ამბები

16:34 | 22.05.2011 | ნანახია 5278 - ჯერ

კაპიტნებმა თასს ხელი შეავლეს

სანამ თბილისში შეკრებილი მსოფლიო თასის “ალაფის” მონაწილე 8 ნაკრები ერთმანეთთან უერთიერთობის გარკვევას “ავჭალისა” და “შევარდენის” მოედნებზე დაიწყებს, მანამდე, მათი კაპიტნები რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ტრადიციის თანახმად, ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილზე შეიკრიბნენ და თასთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მეტეხზე, ნარიყალას ფონზე გადაღებული სურათი IRB-ს ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა. იქვე, ჟურნალისტებს გუნდის კაპიტნებთან გასაუბრების შესაძლებლობა მოგვეცა, ამის შემდეგ კი, გუნდები დახურულ შეკრებებზე გადავლენ და თამაშების შემდგომი პრესკონფერენციების გარდა, მორაგბეებთან და მათ მწვრთნელებთან გასაუბრება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
რადგან საქართველოს ნაკრებს პირველი შეხვედრა კანადასთან უწევს, “მსოფლიო სპორტი” “ბორჯღალოსანთა” კაპიტან დავით ლოსაბერიძესთან ერთად, კანადელთა კაპიტან ტაილერ არდრონს გაესაუბრა.
“მე ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ვარ და ვეცდები, რომ ეროვნული გუნდის თავკაცებს თავი მოვაწონო, რათა მასთან ერთად მსოფლიო თასზე გავემგზავრო. ჩვენი გუნდი კარგადაა დაბალანსებული და ტურნირის მოგების იმედი გვაქვს. თბილისში წამოსვლამდე, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და სათანადოდ შევთამაშდით, ერთმანეთი გავიცანით. საქართველოსა და კანადის ეროვნული ნაკრების შეხვედრა ვნახეთ და ვფიქრობთ, 20-წლამდელებიც ამ სტილში ითამაშებენ. კარგად ვიცით ქართველთა ძლიერი მხარეები და მათთან წარმატების იმედი გვაქვს”, - ასე თქვა არდრონმა.
ლოსაბერიძემ კი, რომელიც 3 წელია საფრანგეთში თამაშობს და მომავალი სეზონიდან ფრანგული “მონპელიეს”, ან “ოიონაქსის” ღირსებას დაიცავს, ხაზი გაუსვა, რომ მასპინძელთა უმთავრესი მიზანი თასის დაუფლებაა: “ტურნირს კარგად მომზადებულები ვხვდებით. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. პირველ მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა. ვეცდებით, რომ კანადა დავამარცხოთ, მერე კი, ტურნირში ვიმარჯვოთ. უმთავრეს მეტოქედ სამოას მივიჩნევ, ჯგუფში კი, ყველაზე რთულ მატჩი, სავარაუდოდ, სწორედ კანადასთან გვექნება. ისე არ გაიგოთ, თითქოს დანარჩენ მეტოქეებს არ ვაფასებდეთ, უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ იაპონელები შერკინებაში მაგრად უნდა დავჩაგროთ და ამის ხარჯზე გამარჯვება გაგვიადვილდება, კანადას კი ყველა კომპონენტში დაბალანსებული გუნდი ჰყავს, თანაც, მათთან ტურნირის პირველი შეხვედრა გვექნება და დაძაბულობაც თავისას იზამს. ცუდია, რომ ტრავმების გამო, ჭყოიძე და ქოიავა დაგვაკლდნენ, მაგრამ მათ ღირსეული შემცვლელები გამოუჩნდნენ. ნაკრებში კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და უმთავრესი მიზანი თასის დაუფლებაა”.
საქართველოსა და კანადის ნაკრებების შეხვედრა “ავჭალის” სტადიონზე, ოცდაოთხ მაისს, 18:00 საათზე დაიწყება. მანამდე, ამავე მოედანზე, სამოა აშშ-ს, ხოლო რუსეთი ურუგვაის ეთამაშება. კიდევ ერთი შეხვედრა “შევარდენზე” გაიმართება და მასში იაპონია ზიმბაბვეს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ “შევარდენზე” დასწრება უფასოა, ხოლო “ავჭალაზე” გასამართი 4 სათამაშო დღის სამივე მატჩის (სულ 12 შეხვედრის) აბონიმენტი 30 ლარი ღირს და მისი შეძენა საქართველოს რაგბის კავშირში შეიძლება.  
საქართველოს ნაკრები: ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ზურაბ ერისთავი (“აია”, ქუთაისი), ზაზა ნავროზაშვილი (“არმია”, თბილისი), ზურაბ ჟვანია (“აია”, ქუთაისი), ირაკლი ჩომახაშვილი (“არმაზი”, თბილისი), მერაბ მატკავა (“აია”, ქუთაისი), ხვიჩა ბუჯიაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ჟღენტი (“არმია” თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ტყეშელიაძე (“ყოჩები”, თბილისი), გიგა თხილაიშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), ლევან თხელიძე (“აია”, ქუთაისი), ჯიმი ღამბაშიძე (“ლელო”, თბილისი), გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”, თბილისი), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), ლუკა კვარაცხელია (“ყოჩები”, თბილისი), გიგა გაგოშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), დავით ლოსაბერიძე (“ბაიონი”, საფრანგეთი), გიორგი მარგიანი (“აკადემია”, თბილისი), გიორგი აბრამიძე (“აია”, ქუთაისი), ვანო გაბროშვილი (“არმაზი”, თბილისი), ლევან გაგოშვილი (“აკადემია”, თბილისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), უჩა მჭედლიშვილი (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი

A ჯგუფი
რუსეთი
სამოა
ურუგვაი
აშშ

24 მაისი. სამშაბათი
სამოა - აშშ (ავჭალა, 14:00 საათი)
რუსეთი - ურუგვაი (ავჭალა, 16:00 საათი)
28 მაისი. შაბათი
სამოა - ურუგვაი (შევარდენი, 14:00)
რუსეთი - აშშ (ავჭალა, 16:00)
1 ივნისი. ოთხშაბათი
ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)

B ჯგუფი
კანადა
საქართველო
იაპონია
ზიმბაბვე

24 მაისი. სამშაბათი
იაპონია - ზიმბაბვე (შევარდენი, 14:00 საათი)
საქართველო - კანადა (ავჭალა, 18:10 საათი)
28 მაისი. შაბათი
იაპონია - კანადა (ავჭალა, 14:00)
საქართველო - ზიმბაბვე (ავჭალა, 18:00)
1 ივნისი. ოთხშაბათი
კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)

5 ივნისი. კვირა. ფინალები
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.148548