საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში, ყველაზე ქართულმა გუნდმა, “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “ტულონს” 27:3 მოუგო და საფლეიოფო ექვსეულში თავისი ადგილი დაიკავა.
დებულების თანახმად, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფლეი ოფში 6 საუკეთესო გუნდი განაგრძობს. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პირველი ეტაპისგან თავისუფლები არიან. წინასწარ ნახევარფინალებში მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხე მეხუთეს ერთმატჩიან დუელში მასპინძლობს. წინასწარ ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები, ასევე ერთმატჩიან შეხვედრებში პირველ-მეორე გუნდებს სტუმრად ეთამაშებიან, ხოლო იქ გამარჯვებულები, ასევე ერთმატჩიან ფინალში ჩემპიონს ავლენენ.
ბოლო ტურის წინ, “მონპელიე” საუკეთესო ექვსეულს მიღმა იყო და ზუსტად იცოდა, რომ “ტულონთან” გამარჯვება, ოღონდ ისე, რომ მეტოქეს პრემიალური ქულა ვერ აეღო, მათ ექვსეულში მოხვედრას გაუნაღდებდა. ჰოდა, “მონპელიემ” საოცარი მონდომებით ითამაშა - განსაკუთრებით ძლიერად დაცვაში და სწორედ დაცვის სიძლიერემ განაპირობა ის შედეგი, რომელსაც მასპინძლებმა მიაღწიეს. აღნიშვნის ღირსია სტადიონზე შექმნილი განსაკუთრებული ატმოსფერო. გადაჭედილი ტრიბუნები ერთი წამითაც არ გაჩერებულა და მთელმა შეხვედრამ სიმღერის ფონზე ჩაიარა.
ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ მამუკა გორგოძესთვის. მას “ტულონის” პრეზიდენტი, წინასწარი კონტრაქტის პირობის დარღვევისთვის, მილიონნახევარს ედავება და ქართველ “გორგოძილას”, ზემოაღნიშნული პირის თავისებურად დასჯის შანსი ეძლეოდა. გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და იმ 70 წუთში, რაც მოედანზე გაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას პირველ ტაიმში ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში, ბოჭვისას, ბურთი წინ გადაუვარდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და ასევე 70 წუთი ითამაშა შერკინების პირველხაზელმა გიორგი ჟღენტმა და გორგოძის მსგავსად, ისიც აქტიური იყო. განაცხადში ვერ მოხვდნენ გოდერძი შველიძე და გიორგი ჩხაიძე.
“მონპელიემ” თამაში აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინების უფლება მიიღო. ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, არგენტინელი მოიანოს შეკავება მცველმა ვერ მოახერხა და მე-4 წუთზე მასპინძლებმა ლელო დადეს, რასაც ლელოს ავტორმა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა. “ტულონმა” ერთადერთი საპასუხო ჯარიმა მე-10 წუთზე გაიტანა, როდესაც გორგოძემ მეტოქე სახიფათოდ შებოჭა და უილკინსონმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ, ბურთს უმეტესად “მონპელიე” აკონტროლებდა, “ტულონს” სხვაობის შემცირების შანსი შორეული ჯარიმებით ეძლეოდა, მაგრამ უილკინსონს იმ დღეს არ უმართლებდა.
37-ე წუთზე, მოედანზე სტუმართა ქართველი პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილიც გამოჩნდა, რომელმაც ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. მიუხედავად მასპინძელთა სათამაშო უპირატესობისა, მათ ქულების მოპოვება მხოლოდ ტაიმის მიწურულს, ჯარიმით მოახერხეს და შესვენებაზე გასვლისას 10:3-ს იგებდნენ.
მე-2 ნახევრის საწყისი 10 წუთი “ტულონმა” კარგად ჩაატარა, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა, მერე კი, კვლავ “მონპელიემ” იმძლავრა და 55-ე წუთზე, თავისი მე-2 ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა.
შემდეგი 3 ქულა მასპინძლებმა 70-ე წუთზე, ჯარიმით მიითვალეს, ხოლო კიდევ სამ წუთში მე-3, პრემიისმომტანი ლელო გაიტანეს, რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა “მონპელიემ” 27:3 იმარჯვა. ამრიგად, მასპინძლებმა გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მე-6 საფეხურს მაინც ვერ ასცდნენ.
“ტულონს” ფლეი ოფში მოხვედრის შანსი მაინც ჰქონდა, მაგრამ პარალელურ შეხვედრებში მისმა ორივე კონკურენტმა იმარჯვა - “ბიარიცმა” “ბურგონს” 22:18, ხოლო “ბაიონმა” “ლა როშელს” 30:17 აჯობა და ქუბრიაშვილის გუნდი მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.
წინასწარ ნახევარფინალში, “მონპელიეს” მეტოქე აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” იქნება, რომელმაც “პერპინიანი” სტუმრად 29:10 დაამარცხა და ქართველი ლეგიონერების კლუბებიდან რეგულარულ პირველობაში საუკეთესო ადგილი დაიკავა. უმოტივაციო “პერპინიანს” თავი დიდად არ გამოუდვია. სტუმრებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მერე ლელო გაიტანეს, ზედ რეალიზაცია მიაყოლეს და მე-13 წუთზე, 10:0 დაწინაურდნენ. “პერპინიანმა” საპასუხო ლელო მალევე გაიტანა, მაგრამ რეალიზაციით ვერ იხეირა, შესვენებამდე 5 წუთით ადრე კი, “კასტრმა” თავისი მე-2 ლელო დადო და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, პირველი ნახევარი 17:5 მოიგო.
სტუმრებმა მე-3 ლელო 47-ე წუთზე გაიტანეს და კიდევ უფრო დაწინაურდნენ. მერე შეცვლების დრო დადგა და “პერპინიანმა” თავისი მე-2 ლელო მხოლოდ 67-ე წუთზე მიითვალა. “კასტრმა” ბოლო სიტყვა თავისთვის დაიტოვა, მსაჯის დამატებულ წუთებზე მორიგი ლელო მიითვალა, რეალიზაციაც ზუსტი იყო და მან 29:10 იმარჯვა. აქვსენტი გიორგაძე თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ხოლო ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. ახლა “კასტრი” თოთხმეტ მაისს “მონპელიეს” უმასპინძლებს და ქართველი ლეგიონერების გუნდების დაპირისპირებაში ერთ-ერთი მათგანი ნახევარფინალში ითამაშებს.
რეგულარული პირველობის ლიდერ “ტულუზასთან” დამარცხდა დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, მაგრამ მე-4 ადგილი მაინც შეინარჩუნა და ცამეტ მაისს, “ბიარიცთან” მასპინძლის უპირატესობა ექნება. შეხვედრას 35 ათასი მაყურებელი დაესწრო და ანგარიში “კლერმონმა” 25-ე წუთზე ჯარიმით გახსნა, თუმცა, სამიოდე წუთში ლელო გაუშვა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა და მდევრის როლში აღმოჩნდა. ტაიმის მიწურულს, “ტულუზა” სინბინით დაისაჯა, მაგრამ კაცნაკლულმა გაძლო, მე-2 ტაიმის დებიუტში კი, ჯარიმით ქულები თავად მოიპოვა. პარამ თავისი მეორე ჯარიმა 48-ე წუთზე გაიტანა და ჩამორჩენა კვლავ ოთხ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ სტუმრებმა მონაგარს ვეღარაფერი შეჰმატეს, მასპინძლებმა ტაიმის შუაწელს კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 16:6 იმარჯვეს. ქართველი პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა.
ქართული დერბი შედგა ცხრილის ქვედა ნაწილშიც. უმოტივაციო “აჟენმა” ასევე უმოტივაციო “ბრივს” უმასპინძლა და 36:10 დაამარცხა. ამ გუნდებმა რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს Top 14-ში დარჩენა. მასპინძელთა რიგებში, ბექა შეყლაშვილი მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო სტუმართა შორის, შესვენების შემდეგ ითამაშა ვასილ კაკოვინმა. დავით ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 82, 2. რასინგ მეტრო - 78, 3. კასტრი - 76, 4. კლერმონი - 72, 5. ბიარიცი - 72, 6. მონპელიე - 72, 7. ბაიონი - 71, 8. ტულონი - 70, 9. პერპინიანი - 63, 10. აჟენი - 51, 11. სტად ფრანსე - 49, 12. ბრივი - 46, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგონი - 6.
წინასწარი ნახევარფინალები
13 მაისი
1. კლერმონი - ბიარიცი
14 მაისი
2. კასტრი - მონპელიე
ნახევარფინალები
27 მაისი
ტულუზა – პირველი მატჩის გამარჯვებული
28 მაისი
რასინგ მეტრო – მეორე მატჩის გამარჯვებული
ფინალი. 4 ივნისი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია