24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, თბილისი ქვიშის რაგბის ტურნირს უმასპინძლებს. 12 დღის განმავლობაში, თვალსასეირო თამაშები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ ტურნირისთვის გაკეთებულ მოედანზე გაიმართება. საქართველოს რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტურნირში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება, ოღონდ, გუნდებმა რეგისტრაცია მომავალ კვირაში უნდა გაიარონ.
ორგანიზატორებმა ტურნირი სამ ეტაპად დაყვეს. პირველში 1997-98 წლებში დაბადებული ბავშვები ჩაერთვებიან, მეორეში - უფროსი ასაკის მოყვარული მორაგბეები, ხოლო მესამეში - მედია საშუალებები.
“ქვიშის რაგბი სხვა სარაგბო დისციპლინებისგან გუნდის განაცხადის სიმცირით, მოკლე სათამაშო დროით და დინამიზმით გამოირჩევა. მაყურებელთა გახალისებაზე დიჯეი ზრუნავს, მუსიკა თამაშების დროსაც არ ჩერდება, შეხვედრებს შორის კი, მოკლე შოუები ეწყობა. საქართველოში მსგავსი ტურნირი უკვე არაერთხელ ჩავატარეთ და შეჯიბრებამ ყოველთვის უმაღლეს დონეზე ჩაიარა. იმედია გამონაკლისი არც მომავალი თბილისური ტურნირი იქნება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” – საქართველოს ქვიშის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ზურაბ დუგლაძემ.
დაბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ბათუმში, ქვიშის რაგბის ტრადიციული ქართული ფესტივალი გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია