ირლანდიური “ლენსტერის” ნახევარმცველმა ჯონათან სექსტონმა, ინგლისელებს 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაახსენა, როდესაც “ლივერპულმა” “მილანთან” 0:3 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მე-2 ნახევარში წონასწორობის აღდგენა და ჯამში, თასის მოპოვება მოახრეხა. 2011 წლის “ჰეინეკენის თასის” გადამწყვეტ მატჩში, მისი გუნდი, პირველი ტაიმის შემდეგ, ინგლისურ “ნორთჰემპტონთან” 6:22-ს აგებდა, მაგრამ მე-2 ნახევარში მობილიზება მოახერხა, მეტოქეს ოც წუთში 27 უპასუხო ქულა გაუკეთა და 33:22 მოგებით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი შეათამაშა.
შეხვედრის გმირად ირლანდიელი სექსტონი იქცა, რომელმაც საკუთარ გუნდს 33-დან 28 ქულა შესძინა. მან 2 ლელო, 3 გარდასახვა და 4 ჯარიმა გაიტანა, ნამატჩევს კი, განაცხადა: “პირველი ტაიმის შემდეგ, შოკში ვიყავით. გვჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ლიდერის ფუნქციებს ითავებდა და ბიჭებს უკან გაიყოლებდა. თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ სასწაულები ფინალშიც ხდება და მათ “ლივერპულისა” და “მილანის” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავახსენე. მწამდა - მსგავსის გამეორება შეგვეძლო”.
ფინალური თამაში კარდიფში, “მილენიუმის” სტადიონზე გაიმართა და მას 72456 მაყურებელი დაესწრო. “ნორთჰემპტონი” “ჰეინეკენის თასს” 2000 წელს ფლობდა, “ლენსტერი” - 2009 წელს, ჰოდა, გუნდებს ადრინდელი მიღწევის გამეორება სწყუროდათ. ინგლისელები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც დოუსონმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, მილერმა კი, რეალიზაცია გამოიყენა. სექსტონმა ჯარიმით მალევე უპასუხა, თუმცა 21-ე წუთზე, ჯარიმითვე, “ნორთჰემპტონმა” უპირატესობა კვლავ შვიდ ქულამდე გაზარდა.
ინგლისელებს საქმე 26-ე წუთზე გაურთულდათ, როდესაც მსაჯმა ისინი მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დატოვა, მაგრამ “ნორთჰემპტონი” დაცვაში კარგად გაისარჯა და კაცნაკლულმა, 31-ე წუთზე, მე-2 ლელოც მიითვალა. ამჯერად, თავი ფოდენმა გამოიჩინა და რეალიზაცია კვლავ ზუსტი აღმოჩნდა.
სექსტონმა თავისი მე-2 ჯარიმა 35-ე წუთზე გაიტანა, თუმცა, სამიოდე წუთში, ჰარტლიმ ინგლისელთა მე-3 ლელო მიითვალა, ამჯერად, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და “ნორთჰემტონი” შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 22:6.
დაიწყო მე-2 ტაიმი და 43-ე წუთზე, სექსტონმა თავისი პირველი ლელო გაიტანა, კიდევ 9 წუთში კი, მეორედაც იხეირა და რადგან ორივე რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა, ჩამორჩენა ორ ქულამდე დავიდა.
მატჩის გმირმა საკუთარი გუნდი 56-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დააწინაურა. 59-ე წუთზე, ინგლისელებს მორიგი უბედურება ელოდათ - რეფერიმ ამჯერად დოუსონი გაასინბინა და სექსტონმა ჯარიმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 26:22. “ლენსტერმა” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, ჰაინესმა ლელო მიითვალა, სექსტონმა რეალიზაცია და ირლანდიელთა უპირატესობა თერთმეტ ქულამდე გაიზარდა. ამ პერიოდში მიღებული დარტყმა “ნორთჰემპტონისთვის” იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ მათ ცვლილებებმაც ვეღარ უშველა, “ლინსტერმა” საქმე დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა და “ჰეინეკენის თასს” სამ წელიწადში მეორედ დაეუფლა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია