საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების პირველმა მეტოქემ ასაკობრივ მსოფლიო თასის “ალაფაზე” კანადამ, თბილისში გამომგზავრებამდე შონიგანის ტბაზე, კუნძულ ვანკუვერზე თვრამეტდღიანი შეკრება გაიარა და ორი ამხანაგური მატჩი გამართა. კანადელებმა პირველი მატჩი დათმეს, მეორეში გამარჯვება მოიპოვეს, ორ შეხვედრაში 13 ლელო გაიტანეს, თავად 11 მიიღეს და საქართველოში იმედიანად მოდიან.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ შელიმ, კუნძულზე, სადაც კანადელებს იდეალური მოსამზადებელი პირობები ჰქონდათ, 32 მორაგბე წაიყვანა, რომელთაგან 26 საუკეთესო შეარჩია. აღსანიშნავია, რომ გუნდს ორი ტრავმირებული მორაგბე დაუბრუნდა, რომლებისაც მწვრთნელს დიდად ეიმედება და ისინი მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა კიდეც. კანადელები სამშობლოდან საქართველოსკენ თვრამეტ მაისს დაიძვრნენ და თბილისს ოც მაისს ეწვევიან, ბინას “ქორთიარდ მერიოტში” დაიდებენ, “ვისოლის” ბაზაზე ივარჯიშებენ და საქართველოს ნაკრების წინაშე “ავჭალის” სტადიონზე, ოცდაოთხ მაისს, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში 18:00 საათზე წარსდგებიან.
დასკვნით შეკრებაზე კანადის 20-წლამდელთა ნაკრების პირველი მეტოქე DHL-ის გუნდი იყო, რომელიც კანადის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პერიოდულად იკრიბება და სხვადასახვა ასაკობრივ ნაკრებებს მომზადებაში ამხანაგური მატჩების გამართვით ეხმარება. ეს გუნდი მოქმედი და ვეტერანი პროფესიონალი მორაგბეებით კომპლექტდება და ამჯერზე მის შემადგენლობაში კანადის ეროვნული ნაკრების შვიდ მოქმედ და ვეტერან სპორტსმენს უბურთავია.
მთელი 80 წუთის განმავლობაში მაყურებელმა გახსნილი რაგბი იხილა და 16 ლელოთი ისიამოვნა. 20-წლამდელებს ანგარიში კონტრშეტევის შედეგად გატანილი ლელოთი გაუხსნიათ, მაგრამ მერე უფროსებმა აიწყვიტეს, შესვენებამდე შვიდი ლელო მიითვალეს, თავად ერთი მიიღეს და ტაიმი 35:14 მოიგეს. მეორე ტაიმი ახლგაზრდებმა პირველზე უკეთ ჩაატარეს და ჯამში 40:60 დამარცხდნენ. 20-წლამდელთა ნაკრებმა ამ მატჩში 6 ლელო მიითვალა, თავად კი 10 გაუშვა. თამაშის შემდეგ, კანადის 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი გუნდის შეტევით კმაყოფილი იყო, დაცვაზე კი თქვა, რომ ყველაფერი გამოსწორებადია.
“პერიოდულად, ზოგიერთი მორაგბე პოზიციას კარგავდა და დაცვაში ხვრელები ჩნდებოდა, რასაც მოწინააღმდეგე ადვილად იყენებდა. ეს სერიოზული პრობლემა არაა და მისი აღმოფხვრა ძალიან მარტივად შეიძლება. თამაშის ვიდეოგანხილვისას ბიჭებს შეცდომებზე მივუთითებთ და ყველაფერი რიგზე იქნება” - თქვა შელიმ.
ხუთი დღის შემდეგ, მისმა გუნდმა მეორე თამაში “ატლანტიკის” 21-წლამდელთა გუნდთან გამართა დამაჯერებელი ანგარიშით, 45:10 იმარჯვა. 20-წლამდელებმა 7 ლელო გაიტანეს, თავად კი, მხოლოდ ერთი მიიღეს.
“ჩვენი თამაში და სისწრაფე, პირველი მატჩისგან განსხვავებით 200 პროცენტით გაუმჯობესდა. როგორც ჩანს, ამხელა სამუშაოს უკვალოდ არ ჩაუვლია და ბიჭებმა დავალებები კარგად შეასრულეს. მოწინააღმდეგეს ძლიერი შერკინება ყავდა, რომელსაც მუდამ ზეწოლის ქვეშ ვყავდით და ეს ძალიან კარგია, რადგან მსოფლიო თასზე სწორედ ასეთი სტილის მოწინააღმდეგეებთან მოგვიწევს თამაში” - აღნიშნა შელიმ.
მთავარ მწვრთნელს თბილისში შემდეგი მორაგბეები მოჰყავს: სკოტ მაკლეოდი (კოვიჩანი), გრემ მაჰარი (ბალმი ბეაჩი), ბობ როჯერსი (დოგსი), ადამ ზარუბა (კაპილანო), კასეი კავერსი (კოვიჩანი), ენდრიუ ჩო (კალგარი სარაცენსი), ჯორდან პოუერი (დოგსი), ტაილერ არდრონი (ბრენტფორდ ჰარკეკვინსი), სემ პიერსი (კელოუნა), ჯონი ჰუმპრესი (კასტავეი უონდერერსი), მეტ კელი (ტორონტო სკოტიში), სკოტ მაკდონალდი (ოსავა ვიკინგსი), ევან ოლმსტედი (კაპილანო), სემ სტონესი (აიაქს უონდერერსი), ენდრიუ ფერგიუსონი (ოაკვილ კრუზეიდერსი), ლუსიენ ნელი (კოვიჩანი), კარლინ ჰამსტრა (კოვიჩანი), პატრიკ კეი (კოვიჩანი), ლიემ უნდერვუდი (კასტავეი უონდერერსი), ტეი ჰამბლინი (კოვიჩანი), ჯეფ ჰესლერი (ფუტილს ლაიონსი), დეილან მუნდი (ოსავა ვიკინგსი), პატრიკ პარფრეი (სვილერსი), ტეილორ პარისი (მარკამ აირიში), კურტის აპელდორნი (აბოტსფორდი).
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ შელი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია