ამბები

12:16 | 25.05.2011 | ნანახია 6620 - ჯერ

გამარჯვების ძვირი ფასი

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კანადელი თანატოლები მეორე ტაიმში პირწმინდად დაჩაგრა, ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა, გამარჯვების ოთხს ერთი პრემიალური ქულა შემატა, მაგრამ ეს წარმატება ქართველი მორაგბეების ტრავმებმა ნაწილობრივ გააფერმკრთალა.
მსოფლიო თასის “ალაფის” დაწყებამდე, “ბორჯღალოსნები” უმეტესად ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ვარჯიშობდნენ და ეს მათ თამაშზე აისახა. კუნთებმა ასეთ ცვლილებას ვერ გაუძლო, მით უმეტეს, რომ კანადელებმა თავი არ დაზოგეს, მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს წარმატების მისაღწევად მთელი ენერგიის დახარჯვა მოუხდათ.
“ამ შეხვედრაში დიდი დანაკლისი განვიცადეთ. სამწუხაროდ, გოდერძი ჭინჭარაულმა მხარი ამოიგდო და ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. ტრავმა ძალიან ბევრმა ჩვენმა მორაგბემ მიიღო, მაგრამ მათი დაზიანებები მოშუშებადია და ვიმედოვნებ, მომდევნო მატჩისთვის ყველანი მზად იქნებიან. მსოფლიო თასამდე ძირითადად ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვემზადებოდით და ეს ცვლილება ბიჭებზე აისახა. ჩვენი მიზანი იყო, გამარჯვება ენერგიის მინიმუმის გაღების ხარჯზე მოგვეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა. წინ უფრო რთული შეხვედრები გველის და არ გვსურდა, მაქსიმალურად დავხარჯულიყავით, მაგრამ პრემიალური ქულის აღება მნიშვნელოვანი იყო. პირველი თამაში იყო, ბიჭები ნერვიულობდნენ და თავიდან ბევრი რამ არ გამოგვდიოდა, თუმცა, ბოლოს ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და მეორე ნახევარში ოთხი ლელო გაიტანეს. ახლა ეს რწმენა გაგვიჩნდა, რაც მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად გამოგვადგება. დერეფანში პრობლემები გვქონდა, იყო რაღაც ხარვეზები, თუმცა, ვიმდოვნებ, რომ მომავალი მატჩებისთვის დავიხვეწებით და უკეთესი შედეგები გვექნება”, - თქვა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა.
პირველი დღის შეხვედრებიდან, ყველაზე რთული სწორედ საქართველოსა და კანადის ნაკრებების თამაში გამოდგა. როგორც ჩანს, ბიჭები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ამასთან, კანადელები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ქართველი მორაგბეები მაღალ სიჩქარეზე თამაშს ცდილობდნენ, ბურთი რაქიდან სწრაფად გაჰქონდათ და მოკლე დარტყმებს ახორციელებდნენ, მაგრამ კანადელთა დაცვა არ გატყდა და მათ საკუთარი 22 ხელშეუხებელი დატოვეს. ქართველთა მიძალებამ შედეგი მაინც გამოიღო, მე-4 წუთზე მეტოქე დაჯარიმდა და ბახვა კობახიძემ შორეული ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა.
კიდევ ოთხ წუთში, კანადელები თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ და კობახიძემ წინაზე უკეთესი პოზიციიდან, კარის გასწვრივ, დაახლოებით 26 მეტრიდან ანგარიში 6:0 გახადა. ნელ-ნელა სტატიკაში, შერკინებაში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა. მართალია, მასპინძლების დერეფანი კარგი არ იყო, მაგრამ ამ კომპონენტში ვერც კანადელები ყოჩობდნენ და მათი პირველი ორი მოწოდება არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში გოდერძი ჭინჭარაულმა მხარი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა, მე-16 წუთზე კი, კანადელები ქართველთა ნახევარზე დაჯარიმდნენ. პირველ ტაიმში “ბორჯღალოსნებისთვის” ზურგის ქარი უბერავდა, ამიტომ კობახიძემ საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან კარში დაარტყა, მიზანმა არ უმტყუნა და უპირატესობა ცხრა ქულამდე გაიზარდა.
ქართველთა ფიზიკური უპირატესობა ნათლად კი გამოიკვეთა, მაგრამ შეტევისას მისი გამოყენება ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ, დაცვაში თამაშისას ეს მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდა და კოლექტიური ბოჭვებით ხშირ შემთხვევაში მათ უკან დახევა უწევდათ. 29-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები კარის გასწვრივ თვრამეტიოდე მეტრში დაჯარიმდა და ლაიემ ანდერვუდმა ერთი საპასუხო ჯარიმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს ქართველებმა კარგი მოლი დააყენეს და შეუტიეს. კანადელები დაჯარიმდნენ, ქართველებმა შერკინება ირჩიეს, მაგრამ სალელოვე შეტევა არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს მეტოქე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და კობახიძემ დაახლოებით 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, “ბორჯღალოსნები” ცხრაქულიანი უპირატესობით დააწინაურა - 12:3.
მეორე ტაიმის დებიუტში კანადელებმა კარგი შეტევა წამოიწყეს და მასპინძლებს მათი იერიშის შესაჩერებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, მერე კი “ბორჯღალოსნები” დაჯარიმდნენ და ანდერვუდმა დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. ამან ქართველები გააღიზიანა, მათ მეტოქეს მოლით შეუტიეს და დაახლოებით 12 მეტრის გავლით, ჩათვლის მოედანს ათ მეტრამდე მიუახლოვდნენ. კანადელები დაჯარიმდნენ, საქართველომ შერკინება ირჩია და უჩა მჭედლიშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ არ ჩათვალა და უპირატესობით ჯარიმა დაგვიბრუნა. ქართველები არ დაიბნენ, ბურთი სწრაფად გაათამაშეს, რამდენიმეწამიანი ჭიდილის შემდეგ კი, ლევან ჩილაჩავამ ბურთი მეტოქის ჩათვლის ხაზს იქით გადადო და მატჩის პირველი ლელო მიითვალა, ხოლო კობახიძემ რეალიზაცია გამოიყენა.
კანადელთა საპასუხო შეტევა მწვავე გამოდგა და სალელოვე შანსიც მიეცათ, მაგრამ საბედნიეროდ, ბლოკისთვის დაჯარიმდნენ. სტუმრები არ დანებდნენ, მალე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, ანდერვუდს დარტყმა გაუფუჭდა, თუმცა, 55-ე წუთზე, მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში შეამცირა - 9:19. განახლდა თუ არა შეხვედრა, გიგა თხილაიშვილმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეხვედრის ულამაზესი ლელო გაიტანა. მან ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით ოცდაათ მეტრში მოიხელთა, ჯერ მოედნის ცენტრისკენ შეიწია, მერე ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, კობახიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა.
მე-60 წუთზე, საქართველოს ნაკრები რთულ მდგ ომარეობაში აღმოჩნდა - მეორე 10 ნომერი, უჩა მჭედლიშვილიც დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა. რაკი ამ პოზიციაზე სხვა მორაგბე აღარ გვყავდა, ეს ფუნქცია კობახიძემ შეითავსა, ზურაბ ძნელაძემ უკან დაიხია, ხოლო შერკინების მეორეხაზელი ბექა ბიწაძე უკანახაზელად იქცა და ფლანგზე გადაინაცვლა. ქართველებმა მესამე ლელო 73-ე წუთზე გაიტანეს. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 7-8 მეტრში, “ბორჯღალოსნებმა” აუტი პირველ კაცზე მოაწოდეს, რასაც კანადელები არ ელოდნენ, კოტე მიქაუტაძემ მათი დაბნეულობით ისარგებლა, ხაზი გაჭრა და ლელო მიითვალა, კობახიძემ კი - მესამე რეალიზაცია. პრემიალურ ქულას კიდევ ერთი ლელო ჭირდებოდა და საქართველოს ნაკრებმა ძალისმიერად შეუტია, რამაც შედეგი ბოლო წუთზე გამოიღო და ზურაბ ჟვანიამ ქართველთა მეოთხე ლელო გაიტანა. ამჯერად, კობახიძის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და ტაბლოზე 38:9 დაფიქსირდა.
“რთული შეხვედრა იყო. ბიჭებს ბუნებრივსაფარიან მოედანთან შეგუება გაუჭირდათ. შერკინებაში მეტოქე კი დავჯაბნეთ, მაგრამ ბიჭები იმხელა ენერგიას ხარჯავდნენ, მერე ხაზში გადაწყობა უჭირდათ. პირველ ტაიმში ვერ გავიხსენით, თუმცა, მეორე ტაიმში ეს მოვახერხეთ და კარგი შედეგი ვაჩვენეთ. დღევანდელ თამაშში განაცხადში 22 მორაგბის გარდა, რეზერვში ოთხი კაცი გვყავს. მათ შორის ჭინჭარაულის პოზიციის მორაგბეცაა და მომდევნო მატჩისთვის მასთან ერთად მოვემზადებით”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით ლოსაბერიძემ.  
“ასეთი სხვაობით მარცხს არ ველოდით. კარგად ვიცოდით, ქართველთა თამაში რაც იქნებოდა. თქვენი შერკინება ძალიან ძლიერია და თამაშის გაშლა გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. შერკინებაში ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ და ამის გამო დავმარცხდით. ოთხ დღეში სულ სხვა სტილით მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. იაპონელებთან სხვა სახის შეხვედრა იქნება. იმედია, იარებს მოვიშუშებთ და ჩვენი გეგმის განხორციელებას შევძლებთ”, - თქვა კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ კუკმა.
“ხშირ შემთხვევაში არასწორი ტრაექტორიით ვუტევდით. პატარა შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ” - დაამატა კანადის კაპიტანმა ტაილერ არდრონმა.
B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, იაპონიამ ზიმბაბვე “შევარდენის” სტადიონზე 37:24 დაამარცხა. აზიელებმა პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და მიუხედავად აფრიკის ჩემპიონის გარჯისა, მეორე ტაიმში გამარჯვება ხელიდან არ გაუშვეს. ზიმბაბვემ ანგარიში ტომ ნელსონის ადრეული ჯარიმით კი გახსნა, მაგრამ სწრაფმა იაპონელებმა მალევე, მე-6 წუთზე ჰიროკი მურაკავას ლელოთი უპასუხეს. ნაკამურას რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ მალე მან ჯარიმიდან იხეირა, ხოლო მე-14 წუთზე, გუნდის კაპიტანმა კეისუკე უჩიდამ მეორე ლელო გაიტანა, რასაც ნაკამურას ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. ტაიმის მიწურულს მან კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა, ხოლო 38-ე წუთზე, კაზუში ჰანომ იაპონელეთა მესამე ლელო მიითვალა და საკუთარ გუნდს ტაიმი 23:3 მოაგებინა.
ზიმბაბვე არ მოდუნდა და ბოლომდე იბრძოლა. მათ მეორე ნახევარი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს და უკვე მე-7 წუთზე, ტაკურა ტელამ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ნელსონმა კი რეალიზაცია გამოიყენა. იაპონელებმა არ გარისკეს და პრემიის მომტანი მეოთხე ლელო მე-14 წუთზე გაიტანეს, თავი ლაფაელე ვაიფუმ მიითვალა, ხოლო 25-ე წუთზე, მეხუთე ლელო იუნგ კიმმა მიითვალა. ნაკამურამ ორივე რეალიზაცია გამოიყენა და იაპონია 37:10 დაწინაურდა. აფრიკელებმა მაინც იბრძოლეს და დასკვნით ათ წუთში ორი ლელო გაიტანეს, თუმცა, პრემიალური მეოთხე ლელოს გასატანად დრო არ ეყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეალიზაცია ზუსტი იყო, საქართველოს მომავალი მეტოქე მაინც უქულოდ დარჩა.
“ანგარიშმა დაგვაკმაყოფილა, მაგრამ არა თამაშის ხარისხმა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ზიმბაბველები ფიზიკურად ძლიერები არიან და ეს უპირატესობა მატჩის მიწურულს სათანადოდ გამოიყენეს”, - თქვა იაპონიის კაპიტანმა უჩიდამ.
“ეს ჩვენი პირველი თამაში იყო ამ ტურნირზე და ვღელავდით. სწორედ ამის ბრალია პირველ ნახევარში ნაჩვენები სუსტი თამაში. მეორე ნახევარში სიტუაცია შევცვალეთ და ვეცდებით, მომდევნო შეხვედრაში უკეთ ვითამაშოთ. იაპონიის ნაკრები ძალიან მომეწონა. მათი ყველა მორაგბე სწრაფი და ჭკვიანია”, - დაამატა ზიმბაბვეს კაპიტანმა მარკო მამმა.
28 მაისს, იაპონია კანადას “ავჭალის” სტადიონზე, 14 საათზე ეთამაშება, ხოლო საქართველოს ნაკრები ზიმბაბვეს იქვე, 18 საათზე დაუპირისპირდება.
A ჯგუფის პირველ შეხვედრაში, სამოამ აშშ უშანსოდ დატოვა და 48:11 გაანადგურა. სამოელები ხელით ძალიან კარგად თამაშობდნენ და პირველივე იერიში ლელოთი დააგვირგვინეს. მათ ხელდახელ თამაშით მიაღწიეს ამერიკელთა ჩათვლის მოედნამდე და ოსეთალია ვაიომანუმ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, პატრიკ ფააპალემ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-9 წუთზე, პოლ ტუიამ შერკინებიდან გაიტანა ბურთი, ფააპალეს გადააწოდა, მანაც ხაზი გაჭრა, დაახლოებით, 20 მეტრი ირბინა და მეორე ლელო სუამალი ტუილეტუფუნგას გაატანა, გარდასახვა კი თავად გამოიყენა. ორ წუთში უილ მეგიმ არეკნი გაიტანა და ამერიკელებს იმედი დაუბრუნა, მაგრამ სამოამ ეს იმედი მე-15 წუთზე მოუკლა, როდესაც რობერტ ლილომაივამ მესამე ლელო მიითვალა. ფააპალეს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ შეცდომა ხუთიოდე წუთში გამოასწორა, როდესაც საკუთარი 22-დან მეტოქის 22-მდე ირბინა და ტალანგა ალოფიპოს ბურთი ჩათვლის მოედანში შეაყოლა. რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო, მაგრამ სამოას უკვე გატანილი ჰქონდა პრემიალური ოთხი ლელო და 24:3-ს იგებდა.
შესვენებამდე აშშ-მ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ტაიმში პირველის მსგავსად, ოთხი ლელო გაუშვა. 50-ე წუთზე, თავისი მეორე ლელო ტუილეტუფუნგამ მიითვალა, სამიოდე წუთში კი, მას მხარი ფაავაე ფაავაემ აუბა. ორივე რეალიზაცია არაზუსტი იყო - 34:6. მალე სამოელები ფაავაეს სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ და ამით აშშ-მ ისარგებლა - მედისონ ჰიუზი ჩათვლის მოედანზე ფეხით შეგორებულ ბურთს შეყვა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლომდე რობერტ ლილომაივამ პირველ ტაიმში გატანილ ერთს, კიდევ ორი მიაყოლა, ჰეთ თრიქი შეასრულა და მელელოვეთა დავაში დაწინაურდა, ფააპალემ და ფაავაემ კი თითო რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
სკოტ ლოურებსი (აშშ-ს მთავარი მწვრთნელი): “მეტოქე ფიზიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო და მათ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა. მომდევნო მატჩისთვის შეცდომებს გავითვალისწინებთ და ვეცდებით, რუსეთის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშოთ”.
“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაშიც ადრეული ლელოები დაგვეხმარა. ხელით კარგად ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და ამან კარგი შედეგი მოგვიტანა”, - თქვა სამოას კაპიტანმა ფააპელემ.
A ჯგუფის მეორე მატჩში, რუსეთმა ურუგვაის წინააღმდეგ პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშა და მერე სიტუაციის შეცვლა ვეღარ მოახერხა. ურუგვაელებმა თავიდანვე შეუტიეს და მალე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ აგუსტინ ორმაეჩეამ არაზუსტად დაარტყა. მე-10 წუთზე, ფედერიკო ფავარომ საოცარი რეიდი განახორციელა და ლელო გაიტანა, ორმაეჩეამ კი რეალიზაცია გამოიყენა. შვიდ წუთში ურუგვაელებმა მოლით შეუტიეს, მისი ჩაქცევის შემდეგ, ბურთი დურანმა აიტაცა და მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. ურუგვაელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო, ბურთს თითქმის სულ ისინი აკონტროლებდნენ და შესვენებამდე ბერშესიმ არეკნი, ხოლო ორმაეჩეამ ორი ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ტაიმი 23:0 მოაგებინა. მეორე ტაიმში რუსებმა ერთი ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ მატჩის ბოლო ათ წუთში ურუგვაიმ თავისი მესამე ლელო მიითვალა, რეალიზაცია გამოიყენა, მერე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და 33:5 იმარჯვა.
ანდრეი ჩერვიჩნი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ ტაიმში აშკარად ჩავვარდით, აკლიმატიზაცია ვერ გავიარეთ, აქ ძალიან ცხელა და თამაში არ გამოგვივიდა. ახლა ამოცანის შესრულება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენსას მაინც ვეცდებით”.
“მატჩის მოგება იოლი არ იყო. ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, თუმცა, შეხვედრის ბედი პირველმა ტაიმმა გადაწყვიტა”, - განაცხადა ურუგვაელთა კაპიტანმა ორმაეჩეამ.

მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
A ჯგუფი
24 მაისი. სამშაბათი. ავჭალა. 1000

სამოა - აშშ 48:11
რუსეთი - ურუგვაი 5:33
 

1 სამოა 1 1 0 0 48-11 5
2 ურუგვაი 1 1 0 0 33-5 4
3 რუსეთი 1 0 0 1 5-33 0
4 აშშ 1 0 0 1 11-48 0


28 მაისი. შაბათი
სამოა - ურუგვაი (შევარდენი, 14:00)
რუსეთი - აშშ (ავჭალა, 16:00)
1 ივნისი. ოთხშაბათი
ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)

B ჯგუფი
24 მაისი. სამშაბათი. შევარდენი

იაპონია - ზიმბაბვე 37:24
თბილისი. “ავჭალა”. 2000
საქართველო - კანადა 38:9
საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე (ვანო გაბროშვილი 54), 12. გიორგი მარგიანი, 11. გიორგი აბრამიძე, 10. გოდერძი ჭინჭარაული (უჩა მჭედლიშვილი 14, გიორგი ჟღენტი 63), 9. ჯიმი ღამბაშიძე (რამაზ ჯინაშვილი 67); 1. ზურაბ ჟვანია, 2. მერაბ მატკავა (ირაკლი ჩომახაშვილი 61), 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი (ზურაბ ერისთავი 77), 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ლევან თხელიძე (ნიკოლოზ ჩხიკვაძე 61).
4 ლელო: ჩილაჩავა, თხილაიშვილი, მიქაუტაძე, ჟვანია
3 გარდასახვა: კობახიძე
4 ჯარიმა: კობახიძე
 

1 საქართველო   1 1 0 0 38-9 5
2 იაპონია 1 1 0 0 37-24 5
3 ზიმბაბვე 1 0 0 1 24-37 0
4 კანადა  1 0 0 1 9-38 0

    
28 მაისი. შაბათი

იაპონია - კანადა (ავჭალა, 14:00)
საქართველო - ზიმბაბვე (ავჭალა, 18:00)
1 ივნისი. ოთხშაბათი
კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)

5 ივნისი. კვირა. ფინალები
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.189607