ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი დამოუკიდებელი ისტორიის შექმნა ორიოდე წლით ადრე დაიწყო და პირველი შეხვედრა ზიმბაბვეს ნაკრებთან გამართა.
1989 წელს საქართველოს აფრიკული გუნდი ეწვია და ქუთაისში, “ბორჯღალოსანთა” პირველი შეხვედრა სწორედ ზიმბაბვესთან გაიმართა, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა 16:3 მოიგეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 1990 წელს საქართველოს ნაკრები უკვე თავად ესტუმრა ზიმბაბვეს და ბულავაიოში 16:22 დამარცხდა, ერთი კვირის თავზე კი, იმავე მეტოქეს ჰარარეში 26:10 აჯობა. ახლა, იმ ქვეყნის 20-წლამდელთა გუნდს, რომელმაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან პირველი სამი შეხვედრა გამართა, თბილისში ქართველი 20-წლამდელები დაუხვდებიან და მეტოქის ძლევით, მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპის დაძლევისკენ მეორე ნაბიჯის გადადგმას ეცდებიან.
ეროვნული ნაკრების დონეზე, ზიმბაბველი მორაგბეები დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან. მართალია, მათ 1987 და 1991 წელს მსოფლიო თასზე ითამაშეს, მაგრამ ამის შემდეგ, პოზიციები დათმეს და ახლა მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 48-ე ადგილს იკავებენ. სამაგიეროდ, მათი ახალგაზრდული ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა და აგერ უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია, აფრიკას მსოფლიო თასის “ალაფაზე” წარადგენს. აღსანიშნავია, რომ მათ საკუთარი ქვეყანა არც გასულ წელს შეურცხვენიათ და წელსაც ბევრის გამწარებით იმუქრებიან.
2010 წლის მსოფლიო თასის “ალაფაზე” ზიმბაბვემ პირველად ითამაშა და ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში კანადასთან 6:22 დამარცხდა, მაგრამ მერე თასის მომავალ ფინალისტ იაპონიას დიდი ბრძოლა გაუმართა და ის მხოლოდ ფრეს დააჯერა - 20:20, ჯგუფის დასკვნით მატჩში კი, მასპინძელ რუსეთთან სარაგბო საზომებით მინიმალური სხვაობით წააგო - 19:21. სამაგიეროდ, მათ პაპუა ახალ გვინეას ბოლოსწინა ადგილისთვის ჯახში 46:22 აჯობა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
გასულ წელს, მსოფლიო თასზე ნათამაშები შემადგენლობიდან, წელს ზიმბაბვეს რიგებში ხუთი მორაგბე ირჯება. მართალია, ისინი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში დამარცხდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ურიგო რაგბი არ უჩვენებიათ და სავარაუდოდ, საქართველოსთან სასტარტო მღელვარებისგან გათავისუფლებულები უფრო გულიანად გაირჯებიან. პირველ ტურში ანგარიში ზიმბაბვემ გახსნა, ტომი ნელსონმა ჯარიმით იხეირა, მაგრამ, შესვენებამდე იაპონელებმა გაილაღეს და შესვენებაზე 20-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში აფრიკელებმა სხვაგვარი თამაში აჩვენეს, აქცენტი ხელით შეტევაზე გააკეთეს, კონტრიერიშებს საკუთარი ნახევრიდანაც კი ხელით იწყებდნენ და ეს არცთუ ურიგოდ გამოსდიოდათ. რაც მთავარია, ფიზიკურმა გამძლეობამ მათ იმის საშუალება მისცა, რომ ბოლომდე ებრძოლათ და მეორე ტაიმში სამი ლელოც მიითვალეს, მაგრამ იაპონიასთან საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 24:37. ლელოები ტაკურა ტელამ, კუდა ჩივანცამ და დილან კუტზემ მიითვალეს. სათქმელია, რომ სამივე მათგანი უკანახაზელია და ბოლო ორი შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა, ასე რომ, ზიმბაბველებს სათადარიგოები ძირითადზე ნაკლები არ უნდა ყავდეს.
იაპონელთა კაპიტანმა, კაისუკე უჩიდამ აფრიკელები ფიზიკურად ძალიან ძლიერ გუნდად დაახასიათა, ზიმბაბვეს კაპიტანმა მარკო მამამ კი პირველ ტაიმში ჩავარდნა სასტარტო მღელვარებას დააბრალა, მეორე ნახევარში ნაჩვენები თამაშით და შედეგით კმაყოფილება გამოთქვა და მომავალ მატჩს იმედიანად ელოდება.
საქართველოს ნაკრები ზიმბაბვესთან დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით ხვდება. იმის გამო, რომ ბიჭები მოსამზადებელ პერიოდში უმეტესად ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობდნენ, ბუნებრივ საფარზე გადაწყობა გაუჭირდათ და რამდენიმე მორაგბემ კუნთი გაიჭიმა. წესით, უმეტესობამ ამ მცირედი დაზიანებების მოშუშება უნდა მოახერხოს, აი, 10 ნომერი გოდერძი ჭინჭარაული კი, თანაგუნდელებს “ალაფაზე” ვეღარ დაეხმარება. ის კანადასთან მატჩის დებიუტშივე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. როგორც შემდგომში გაირკვა, ჭინჭარაულმა მხარი ამოიგდო... სამწუხაროდ, დაშავდა მის ნაცვლად შეცვლაზე შესული უჩა მჭედლიშვილიც და მოგვიანებით ისიც შეცვალეს, მაგრამ მან წესით თამაში უნდა შეძლოს. გაფართოებულ, 26-კაციან შემადგენლობაშია კიდევ ერთი მგეზავი, “ყოჩებში” მობურთალი ლუკა კვარაცხელია და მომდევნო მატჩებში თავის გამოჩენის შანსი მას აუცილებლად მიეცემა.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს კანადელთა ძლევა ძალიან გაუჭირდა. განსაკუთრებით მძიმე პირველი ტაიმი აღმოჩნდა, როდესაც “ბორჯღალოსნებმა” ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს და ტაიმი სულ რაღაც 12:3 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველებმა ძალა მოიკრიბეს და დიდი ძალისხმევის ფასად, მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რის შედეგადაც გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს. ლელოები მხოლოდ შერკინების მორაგბეებმა მიითვალეს - ლევან ჩილაჩავამ, გიგა თხილაიშვილმა, კოტე მიქაუტაძემ და ზურაბ ჟვანიამ, ხოლო ბახვა კობახიძემ, რომლის ანგარიშზეც პირველ ტაიმში გატანილი ოთხი ჯარიმა იყო, მონაგარს სამი რეალიზაცია შემატა და საქართველოს ნაკრებმა 38:9 იმარჯვა. ახლა კობახიძე საუკეთესო ბომბარდირთა სიას 18 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს სამ-სამი ქულით უსწრებს. უნდა ითქვას, რომ კანადელთა წინააღმდეგ “ბორჯღალოსნებმა” ძალიან კარგი დაცვა ითამაშეს და მეტოქე პრაქტიკულად უშანსოდ დატოვეს. ამასთან, ტრადიციულად, მძლავრი იყო საქართველოს ნაკრების შერკინებაც, რომელსაც მეტოქემ ვერაფერი დაუპირისპირა და მატჩის ბედი დიდწილად ამ ორმა კომპონენტმა განაპირობა.
საქართველოს ნაკრები ზიმბაბვეს “ავჭალის” სტადიონზე დაუპირისპირდება და შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
მანამდე, “ავჭალის” სტადიონზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იაპონია და კანადა, ერთმანეთს 14:00 საათზე დაუპირისპირდებიან. კანადელებს თასისთვის ბრძოლის შანსის შესანარჩუნებლად, იაპონელთა უეჭველად დამარცხება მართებთ. თავის მხრივ, იაპონელები კიდევ ერთხელ ეცდებიან მეტოქის ისე დამარცხებას, რომ მაქსიმალურად ნაკლები ენერგია დახარჯონ და თან მონაგარს ოთხი ლელოს გატანისთვის საპრემიო ქულაც შემატონ.
პარალელურად, ანუ 14:00 საათზე, “შევარდენზე” ტურნირის მოგების უმთავრესი ფავორიტი სამოა ურუგვაის დაუპირისპირდება. პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფის ლიდერები არიან, ახლა კი, ერთ-ერთ მათგანს პოზიციის გამყარების შანსი ეძლევა. აღსანიშნავია, რომ თუკი სამოელებმა იმარჯვეს და თან საპრემიო ქულაც აიღეს, მაშინ მათ ფინალში თამაში თითქმის განაღდებული ექნებათ. სამოელები მომავალ ჯახს შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ხვდებიან, რადგან აშშ-ს საკმაოდ იოლად, 48:11 აჯობეს და რვა ლელო გაუტანეს, ურუგვაის კი რუსეთთან დიდი ბრძოლა გადახდა, მხოლოდ სამი ლელო გაიტანა და საპრემიო ქულა ვერ აიღო, თუმცა, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობით გამარჯვებას მაინც მიაღწია - 33:5.
16:00 საათზე, “ავჭალას” სტადიონზე მეტად საინტერესო დაპირისპირება შედგება - ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, რუსეთი და აშშ ეთამაშებიან. პირველ ტურში ორივე მათგანმა მარცხი განიცადა და ახლა თეორიული შანსისთვის, უფრო კი, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და რაღა თქმა უნდა, პრინციპული მეტოქის ძლევით საკუთარი ქვეყნისთვის სიამოვნების მისანიჭებლად თუ იბრძოლებენ.
მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
A ჯგუფი
28 მაისი. შაბათი. II ტური
სამოა - ურუგვაი (შევარდენი, 14:00)
რუსეთი - აშშ (ავჭალა, 16:00)
1. სამოა 1 1 0 0 48-11 5
2. ურუგვაი 1 1 0 0 33-5 4
3. რუსეთი 1 0 0 1 5-33 0
4. აშშ 1 0 0 1 11-48 0
1 ივნისი. ოთხშაბათი
ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)
B ჯგუფი
28 მაისი. შაბათი. II ტური
იაპონია - კანადა (ავჭალა, 14:00)
საქართველო - ზიმბაბვე (ავჭალა, 18:00)
1. საქართველო 1 1 0 0 38-9 5
2. იაპონია 1 1 0 0 37-24 5
3. ზიმბაბვე 1 0 0 1 24-37 0
4. კანადა 1 0 0 1 9-38 0
1 ივნისი. ოთხშაბათი
კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)
5 ივნისი. კვირა. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია