ამბები

18:17 | 12.05.2011 | ნანახია 2762 - ჯერ

რობინსონმა ორმოცი მოინიშნა

 

2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, შოტლანდიის მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, ის ორმოცი მორაგბე დაასახელა, რომლთაგანაც ოცდაორ აგვისტოს, ოცდაათ საუკეთესოს შეარჩევს და ახალ ზელანდიაში ათამაშებს.

სქოთებს ბოლო პერიოდში პრობლემები მიეძალათ, რაც იმითაც გამოიხატა, რომ წლევანდელ “ექვს ერზე” ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს და ისიც იმიტომ, რომ ბოლო ტურში იტალიას საკუთარ მოედანზე აჯობეს და მას დამატებითი მაჩვენებლით გადაასწრეს. შოტლანდიელები მზადებას ოც ივნისს დაიწყებენ და ექვს აგვისტოს, ძალებს - ირლანდიასთან, ხოლო ოც აგვისტოს იტალიასთან მოსინჯავენ, რის შემდეგაც რობინსონი საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი დებიუტანტია: “გლაზგოს” მორკინალები - 20 წლის რობერტ ჰარლი და 25 წლის რაიან გრანტი, “ედინბურგის” 21 წლის მორკინალი დევიდ დენტონი და “ბათის” 23 წლის უკანახაზელი ჯეკ კათბერტი. ორმოც მორაგბეში, თითქმის ნახევარს (19-ს) მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილება არ აქვს. რობინსონის კანდიდატებს შორის, ყველაზე გამოცდილი ედინბურგელი კრის პატერსონია. მას შეუძლია, რომ პირველი შოტლანდიელი მორაგბე გახდეს, რომელსაც ოთხ მსოფლიო თასზე ექნება ნათამაშები, ოღონდ, ჯერ მწვრთნელს თავი უნდა მოაწონოს და ტრავმებს თავი აარიდოს.     
“გამოცდილი და პერსპექტიული მორაგბეების შესანიშნავი ნაზავი შევარჩიეთ. ახლა, ამ მოთამაშეების ამოცანაა, რომ მსოფლიო თასს ფორმის პიკში შეხვდნენ, რათა თავიანთი თავი, ოჯახის წევრები, მეგობრები და მთელი ქვეყანა, შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში ნაჩვენები თამაშით გააბედნიერონ და მათ ამაყად, თავწეული სიარულის საშუალება მისცენ. განვლილ ექვს მსოფლიო თასზე, შოტლანდია მუდამ ახერხებდა მეოთხედფინალში გასვლას და ჩვენი მთავარი ამოცანა ახლაც ეს იქნება, მერე კი, ვნახოთ. მზადებას ოც ივნისს, შოტლანდიურ კლუბებში მობურთალი მორაგბეებით დავიწყებთ და პირველ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა, მათი ფიზიკური კონდიციების ამაღლება იქნება. ვიმედოვნებ, ლეგიონერებიც მალე შემოგვიერთდებიან და შემდეგ კომბინაციური თამაშის დახვეწაზე ვიზრუნებთ” - განაცხადა რობინსონმა.

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ახალ ზელანდიაში, თოთხმეტ სექტემბერს, ინვერქარგილში დაუპირისპირდება. მანამდე, ათ სექტემბერს, სქოთები ასევე ინვერქარგილში რუმინეთს ეთამაშებიან, ოცდახუთ სექტემბერს, ველინგტონში არგენტინის დაუპირისპირდებიან, ჯგუფის ბოლო მატჩს კი, პირველ ოქტომბერს, ოქლენდში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ.

შოტლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
უკანა ხაზი:
ჯო ენსბრო (“ნორთჰემპტონი”, ინგლისი), მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, ნიკ დე ლუკა, გრეგ ლაიდლოუ, კრის პატერსონი (ყველა “ედინბურგი”, შოტლანდია), კრის კასიტერი, მაქს ევანსი, რუარიდ ჯექსონი, გრემ მორისონი (ყველა “გლაზგო”, შოტლანდია), ჯეკ კათბერტი (“ბათი”, ინგლისი), საიმონ დენიელი (“ოლსტერი”, ირლანდია), რორი ლამონტი (“ტულონი”, საფრანგეთი), შონ ლამონტი (“სკარლეტსი”, უელსი), რორი ლოუსონი (“გლოსტერი”, ინგლისი), დენ პარქსი (“კარდიფი”, უელსი), ჰუგო საუთვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ნიკი ვოლკერი (“ოსპრეი”, უელსი);
შერკინება: ჯონ ბარკლი, ჯონ ბიტი, რაიან გრანტი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, რობერტ ჰარლი, ალისტერ კელოკი, მურეი ლოუ, ფერგუს თომსონი, რიჩი ვერნონი, (ყველა “გლაზგო”, შოტლანდია), გოფ კროსი, დევიდ დენტონი, როს ფორდი, ალენ იაკობსენი, როს რენი (ყველა “ედინბურგი” შოტლანდია), ალასდაირ დიკინსონი, ჯიმ ჰემილტონი, სკოტ ლაუსონი, ალასდაირ სტროკოში (ყველა “გლოსტერი”, ინგლისი), კელი ბრაუნი (“სარაცინი”, ინგლისი), ნათან ჰაინესი (“ლენსტერი”, ინგლისი), ეან მიურეი (“ნიუკასლი”, ინგლისი).
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080857