხებინათ, ხოლო არგენტინელებს ბრაზილიაში წაეგოთ...

დასკვნითი ტურის პირველი მატჩი მონტევიდეოში „ესტადიო ჩარუაზე“ გაიმართა. ადგილობრივ ურუგვაის ნაკრებთან ამერიკელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა, მოულოდნელად მასპინძლებმა იმარჯვეს - 29:25.

პირველი ტაიმი აშშ-ს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით დასრულდა - 13:9. მასპინძლების სამ გატანილი ჯარიმას, სტუმრებმა ლელო-გარდასახვა და ორი ჯარიმით უპასუხეს. 46 წუთზე ამერიკელებმა დამხვდურებს ხაზის მოთამაშეების კომბინაციის შემდეგ ლამაზი ლელო დაუდეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და 20:9 დაწინაურდნენ. თითქოს ყველაფერი ჩრდილოელთა გამარჯვებას მოასწავებდა, თუმცა არ გასულა ორი წუთი და მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, მორკინალები კარგ უპირატესობას ქმნიდნენ და ახალგაზრდა კვაჭმა ხერმან კესლერმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გადადო, გარდასახვის შემდეგ კი, 4-ქულიანი სხვაობა აღდგა - 16:20.

ამის შემდეგ ურუგვაიმ თავის მონაგარს ორი ჯარიმა შემატა, თუმცა ამერიკელებისგან გარდაუსახავი ლელო მიიღო. ბოლო წუთებზე სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, 77-ე წუთზე ამერიკელმა ბენ ლანდრიმ შეხვედრაში მეორედ იუხეშა(61-ე წუთზე გაასინბინეს) და წითელი ბარათი მიიღო. მატჩის მსვლელობა ამერიკელთა ნახევარზე გადავიდა და ურუგვაელებმაც მეტობით ისარგებლეს - 78-ე წუთზე აუტის მოგების შემდეგ კარგი მოლი ააგორეს და ბურთიანი მორაგბე ჩათვლის მოედანში შეიყვანეს, გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე მატჩის საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 29:25.

ბოლო ტურის მეორე მატჩში სანტიაგოში, ჩილემ კანადის ნაკრებს უმასპინძლა. რა თქმა უნდა, რეიტინგში ხუთი პოზიციით წინ მყოფი კანადელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა ასეთი დიდი სხვაობით მოგება მაინც მოულოდნელობა იყო - 64:13 კანადელთა სასარგებლოდ.

ჩემპიონობა არგენტინელ „იაგუარებს“ ოფიციალურად ბრაზილიაში, „ესტადიო მარტინს პერეირაზე“ უნდა ეზეიმათ. თავის მხრივ კი, მასპინძლებს მეორე სენსაციის იმედი ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ბრაზილელებმა აშშ-ს ნაკრების დამარცხება მოახერხეს (24:23).

თუმცა ფავორიტებმა შეხვედრა იოლად მოიგეს, პირველ ტაიმში ოთხი ლელო დადეს თავისი გარდასახვით, ხოლო ბრაზილელებმა ვერაფერი ვერ გაახერხეს - 0:28. მეორე ნახევარში კვლავ არგენტინელები დომინირებდნენ, მათ კიდევ ორი ლელოს დადება და გარდასახვის ზუსტად დარტყმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ექვსი ლელოდან სამი არგენტინელთა გარემარბმა ხუან პაბლო ესტერესმა დადო.

სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა მატჩის ბოლო წუთზეღა გაიხარა - სანტიაგო პორტილომ ბრაზილელთა გადაკიდებული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ჩათვლის მოედანზე შევარდნილ ბურთს ყველაზე სწრაფად ბრაზილელეთა ჰავბეკმა ლუკას დუქიმ მიუსწრო და დაალელოვა, გარდასახვა მოისეს დუქიმ გაიტანა და საბოლოოდ- 7:42 დაფიქსირდა.

პირველად გამართულ ამერიკის ექვსი ერის გათამაშებაში ჩემპიონობა არგენტინის A ნაკრებმა იზეიმა, მათ ხუთიდან ოთხი შეხვედრის მოგება მოახერხეს, ხოლო აშშ-ს ნაკრებთან ფრეს დასჯერდნენ. სამი ტურის შემდეგ „არწივები“ სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ და სადებიუტო ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტები იყვნენ, მაგრამ სამხრეთელების დაუფასებლობა და ბრაზილია-ურუგვაიში შესუსტებული შემადგენლობით გამგზავრება ძვირად დაუჯდათ.

1.

არგენტინა A

22

2.

აშშ

15

3.

კანადა

15

4.

ურუგვაი

14

5.

ბრაზილია

6

6.

ჩილე

5

ბრაზილია - არგენტინა [სრული მატჩი]

ურუგვაი - აშშ [სრული მატჩი]

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088619