საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელ მამუკა გორგოძის სასამართლო გარჩევა 24 მაისისთვის გადაიდო.
ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 26 წლის გორგოძეს “ტულონის” პრეზიდენტი, მულტიმილიონერი მურად ბურჯელალი უჩივის, მას ბრალს კონტრაქტის პირობების დარღვევაში სდებს და კომპენსაციის სახით, მილიონ ნახევარ დოლარს ითხოვს.
მიმდინარე სეზონის წინ, გორგოძემ, რომელსაც მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში, ტულონელებთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან ამ გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა, მოგვიანებით, მან “მონპელიესთან” მოქმედი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ამ ზაფხულს ეწურებოდა, კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა.
“მზად ვიყავი, მისთვის დახმარების ხელი გამეწვდინა, მაგრამ ამისათვის მისი სურვილიც იყო საჭირო. არავინ არ მძულს და უბრალოდ, ისე ვიქცევი, როგორც მსგავს სიტუაციაში ჩვენ მოგვექცეოდნენ. არსებობს პრინციპები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. დამიჯერეთ, თუ გორგოძეს დასჯიან, ამით სიამოვნებას სულაც არ მივიღებ” - ირწმუნება ბურჯელალი.
სასამართლო მოსმენა ამ კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ გორგოძის დამცველების მოთხოვნით, ის 24 მაისისთვის გადაიდო. აღსანიშნავია, რომ Top 14-ის მიმდინარე გათამაშების რეგულარული პირველობის ბოლო ტურის მატჩში, გორგოძის “მონპელიე” სწორედ “ტულონს” მასპინძლობს და მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ის საჩემპიონო რბოლის მიღმა დატოვოს და საუკეთესო ექვსეულში ადგილი თავად დაიკავოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია