ამბები

17:47 | 9.05.2011 | ნანახია 3073 - ჯერ

დიდი შესვენების წინ - ფოთში ლიდერთა ჯახია

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი, ხვალიდან ერთთვიან არდადეგებზე გადის, მანამდე კი, ფოთში, უფრო ზუსტად, მალთაყვაში, ქუთაისის “აია” და თბილისის “ლელო” გაარკვევენ, ერთი ლიდერი ეყოლება ეროვნულ პირველობას დიდ შესვენებაზე, თუ - ორი.

ქუთაისელი რაგბის გულშემატკივართა სამწუხაროდ, მათ ქალაქში “აიასთვის” სტადიონი ვერ მოიძებნა და საყვარელი გუნდის თამაშების სანახავად, ათეულობით კოლომეტრის გავლა უწევთ, რასაც ბუნებრივია, ყველა ვერ ახერხებს. ამით, ქომაგთან ერთად, გუნდიც ზარალდება (მას ხომ მხარდამჭერთა დიდი არმია აკლდება), მაგრამ უკვე იმდენი ხანია ქუთაისს დიდი რაგბი არ ღირსებია, რომ “აიასთვის” ეს ჩვეულ ამბად იქცა. ამასთან, რიკოთს იქით მაინც “აიას” ტერიტორიაა, ვიდრე ნებისმიერი თბილისური გუნდისა და ამრიგად, მიმდინარე გათამაშების ლიდერს პირველი ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი ეძლევა.
“აია” ის გუნდია, რომელმაც გასულ წელს “ლელოს” ორივე შეხვედრაში აჯობა და თბილისელებს რევანში სწყურიათ, თანაც, გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ქუთაისელებს ქულებით გაუთანაბრდებიან და ურთიერთშეხვედრაში მოგების გამო, დიდ შესვენებაზე პირველი ადგილით გავლენ. ამის გაკეთება თბილისელებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ხუთდღიანი ციკლით (30 აპრილი – 5 მაისი) გამართულ მატჩებში მძიმე ბრძოლები გადაიტანა. ის ჯერ “არმიასთან” დამარცხდა 21:23, მერე აუტსაიდერი “ყოჩებიც” მაგრად ეომა, მაგრამ “ლელომ” მაინც იმარჯვა - 36:20, თუმცა, აქ მთავარი ისაა, რომ რამდენიმე მორაგბე დაშავდა და რამდენად შეძლებენ ისინი აღდგენას და ხუთდღიანი ციკლის მე-3 მატჩში მონაწილეობას, ჯერჯერობით, უცნობია.
ეს ციკლი “აიამ” შედარებით იოლად დაფარა. ქუთაისელებმა, წინა ტურში ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივი” დაძაბულ ბრძოლაში, 21:18 დაამრცხეს, მანამდე კი, “არმაზს” ფოთში იოლად სძლიეს - 36:16. წლეულს, ქუთაისლებმა ოთხივე შეხვედრაში იმარჯვეს. ამ ხუთდღიან ციკლამდე “აკადემიას” 21:3, ხოლო მანამდე, რუსთავის “ხარებს” 35:0 აჯობეს. განვლილ ოთხ ტურში “ლელო” მხოლოდ “არმიასთან” დამარცხდა და ისიც იმიტომ, რომ ბოლო წუთებზე, მაშინ, როდესაც სულ რაღაც ორ ქულას აგებდა, კარგი პოზიციიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოს გატანა ამჯობინა... მანამდე, “ლელომ” ჯერ “არმაზი” დაჯაბნა 36:12, ხოლო მერე ქვეყნის ჩემპიონ “ლოკომოტივს” 27:19 სძლია. რაც შეეხება გასული წლის შეხვედრებს, პირველ წრეში, “აიამ” გორში 30:26 იმარჯვა, მე-2 წრეში კი, ფოთში მეტოქე დამაჯერებლად - 31:18 დასცა. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ამჯერად ფოთი ქუთაისელებისთვის, 17:00 საათიდან გამოჩნდება.
V ტურის პირველი შეხვედრა რუსთავში, “ტექნიკუმის” მოედანზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი “ხარები” “ლოკომოტივს” დაუხვდება. ამ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ - პირველი უძლიერესთა შორის დასარჩენად, მეორე კი, ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის. “ლოკომოტივმა” წლეულს ჩემპიონატში გამართული 4 შეხვედრიდან ორში მარცხი განიცადა, ორჯერვე ლიდერებთან - “ლელოსთან” (19:27) და “აიასთან” (18:21) დამარცხდა. სამაგიეროდ, დაამარცხა “არმია” (26:16) და “ყოჩები” (33:17). “ხარების” ანგარიშზე მხოლოდ ერთი მოგებაა და ისიც “ტექნიკუმის” მოედანზე, როდესაც მე-3 ტურში “აკადემიას” 22:19 სძლია. სამაგიეროდ, რუსთაველები გასვლით შეხვედრებში ვერ ვარგობენ და სტუმრად ჩატარებული სამივე თამაშში დამარცხდნენ - “აიასთან” (0:35), “არმიასთან” (17:23) და “არმაზთან” (5:9).
და მაინც, მათ თამაშში პროგრესი შეინიშნება და საკუთარი გულშემატკივრის გახარებას კიდევ ერთხელ ეცდებიან. შარშან “ლოკომოტივმა” რუსთავში 32:6 იმარჯვა, მაგრამ მე-2 წრეში “ხარებმა” რევანშის აღება მოახერხა - 26:25.
წლევანდელ ჩემპიონატში ერთადერთი მოუგებელი გუნდი “თბილისის “ყოჩები”, “შევარდენის” სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე “არმიას” შეჩერებას ეცდება. შემადგენლობის მხრივ, “არმია” საჩემპიონო გუნდების რიცხვს კი განეკუთვნება, მაგრამ თამაშის ხარისხი, ჯერჯერობით, მთლად სათანადო ვერ არის. არმიელებმა “ხარებს” (23:17) და “ლელოს” (23:21) კი მოუგეს, მაგრამ “ლოკომოტივთან” დამარცხდნენ (16:26), გასულ ტურში კი, “აკადემიას” ვერ აჯობეს და მასთან ქულა გაიყვეს - 22:22. “ყოჩებმა” ჯერჯერობით ყველა შეხვედრა დათმო (“აკადემიასთან” 15:19, “არმაზთან” და “ლოკომოტივთან” 17:33, “ლელოსთან” 20:36), მაგრამ მისი მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძე, მეტოქეთათვის სიურპრიზების შეთავაზებითაა ცნობილი და მომავალ დაპირისპირებაშიც საინტერესო ბრძოლა უნდა შედგეს.
ტურის ბოლო შეხვედრა “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 17:30 საათზე დაიწყება და “აკადემია” “არმაზს” დაუპირისპირდება. მათ იციან, რომ ერთმანეთთან ქულათა მაქსიმუმი უნდა აგროვონ, რათა სეზონის ბოლოს საქმე გადასარჩენად არ ჰქონდეთ და ამასთან, ვინ იცის, იქნებ საუკეთესო ოთხეულში გაღწევის შანსიც გაუჩნდეთ. დღეისათვის, “არმაზი” უკეთეს მდგომარეობაშია, რომელმაც 2 თამაში მოიგო (“ყოჩებთან” 33:17 და “ხარებთან” 9:5) და ამდენჯერვე დამარცხდა (“ლელოსთან” 12:36 და “აიასთან” 16:36). “აკადემიას” 2 მარცხის (“აიასთან” 3:21 და “ხარებთან” 19:22) პარალელურად, თითო-თითო მოგება და ფრე აქვს (“ყოჩებთან” 19:15 და “არმიასთან” 22:22). გასულ წელს, “არმაზმა” “აკადემიას” პირველ წრეში 10:5 მოუგო, მე-2 წრეში კი მასთან ფრე - 22:22 ითამაშა.
ამრიგად, ხვალ დასრულდება ერთგვარი “ბოქს-რაუნდი”, რომლის დროსაც გუნდებს თერთმეტ დღეში სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწიათ და დადგება 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფით” გამოწვეული ერთთვიანი დასვენების დრო. ეროვნული ჩემპიონატი თერთმეტ ივნისსღა განახლდება და გუნდებთან ერთად მაყურებელიც ამოისუნთქებს, რადგანაც თამაშები ბუნებრივსაფარიან მოედანზე ჩატარდება და მაყურებელს მათზე თვალის დევნება ტრიბუნებიდან (და არა ფეხზე მდგომს) შეეძლება.  

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
10 მაისი. სამშაბათი. V ტური
რუსთავი. “ტექნიკუმი”. 15:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი” (ხელოვნური). 17:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - არმია (თბილისი)
ფოთი. მალთაყვა. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 17:30 საათი
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
 

1 აია 4 4 0 0 113-37 8
2 ლელო    4 3 0 1 120-74 6
3   არმია   4 2 1 1 84-86 5
4  ლოკომოტივი 4 2 0 2 96-81 4
5 არმაზი    4 2 0 2 70-94 4
6   აკადემია 4 1 1 2 63-80 3
7  ხარები 4 1 0 3 44-86 2
8 ყოჩები 4 0 0 4 69-121 0



 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082752