ამბები

19:23 | 17.05.2011 | ნანახია 4096 - ჯერ

გია ნიჟარაძე: “ყველამ ერთად ვასახელოთ საქართველო”

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, მთელ საქართველოს, მთელ ქართველ ერს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, ყველას მოუწოდბს, რომ თბილისში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფისთვის” ნასტუმრებ შვიდი ქვეყნის გუნდებს მხარში ამოუდგნენ და ჩვენი ქვეყნიდან სამშობლოში მხოლოდ დადებითი მოგონებები გააყოლონ.
საქართველოს პირველი იაპონიის ნაკრები ეწვევა, რომელიც ჩვენს დედაქალაქში სტამბოლის რეისით თვრამეტ მაისს, გამთენიის სამი საათისთვის ჩამოვა. დანარჩენი გუნდები ჩამოსვლას 20 მაისიდან დაიწყებენ და ოცდაერთ მაისს, მსოფლიო თასის “ალაფის” ყველა მონაწილე ადგილზე იქნება. ტურნირის მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხები თითქმის დასრულებულია და უკვე ცნობილია, თუ სად იცხოვრებენ გუნდები და სად გამართავენ ვარჯიშებს.
კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები “ქორთიარდ მერიოტში” იცხოვრებენ და “ვისოლის” ბაზაზე ივარჯიშებენ. რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ბინას “შერატონ მეტეხი პალასში” დაიდებენ და წვრთნას “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გაივლიან, ხოლო ურუგვაი, სამოა და ზიმბაბვე “ჰოლიდეი ინში” იცხოვრებენ და ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ჩაატარებენ, სადაც მათთან ერთად საქართველოს ნაკრებიც მოემზადება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა შეკრება დიღომში, სასტუმრო “ბომონ გარდენში” ათ მაისს დაიწყო და ტურნირის დასრულებამდე იქ დარჩება.
“საქართველოში შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მორაგბეები ჩამოდიან და ჩვენი მიზანია, რომ ქართული სტუმარ-მასპინძლობა გავუწიოთ, ჩვენი კულტურა გავაცნოთ. განსაკუთრებით უნდა მოვეფეროთ იაპონელებს და ვაგრძნობინოთ, რომ მათი ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა და რუსებს, რომელთაც საქართველოზე საკუთარი მედიასაშულებებით მხოლოდ უარყოფი ინფორმაცია აქვთ. წარმოიდგინეთ, როდესაც ეს 19-20 წლის 30 ბიჭი სრულიად განსხვავებულ, სხვა საქართველოს ნახავს, ისინი ამის შესახებ თავიანთ მეგობრებს, მეზობლებს მოუყვებიან და მუდამ საქართველოს მეგობრებად დარჩებიან. ჩვენ და რუსეთის სარაგბო თემს არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა და ეს უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცახადა გია ნიჟარაძემ “შევარდენის” სანაკრები ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
სრკ-ს პრეზიდენტის შეშფოთებას 21 მაისიდან დაგეგმილი ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციები იწვევს და ის ყველას თხოვნით მიმართავს, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრობლემებს ნუ შეუქმნიან და მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ. ამ რანგის ტურნირს საქართველო პირველად მასპინძლობს და მისი მაღალ დონეზე ჩატარება იმის წინაპირობა იქნება, რომ სამომავლოდ უფრო მასშტაბურ ტურნირებს უმასპინძლოს. კონკრეტულად რაგბის ამის საშუალება 2013 წლიდან ექნება, თუმცა, აქ საუბარი მხოლოდ რაგბიზე არაა და ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ ამ ტურნირის მასპინძელი მთელი საქართველოა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ზოგადად ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო.
უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სათამაშო დღეებში სამ შეხვედრას “ავჭალის” სტადიონი უმასპინძლებს, ერთს კი “შევარდენი”. “შევარდენზე” გამართულ მატჩზე დასწრება უფასო იქნება და მისი ტრიბუნები 1566 მაყურებელს იტევს, ხოლო “ავჭალას” ტევადობა 2011 მაყურებელია. საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას ამ სტადიონზე გამართავს და მსურველებს ოთხივე სათამაშო დღის სამივე მატჩზე დასასწრები აბონემენტის შეძენა ოცდაათ ლარად შეუძლია. ცალკეული დღეებისთვის ბილეთები არ გაიყიდება, რაგბის კავშირში სულ 750 აბონემენტიღა დარჩა და მსურველს დროულად ზრუნვა მოუწევს, რათა მერე გარეთ დარჩენა არ მოუხდეს. ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო, რომელიც ამ ტურნირის მთავარი ორგანიზატორია, უფრო მაღალი ფასის დაწესებას მოითხოვდა, მაგრამ ქართულმა მხარემ მისი დაყოლიება მოახერხა. ისიც ითქვა, რომ შესასვლელებში უმკაცრესი კონტროლი იქნება დაწესებული და უბილეთოდ ტრიბუნაზე ვერავინ მოხვდება.
საქართველოს ნაკრები მომავალი დაპირისპირებებისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება და ფინალში გასვლას გეგმავს, სადაც, სავარაუდოდ, შარშან A ჯგუფიდან მსოფლიოს თორმეტ საუკეთესო გუნდს შორის ბოლო ადგილზე გასული სამოა ითამაშებს.
“საქართველოს არცერთ ახალგაზრდულ ნაკრებს არ ჰქონია ისეთი მოსამზადებელი პირობები, როგორიც ახლა პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს აქვთ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე ლიდერი ვერ ითამაშებს, მაგრამ ეს სპორტია და ვერაფერს ვიზამთ. ახლა ქართველ მორაგბეებს იმ გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, რომელთა მსგავსი მეტოქეებიც აქამდე არასდროს ყოლიათ. ისინი ჩვენთვის უკვე ნაცნობ გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგანან და ზოგადად, ტურნირში იოლი შეხვედრა არავის ექნება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებიდან თავთავიანთ ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო თასზე სულ ცოტა ერთი-ორი მორაგბე მოხვდება და თავის გამოჩენას ყველა ეცდება”, - განაცხადა ნიჟარაძემ.
ბუნებრივია, ასეთი მაღალი რანგის ტურნირი მაღალი რანგის სტუმრების გარეშე ვერ ჩაივლის და 1 ივნისს, საქართველოს IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ეწვევა. ეს ლაპასეს მეორე სტუმრობა იქნება საქართველოში, არადა, ბევრი სარაგბო ქვეყანა მსგავს პატივს ნაჩვევი არაა. ლაპასემ ორიოდე დღის წინ დედა დაასაფლავა, სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მსოფლიო თასის გამო უამრავი სამუშაო აქვს, მაგრამ ქართული რაგბისადმი პატივისცემის დასტურის ნიშნად, თბილისში ერთი დღით მაინც ჩამოდის! ოთხ ივნისს, თბილისს IRB-ს მაღალჩინოსანი, ქართველთა დიდი მეგობარი მარკ იგანი ეწვევა და გამარჯვებულ გუნდს დააჯილდოვებს.
საქართველოს რაგბის კავშირმა სტუმართა ინტერესი გაითვალისწინა და თუ მათ სურვილი ექნებათ, თავისუფალ დროს აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში, ტურისტულ ექსკურსიებს სთავაზობს. გათამაშების დასრულების შემდეგ კი, “ივენთ ჰოლში” დიდი ბანკეტი გაიმართება, სადაც შვიდივე ქვეყნის მორაგბეები და დელეგაციის წევრები ქართული სიმღერითა და ცეკვით დატკბებიან.
მოკლედ, IRB-მ და შვიდი ქვეყნის სარაგბო თემმა კარი შემოაღო. ახლა ჯერი ქართულ სტუმართმოყვარეობაზეა, ოღონდ, თასის გატანების გარეშე!
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.122571