ამბები

11:26 | 6.05.2011 | ნანახია 3830 - ჯერ

“აიამ” ტრადიცია დაარღვია და დაუმარცხებელი დარჩა!

დიდი ხანი ელოდა ქუთაისის “აია” და მისი გულშემატკივრები ამ გამარჯვებას. მათთვის თბილისის “ლოკომოტივის” დამარცხება ერთგვარ ოცნებად იყო ქცეული და ახლა ეს ოცნება აუხდათ. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ქუთაისელებმა ჯარიმები მეტოქეზე უკეთ ურტყეს და 21:18 იმარჯვეს, რითაც მიმდინარე გათამაშებაში “აია” დაუმარცხებელ გუნდად დარჩა.
IV ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ მაღალ ტემპში კი ჩაიარა, მაგრამ ის მეტოქეთა 22-დან 22-მდე მიმდინარეობდა და სალელოვე შანსი, პრაქტიკულად, არცერთ გუნდს არ შექმნია. სამაგიეროდ, იყო ძალიან ბევრი ჯარიმა, რომელთაც ორივე გუნდის დამრტყმელები დაეწაფნენ და ქულებიც აგროვეს. ლოკომოტიველმა ბობა კვინიხიძემ ანგარიში მესამე წუთზე, კარის გასწვრივ დაახლოებით 20 მეტრიდან გახსნა. მე-10 წუთზე, მან დასარტყმელი პოზიციიდან მეორედაც დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა, ხოლო ხუთ წუთში, “აიას” შანსი” 22-ის ხაზიდან მიეცა და სინაურიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:3.
21-ე წუთზე, კვინიხიძემ შორიდან დაჰკრა და “ლოკომოტივი” კვლავ დააწინაურა, მაგრამ ოთხიოდე წუთში, სინაურიძემ კვლავ 22-ის ხაზიდან წონასწორობა აღადგინა. ნახევარი საათის თავზე, 22-ის ხაზთან უკვე “აია” დაჯარიმდა და ბობამ თბილისელებს სამქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, რაც სამიოდე წუთში სინაურიძემ კარის გასწვრივ 25 მეტრიდან გააუვნებელყო, ხოლო 37-ე წუთზე, მან კარის გასწვრივ 42 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და “აია” პირველად დაწინაურდა - 12:9. განახლდა თუ არა თამაში, კვინიხიძემ თავისი წილი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს, “აიამ” ჯარიმის უფლება მიიღო, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გოგიას მხრიდან დაწოლილი მეტოქის დაწიხლვა შენიშნა და რეფერიმ ის გაასინბინა, ბურთი კი თბილისელებს გადასცა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, ქუთაისელებმა გადაკიდებული ბურთი კარგად წაიღეს, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და სინაურიძემ “აიას” ტაიმი 15:12 მოაგებინა.
მთელი მეორე ტაიმი, უფრო სწორედ გოგიას სინბინის შემდეგ, ხამაშურიძემ ცხრა ნომრის პოზიცია მოირგო და საკუთარი გუნდის შეტევების მიმართულებას განსაზღვრავდა, რაც მისთვის ერთობ უჩვეულოა. დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, “ლოკომოტივი” რაქში დაჯარიმდა და სინაურიძემ თითქმის ცენტრიდან გაიტანა, მაგრამ 44-ე წუთზე, კვინიხიძემ კარის გასწვრივ, დაახლოებით 17 მეტრიდან ჩამორჩენა კვლავ სამ ქულამდე დაიყვანა. განახლდა თამაში და სინაურიძემ არეკნი სცადა - მიზანმა უმტყუნა. “ლოკომოტივმა” საკუთარი 22-დან ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა, ის დაკარგა, დაჯარიმდა და ამჯერად სინაურიძეს 35 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიეცა, მაგრამ მიზანი კვლავ ვერ გაასწორა.

ნელ-ნელა 64-ე წუთი მოვიდა და ერთ-ერთი გუნდი, კერძოდ კი “ლოკომოტივი”, მეტოქის ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუახლოვდა. თბილისელებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს, რაქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მოლის აგორება სცადეს, “აია” დაჯარიმდა, “ლოკომოტივმა” გაითამაშა და ისევ მიეძალა, მაგრამ ხაზზე ბურთის გატანისას შეცდომა დაუშვა და უკან დაიხია, თუმცა, ბურთი შეინარჩუნა და როდესაც ქუთაისელები ისევ დაჯარიმდნენ, კვინიხიძემ წონასწორობა აღადგინა - 18:18. 69-ე წუთზე, სინაურიძეს სტუმართა დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ ახლოდან ჯარიმა ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, “ლოკომოტივი” საკუთარი 22-დან ბურთის შეყვანისას კვლავ შეცდა, ამჯერად, “ლოკომოტივი” ხამაშურიძის წინააღმდეგ დაჯარიმდა და სინაურიძემ ჯარიმა ძელებსშუა გაატარა. “ლოკომოტივმა” შეუტია და თითქმის ბოლო წუთზე, კვინიხიძეს ჯარიმით წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მსაჯის დამატებული წუთები ქუთაისელებმა დაცვაში გაატარეს, ოღონდ მეტოქეს ცენტრის გადალახვის საშუალება არ მისცეს. ბოლოს ბურთი ხელთ იგდეს, აუტში გაიტანეს და 21:18 მოგებით, ნანატრი გამარჯვება იზეიმეს.
“ლელო” აუტსაიდერ “ყოჩებს” გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშა, რადგან ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე მოისაკლისა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მეტოქესთან დაგეგმილი ორი ქულა მაინც აიღო, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდა. რამდენიმე მორაგბემ ტრავმა მიიღო, მათგან სამი, შესაცვლელი მატჩის მსვლელობისავე გახდა, ეს კი, ხუთი დღის შემდეგ გასამართ შეხვედრაში, ლევან მაისაშვილს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
შეხვედრა “ლელოს” უპირატესობით დაიწყო და მალევე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ ყიასაშვილის დარტყმული ძელმა აისხლიტა. მან მეორე შანსი მე-6 წუთზე მიიღო და ამჯერად მიზანმა აღარ უმტყუნა - 3:0. მთლიანობაში, “ლელო” აქცენტს სწრაფ რაგბიზე, ხელდახელ თამაშზე და მეტოქის ხაზის გაჭრაზე აკეთებდა, “ყოჩები” კი მეტოქისთვის სივრცეების შესზღუდვას ცდილობდა და უმეტეს შემთხვევაში, ეს კარგად გამოსდიოდა, საკუთარ შეტევებს კი, ძალისმიერ დარტყმებზე ახორციელებდა.
გაშვებული სამი ქულის შემდეგ, “ყოჩებმა” თამაში განაახლა, ბურთი მოიპოვა, ახლა “ლელო” დაჯარიმდა და მახარაშვილმა 22-ის ხაზიდან წონოსწორობა აღადგინა. მე-12 წუთზე, “ყოჩები” მოლში გვერდიდან შესვლისთვის დაჯარიმდა და ყიასაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო კიდევ ოთხ წუთში, “ლელომ” საკუთარი დერეფანი მოიგო, ბურთი სწრაფად გაათამაშა, ხმალაძემ ხაზი გაჭრა და თითქმის ძელებსშუა ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა - 13:3. 21-ე წუთამდე ყიასაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გამოიყენა და საკუთარი გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა, მაგრამ “ყოჩები” დანებებას არ აპირებდა. მათ დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანეს, მოკლე დარტყმებით, დაახლოებით 7-8 მეტრა დაფარეს და არჩუაშვილმა საპასუხო ლელო მიითვალა, მახარაშვილმა კი, რეალიზაციით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა. გატანილმა ლელომ “ყოჩებს” საკუთარი თავის რწმენა შემატა, თავგანწირვის ხარჯზე, ისინი მეტოქის გარღვევების შეჩერებას ახერხებდნენ და შესვენებამდე ქულა ვერცერთმა გუნდმა ვეღარ აიღო - 19:10.
მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო. “ლელო” მეტოქეს სწრაფი გარღვევებით, ფლანგების ხშირი ცვლით ღლიდა. 47-ე წუთზე, ხოსიტაშვილმა საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს თამაშგარიდან შეგნებულად ითამაშა. ამით გუნდი ლელოსგან იხსნა, მაგრამ თავად სინბინი დაიმსახურა, ყიასაშვილმა კი ჯარიმა გამოიყენა. ერთ წუთში უკვე “ლელო” დაჯარიმდა და შეცვლაზე შესულმა ვასაძემ, 42 მეტრიდან პირველი ტაიმის სტატუს-ქვო აღადგინა. კაცმეტმა “ლელომ” რიცხობრივი უპირატესობა 53-ე წუთზე გამოიყენა. საკუთარი დერეფნის მოგების შემდეგ, ლელოელები მეტოქეს მოლით მიაწვნენ, დაახლოებით 22 მეტრი გაიარეს და მძინარიშვილმა ლელო მიითვალა, ყიასაშვილმა კი - გარდასახვა.
ამას კვლავ “ყოჩების” გააქტიურება მოყვა, რომელთაც მსაჯმა განუსაზღვრელი უპირატესობა მისცა. თამაში “ლელოს” ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა და რეფერიც დამცველებს გამუდმებით აჯარიმებდა. ერთხელ “ყოჩებმა” მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევაც შეძლეს, მაგრამ იქ ბურთი წინ გადაუვარდათ, მაგრამ უპირატესობა ჰქონდათ და ახლიდან სცადეს. ბოლო-ბოლო მიძალებამ გაჭრა და გრძელიშვილმა ლელო, ხოლო მახარაშვილმა რეალიზაციით თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. ეს სულ ორ წუთს გაგრძელდა. 70-ე წუთზე, “ლელომ” სწრაფი გარღვევა განახორციელა, ხაზი გაჭრა და ანდღულაძემ ლელო გაიტანა, ყიასაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა და “ლელოს” 36:20 მოაგებინა.
მომდევნო ტურში ერთმანეთს ორი “ნაომარი” გუნდი შეხვდება. დაუმარცხებელი “აია” მასპინძლის რანგში “ლელოს” დაუხვდება და ჩემპიონის დამარცხებით საჩემპიონო ამბიციის დადასტურებას კიდევ ერთხელ ეცდება.

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
5 მაისი. ხუთშაბათი
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 300

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 18:21 (12:15)
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ქავთარაძე, 13. ხუციშვილი, 12. ხაჩირაშვილი (ბერძენიშვილი 58), 11. კავთიძე (ჟამუტაშვილი 53), 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. ოზგებაშვილი, 5. გუჯარაიძე, 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე, 8. ზ. მაისურაძე.
6 ჯარიმა: კვინიხიძე
აია: 15. ხამაშურიძე, 14. აბრამიძე, 13. ი. ჩხიკვაძე (გოგლიჩიძე 77), 12. ი. გიორგაძე, 11. გოშაძე, 10. სინაურიძე, 9. გოგია (შერვაშიძე 49); 1. ლომიძე, 2. გურეშიძე, 3. ტ. ჩხიკვაძე (მატკავა 67), 4. მეტრეველი (ცირეკიძე 62), 5. ჩიტაიშვილი, 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. დგებუაძე (ძაგნიძე 16; ჟვანია 74).
7 ჯარიმა: სინაურიძე
სინბინი: გოგია

თბილისი. “ავჭალა”.
ლელო (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 36:20 (19:10)
ლელო:
15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. თოდუა (ლომინაძე 56), 12. ანდღულაძე, 11. მჭედლიშვილი (ჭინჭარაული 37), 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია (კვერნაძე 39), 3. პატარაია, 4. ხორბალაძე, 5. ი. დაუშვილი (მძინარიშვილი 41), 6. დ. დაუშვილი, 7. სარდანაშვილი (ჯვარშეიშვილი 70), 8. აზალაძე (კოლელიშვილი 51).
3 ლელო: ხმალაძე, მძინარიშვილი, ანდღულაძე
3 გარდასახვა: ყიასაშვილი
5 ჯარიმა: ყიასაშვილი
ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. კობერიძე, 13. ინაშვილი, 12. ადანაია (მაისურაძე 45), 11. ნიჟარაძე (გეგენავა 64), 10. გაბუნია (ვასაძე 41), 9. ბეგაძე (ხელაძე 54); 1. გოგიშვილი (ანთიძე 44), 2. მამუკაშვილი, 3. ხოსიტაშვილი, 4. ბელაშვილი, 5. არჩუაშვილი (წიკლაური 80), 6. ცხვედიანი (ცუცქირიძე 68), 7. გრძელიშვილი, 8. ილიაევი.
2 ლელო: არჩუაშვილი, გრძელიშვილი
2 გარდასახვა: მახარაშვილი
2 ჯარიმა: მახარაშვილი, ვასაძე
სინბინი: ხოსიტაშვილი
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 9:5
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური).
არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 22:22
 

1 აია 4 4 0 0 113-37 8
2 ლელო    4 3 0 1 120-74 6
3  არმია        4 2 1 1 84-86 5
4 ლოკომოტივი 4 2 0 2 96-81 4
5  არმაზი 4 2 0 2 70-95 4
6 აკადემია  4 1 1 2 63-80 3
7  ხარები 4 1 0 3 44-86 2
8 ყოჩები 4 0 0 4 69-121 0


მომდევნო ტური
10 მაისი:
ყოჩები - არმია, აია - ლელო, ხარები - ლოკომოტივი, აკადემია - არმაზი
 

 

ზურა ქსოვრელი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142007