ამბები

15:08 | 14.05.2011 | ნანახია 2703 - ჯერ

ზირაქაშვილი და მისი “კლერმონი” ნახევარფინალშია

საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი, შერკინების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ამ დროისთვის მისი გუნდი “ბიარიცთან” თერთმეტ ქულას აგებდა, მაგრამ მერე “კლერმონმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს 21 უპასუხო ქულა გაუკეთა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მეოთხედფინალურ შეხვედრას, რომელიც კლერმონის “სტად მარსელ მიხელენმა” უმასპინძლა, 16794 მაყურებელი დაესწრო და მათ მიერ შექმნილმა განსაკუთრებულმა ატმოსფერომ, მასპინძელთა გამარჯვება დიდწილად განაპირობა. შეხვედრა “ბიარიცის” შეტევებით დაიწყო და ისინი “კლარმონის” ჩათვლის მოედანს ათ მეტრამდეც მიუახლოვდნენ, მაგრამ გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მეტოქე ფიზკურად დაჯაბნა, მერე სტუმრებმა ბურთის გაშლა განიზრახეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და სიტუაცია განიმუხტა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ “კლერმონი” მეტოქეს ფიზიკურად ჯაბნიდა და მე-14 წუთზე, სტუმრები შერკინებაში დაჯარიმდნენ, ენტონი ფლოქმა კი ანგარიში გახსნა.
მიუხედავად ამისა, პირველ ნახევარში “ბიარიცი” უკეთ გამოიყურებოდა და მე-20 წუთზე, ქართული წარმოშობის ფრანგმა, დიმიტრი იაშივლა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. ამას კვლავ სტუმრების შეტევები მოყვა, მასპინძლები თავს დიდი ძალისხმევის ხარჯზე იცავდნენ და ორივე გუნდი უდიდეს ძალას ხარჯავდა. თითქოს “კლერმონმა” თამაშის სადავეების დაბრუნება მოახერხა, მაგრამ 30-ე წუთზე, ჩასაფრებულმა იაშვილმა მომენტი დაიჭირა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია თავადვე მიაყოლა. მასპინძლებმა მორიგი შეცდომა 37-ე წუთზე დაუშვეს, როდესაც შეტევაში ბურთი დაკარგეს და მეორე ლელო მიიღეს, იაშვილის გარდასახვის შემდეგ კი, ანგარიში 17:3 გახდა. “კლერმონმა” ძალები მოიკრიბა და ზედ შესვენების წინ, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც მორგან პარამ სამ ქულად აქცია და “ბიარიცმა” ტაიმი 11-ქულიანი უპირატესობით დაასრულა.
სიტუაცია ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ “კლერმონის” მორაგბეებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და მეორე ნახევარში მეტოქე ფიზიკურად სრულად დაჯაბნეს. ეს ცვლილებებმაც გამოიწვია. მასპინძლებმა 44-ე წუთზე - ორი, ხოლო 48-ეზე მესამე პირველხაზელიც შეცვალეს. ზირაქაშვილი მოედანზე 44-ე წუთზე გამოჩნდა და მისი და მისი თანაგუნდელების აქტიურობამ, მოედანზე სურათი საგრძნობლად შეცვალა. მასპინძლები რაქიდან მოკლე-მოკლე დარტყმებით უტევდნენ და მეტოქეს ყველა ჯერზე თითო ნაბიჯით უკან დახევას აიძულებდნენ. გარდამტეხი მომენტი 56-ე წუთზე დადგა, როდესაც ბევრჯერ დაჯარიმებისთვის, რეფერიმ ბასკებს ინგლისელი ბოლო მცველი ბალშო გაუსინბინა და “ბიარიცი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა.
“კლერმონმა” ჩვეულ სტილში განაგრძო თავდასხმა, სულ რაღაც ერთ წუთში, ბრუკ ჯეიმსმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, მორგან პარამ კი, რეალიზაცია გამოიყენა და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანა. მასპინძლებმა საკუთარ სტილს არ უღალატეს და კვლავ ძალისმიერად შეუტიეს. “ბიარიცის” მორაგბეები ჩათვლის მოედნის ხაზზე განლაგდნენ და თავს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მალე მოედანზე დასვენებული ფიჯელი მურიმურივალუ გამოჩნდა, რომელმაც საკუთარი გუნდის თამაშში მეტი სიხალისე შეიტანა და 68-ე წუთზე, ლაპანდრიმ მეორე ლელო გაიტანა. მსაჯმა ვიდეორეფერი ითხოვა და ლელო დიდი განხილვის შემდეგ ჩათვალა, პარამ კი, მასპინძელთა უპირატესობა გარდასახვით სამ ქულამდე გაზარდა - 20:17. “ბიარიცის” საქმე წასული იყო, მაგრამ მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, “კლერმონი” კიდევ ერთხელ მიეძალა, ზირაქაშვილისა და ვერმეულენის დარტყმების შემდეგ, ბურთი კანალემ აიტაცა, ხაზი ძალისმიერად გაჭრა და მელზუს მესამე ლელო ძელებსშუა გაატანინა, ხოლო ბრუკ ჯეიმსმა რეალიზაცია გამოიყენა და 74-ე წუთზე ანგარიში 27:17 გახდა.
ამრიგად, საფრანგეთის ჩემპიონმა ხასიათის სიმტკიცისა და ფიზიკური ძალის წყალობით, ნახევარფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე, რეგულარული პირველობის გამარჯვებული “ტულუზა” იქნება. ამჯერად, “კლერმონს” ზურგს საკუთარი გულშემატკივარი აღარ გაუმაგრებს და ფინალში გასასვლეად მეტი ძალისხმევა დასჭირდება. შეხვედრა ოცდაშვიდ მაისს, მარსელში გაიმართება და ზირაქაშვილსა და მის თანაგუნდელებს, “ბიარიცთან” გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ძალების აღსადგენად ორ კვირაზე მეტი ექნებათ.

 

ზურა ქსოვრელი 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074121