ამბები

15:16 | 15.05.2011 | ნანახია 3171 - ჯერ

ქართველების “მონპელიემ” ისტორია გადაწერა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში, 4 ქართველის “მონპელიემ” “კასტრი” “პიერ ანტუანზე” სენსაციურად დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.
რეგულარულ პირველობაში “კასტრი” ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი იყო, რომელსაც საკუთარ მოედანზე თამაში არ წაეგო და იგივეს გაკეთება წინასწარ ნახევარფინალშიც ეწადა, მაგრამ “მონპელიე” “კერკეტი კაკალი” აღმოჩნდა. სტუმრებს ლელო არ გაუტანიათ, თავად 2 მიიღეს, მაგრამ ბოლო წუთზე, მასპინძელთა დამრტყმელს გასატანი გაუფუჭდა, რამაც “კასტრს” ნახევარფინალში თამაშის შანსი დაუკარგა.
თავიდანვე გეტყვით, რომ “კასტრის” განაცხადში არ იყვნენ აქვსენტი გიორგაძე და ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო “მონპელიეს” განაცხადში ისევ ვერ მოხვდნენ გიორგი ჩხაიძე და გოდერძი შველიძე. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელი გიორგი ჟღენტი და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე.
შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და ლელოც მალევე გაიტანეს. მე-4 წუთზე, მათ საკუთარი დერეფანი მოიგეს, სტუმრები მოლის დაწყობას ელოდნენ, მაგრამ შემტევმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ ხაზი გაჭრა, მოკლე მონაკვეთში გაკეთებული რამდენიმე სწრაფი გადაცემის შემდეგ კი, იბრაჰიმ დიარამ ლელო გაიტანა და რომან ტულეტმაც რეალიზაცია გამოიყენა.
სტუმრებმა ჩამორჩენა ოთხ წუთში შეამცირეს, როდესაც არგენტინელმა ბუსტოს მოიანომ ჯარიმა გამოიყენა. ტაიმის შუაწელს, გორგოძემ ძალიან კარგად ითამაშა. გადაკიდებულ ბურთს ის ძალიან კარგად აჰყვა და მეტოქე, რომელიც კონტრშეტევის წამოწყებას გეგმავდა, იქვე შებოჭა. რაქიდან ბურთი “კასტრის” ჰუკერმა აიღო, მაგრამ გორგოძემ არ აცალა სიჩქარის აკრეფა, ის უკან გადააყირავა და შედეგად, დაჯარიმება აიძულა. ბუსტოსს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან არაზუსტად დაარტყა.
28-ე წუთზე, გორგოძემ კარგი შეტევა წამოიწყო, სისწრაფეში ხაზი გაჭრა და დაახლოებით 15 მეტრი მოიგო. წარმოქმნილ რაქში “კასტრის” ჰუკერი ბონელო განზრახ დაჯარიმდა და სინბინი დაიმსახურა, მოიანოს კი მიზანმა არ უმტყუნა.
მასპინძლები აირივნენ, ცენტრიდან ბურთი პირდაპირ აუტში გადაგზავნეს. კაცნაკლულები “მონპელიეს” შერკინებაში ვერ დაუდგნენ, დაჯარიმდნენ და მოიანომ ზედ შუაგულიდან სტუმრები დააწინაურა - 9:7. სანამ ისინი სიხარულით გულს მოიოხებდნენ, “კასტრმა” სწრაფი შეტევა წამოიწყო, ხელდახელ მიეძალა და “მონპელიემ” მეტოქის შეკავება მხოლოდ ჩათვლის მოედნის ხაზთანღა მოახერხა. წარმოქმნილ რაქში ძიძგილაობისას, სინბინი სტუმართა პირველხაზელმა დაიმსახურა და გუნდების შემადგენლობა გათანაბრდა. “კასტრს” ძალაში უპირატესობა ჰქონდა და რადგან შერკინებაში შვიდი-შვიდზე იდგებოდნენ, არჩევანი მასზე შეაჩერა. მწვრთნელმა ათწუთიანი იძულებითი ცვლილება განახორციელა, რათა მოედანზე გასინბინებული პირველხაზელის ნაცვლად, სხვა მორაგბე შეეყვანა და გორგოძე შეცვალა, თუმცა, “მონპელიეს” შერკინება პირველსავე შეჯახებისას დაიშალა და მწვრთნელმაც გორგოძე მოედანზე დააბრუნა, ოღონდ მეორეხაზელი შეცვალა და მამუკამ დროებით მის პოზიციაზე ითამაშა. სანამ გუნდები თანაბრად იყვნენ, სტუმრებმა გაძლეს და ბურთიც მოიპოვეს, მაგრამ მერე “კასტრს” სინბინის ვადა გაუვიდა, მეტოქეს დაჯარიმება აიძულა და ბურთი დაიბრუნა. მსაჯს “მონპელიეს” მხრიდან წესების დარღვევა მობეზრდა და ტაიმის მიწურულს, ტექნიკური ლელო ჩათვალა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, “კასტრმა” ტაიმი 14:9 მოიგო.
“მონპელიემ” უპირატესობა მე-2 ნახევრის დასაწყისშივე დაიბრუნა. 44-ე და 48-ე წუთებზე, მოიანომ 2 ზუსტი ჯარიმით საკუთარ გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. 53-ე წუთზე, “მონპელიესთვის” კვლავ უიღბლობის პერიოდი დადგა. ფაკეტი ყელში ბოჭვისთვის ყვითლით დაისაჯა და “კასტრმა” ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა. “კასტრმა” გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება სცადა და რადგან ძალაში უპირატესობა ჰქონდა, აქცენტი შერკინებებზე გააკეთა. მასპინძლების მონდომება შედეგს გამოიღებდა, რომ არა გორგოძის გარჯა, რომელმაც მეტოქე ისე შებოჭა, რომ ბურთი წინ დააგდებინა და იმ მომენტში, შეტევის ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცა, არადა, ლელო თითქოსდა გარდაუვალი ჩანდა. სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში ქართველმა მესამეხაზელმა მხარი დაიზიანა, თამაში ვეღარ გააგრძელა და ორიოდე წუთის შემდეგ (67-ე წუთზე) შეცვალეს.
ეს ეპიზოდი მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდა “მონპელიესათვის”. როგორც ჩანს, “კასტრმა” მთელი ენერგია ამოწურა და 70-ე წუთზე, მეტოქის შერკინება უკვე სტუმრებმა მოიგეს. ამ ეპიზოდში, კარგად ითამაშა გიორგი ჟღენტმა და მთელმა პირველმა ხაზმა, რომელმაც მეტოქეს დაჯარიმება აიძულა. 71-ე წუთზე კი, მოიანომ 30-32 მეტრიდან “მონპელიე” 18:17 დააწინაურა.
მთლიანობაში, დასკვნით მონაკვეთში, “მონპელიეს” შერკინება უფრო ყოჩაღად იდგა, ვიდრე მთელი მატჩის განმავლობაში და მეტოქემ უპირატესობის მოპოვება ვეღარ მოახერხა. “კასტრმა” მოლით სცადა შეტევა და გაუმართლა კიდეც - სტუმრები კარიდან ოდნავ მარცხნივ, დაახლოებით ოცდათვრამეტ მეტრში დაჯარიმდნენ. პოზიცია გასატანი იყო, მაგრამ დამრტყმელს ნერვებმა და მიზანმა ოდნავ უმტყუნა. დარჩენილმა ორმა წუთმაც “მონპელიეს” 22-ში განვლო, რადგან სტუმრებმა ბურთის ხეირიანად გატანა ვერ მოახერხეს, მაგრამ მაინც გაძლეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ნახევარფინალში “მონპელიეს” მეტოქე “რასინგ მეტრო” იქნება. თამაში 28 მაისს გაიმართება და ქართველთა გუნდი კვლავ სტუმრის რანგში იქნება. შეგახსენებთ, რომ ოცდაშვიდ მაისს, მე-2 ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და მასში დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” “ტულუზას” დაუპირისპირდება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106594