ამბები

20:25 | 21.05.2011 | ნანახია 5344 - ჯერ

დაიწყო!

საქართველოსთვის, თბილისისთვის, მთელი ქართველი ერისთვის “საგამოცდო პერიოდი” დადგა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 20-წლამდელთა რვა ნაკრებმა საქართველოს დედაქალაქში მოიყარა თავი და აქ ერთურთს მსოფლიო თასის “ალაფისთვის”, ანუ პატარა თასისთვის და საუკეთესი თორმეტ გუნდს შორის მოსახვედრად შეებრძოლებიან.
ის, რომ ჩვენი ქვეყანა, თუნდაც რაღაც დოზით, თუნდაც მცირე ასაკის სპორტსმენებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, უკვე ღირსშესანიშნავი ფაქტია. მე თუ მკითხავთ, ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა სტუმრობა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანების მასპინძლობა. თავად განსაზღვრეთ - ეს ბიჭები, შვიდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სხვადასხვა კონტინენტზე მაცხოვრებელი, სხვადასხვა კულტურაში აღზრდილი ჭაბუკები, დაახლოებით ოციოდე დღეს დაჰყოფენ ჩვენს ქვეყანაში და აქ მიღებული გამოცდილებით, კარგით და ცუდით, თავის სამშობლოს, მეზობელ ქვეყნებს, საქართველოს გააცნობენ.
არ ვაპირებ საქართველოს ტურიზმის კუთხით რეკლამირებას, მაგრამ ჩემი აზრით, მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა და აქ გატარებული პერიოდის საუკეთესოდ დამახსოვრება, ჩვენი, როგორც ქართველების, სტუმართმოყვარეობის უპირველესი ვალდაბულებაა. მათგან, ამ 30-35 ადამიანისგან, ახალგაზრდა, 20-წლამდე პერსპექტიული ბიჭისგან, სხვა ქვეყნისათვის, მისთვის სამშობლოსთვის (ან მეზობელი ქვეყნისათვის) პირდაპირ მიწოდებული ინფორმაცია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მრავალმილიონიანი სარეკლომო რგოლი, სადაც მხოლოდ იმას აფიქსირებ, რაც კარგია და რისი წარმოჩენაც გინდა და, რაც მთავარია, ეს ყველამ იცის, ასე კი, ყველა გიცნობს, სხვა, ბუნებრივი კუთხით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია!!!
მოკლედ, საქართველო 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” 2011 წლის გათამაშების მასპინძელია და სამოას, იაპონიის, აშშ-ის, კანადის, ურუგვაის, რუსეთის და ზიმბაბვეს ნაკრებები უკვე თბილისში არიან. ისინი აქ ორ კვირაზე ცოტა მეტხანს დარჩებიან და ჩვენი ერთადერთი მიზანი ისაა, რომ მათ საქართველო მოედანს მიღმა, საუკეთესო კუთხით დავამახსოვროთ, მოედანზე კი, მსოფლიოს უძლიერეს გუნდთა შორის მოხვედრისთვის, მათ პატარა “ბორჯღალოსნები” გაუსწორდებიან.
IRB-მ 20-წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარება 2008 წლიდან დაიწყო. პირველ ჯერზე უძლიერესის გამოსავლენად 20 გუნდი იბრძოდა, “ალაფაზე” კი, მომდევნო რვა გუნდი განითესა და მათ შორის საქართველოს ნაკრებიც იყო, რომელმაც ჯგუფში იამაიკა - 90:3, ხოლო კორეა 50:31 გაანადგურა, მაგრამ ჩილეში ურუგვაისთან 16:20 წააგო და მხოლოდ მესამე ადგილისთვის ითამაშა, სადაც რუმინეთი 34:10 დასცა. იმ წელს თასი ურუგვაიმ მოიგო, ხოლო მომდევნო გათამაშება, სადაც საქართველო არ მონაწილეობდა, რუმინეთმა. 2010 წლიდან უძლიერესთა ჯგუფში ადგილები 20-დან 12-მდე შემცირდა და შესაბამისად, “ალაფამ” მეტი დატვირთვა შეიძინა. იტალიიის 19-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატში მხოლოდ იმის გამო მიიღო მონაწილეობა, რომ იქ გამარჯვებით მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატში ებურთავა და მიზანსაც უწია. შარშანდელი მსოფლიო თასის ალაფა რუსეთში, მოსკოვში ჩატარდა და იქ იტალიამ ფინალში იაპონიას 36:7 აჯობა, “ალაფაზე” კი, საუკეთესო თორმეტს შორის ნაბოლარა სამოამ დაიწია.
წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული, 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ძირათად ბადეში აინაცვლებს. ამის პრეტენდენტები საქართველოსთან ერთად სამოა, იაპონია და აშშ არიან, თუმცა, უშანსოდ არც კანადა და დანარჩენები რჩებიან. მოკლედ, ქართველ მაყურებელს საინტერესო ორთაბრძოლები ელის და ამაზე ორგანიზატორებიც მიუთითებენ.
ფილიპ ბურდარიასი (IRB-ს ტურნირების დირექტორი): “ყველა გუნდი უკვე ადგილზეა. მენეჯერთა შეხვედრა შედგა და ამ ეტაპზე შექმნილი პირობებით ყველა კმაყოფილია. მსგავს ტურნირებს შორის, ეს შეჯიბრი განსაკუთრებულია. ვინაიდან წელს მსოფლიოს ჩემპიონატია, IRB-ს მასშტაბური შეჯიბრებები აღარ ექნება და შესაბამისად, ამ გათამაშებას მთელი სარაგბი სამყარო გამადიდებელი შუშით უყურებს. ამასთან, საქართველოში რაგბის გულშემატკივრებს უნიკალური შანსი ეძლევათ და უმაღლესი დონის რაგბის ცოცხლად უყურებენ. საქართველოში რაგბის დიდი ზეიმი გაიმართება და მადლობა ქართველ ხალხს ასეთი მასპინძლობისთვის”.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ახალი არაფერი უთქვამს. მან გაიმეორა ამ პერიოდში დაფიქსირებული პოზიცია და აღნიშნა, რომ მასპინძლობისთვის პასუხისმგებლობა თითოეულმა ქართველმა უნდა გაიზიაროს და დაამატა, რომ ბილეთები ძალიან ცოტაღა დარჩა და გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე პოზიციას იზიარებენ სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური და ქალაქის მერია.
მოკლედ, სატურნიროდ ყველაფერი მზადაა და ახლა ჯერი თბილისელებზე, ქართველებზე და საქართველოს ნაკრებზეა...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079692