“მეორე ტაიმში თამაშის ტაქტიკა შევცვალეთ. გვსურდა, რომ მაყურებლისათვის ლამაზი, გაშლილი რაგბი შეგვეთავაზებინა. ზიმბაბველები სწრაფები იყვნენ და ამით ქულების აღების შანსი მეტოქესაც მივეცით. ამიტომ, მეორე ნახევარში თამაში დავხურეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის ის ვითამაშეთ და სასურველი შედეგი მივიღეთ” – განაცხადა ზიმბაბვესთან 50:19 მოგებული თამაშის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა.
პირველ ტაიმში ქართველ მორაგბეებს ზიმბაბვესთან მართლაც რომ მძიმე ბრძოლა გადახდათ. მეტოქემ “ბორჯღალოსნებს” სასურველი, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შანსი არ მისცა და მეორე ნახევრის დებიუტშივე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მერე ქართულ ძალას წინ ვეღარ აღუდგა და დარჩენილ ოცდათვრამეტ წუთში ქულები მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა აგროვა. შედეგად, შესვენებამდე გატანილ სამ ლელოს, ქართველმა მორაგბეებმა მეორეში კიდევ ოთხი შემატეს და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს.
თამაშში ბურთი ზიმბაბველებმა შეიყვანეს, ლევან ჩილაჩავამ საკუთარ ნახევარზე, მარცხენა ფლანგზე დაახლოებით 20 მეტრი მოიგო. კარგ წინსვლას კარგი გაგრძელება მოჰყვა, საქართველოს ნაკრებმა მიძალება არ შეწყვიტა და მესამე წუთზე გუნდის კაპიტანმა დავით ლოსაბერიძემ ლელო გაიტანა, ბახვა კობახიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა. დასაწყისი ისეთი იყო, რომ გულშემატკივარი ქართველთა იოლი ძლევის სანახავად გაემზადა, მაგრამ ზიმბაბვე სულაც არ იყო ჯაბანი. მათ ძალიან კარგი რაგბი ითამაშეს, ხელით თამაშში აფრიკელები მასპინძლებზე უკეთესები იყვნენ და მე-7 წუთზე, მათი კარგი შეტევა ტომ ნელსონმა არეკნით დააგვირგვინა.
ზიმბაბვემ სიჩქარეები ჩართო, ჯუსტინ კოლემ ხაზი გაჭრა და თითქოს ლელო გარდაუვალი იყო, მაგრამ დაცვაში კარგად ითამაშა ლევან გოგოლაშვილმა მეტოქე ჩათვლის მოედნიდან ორიდე მეტრში შებოჭა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები მართლაც ცდილობდა თამაშის გაშლას. შერკინებიდან მიწოლის ნაცვლად, სადაც დიდი უპირატესობა გვქონდა, ლევან თხელიძე ბურთის სწრაფად გატანას და ხელით შეტევას ცდილობდა. მან იგივე საკუთარ 22-ში, შერკინებიდანაც სცადა, მაგრამ მალევე შებოჭეს, რასაც მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოყვა და ნელსონმა ახლოდან სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 6:7.
მიუხედავად იმისა, რომ არეულ თამაშში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, ასეთი სტილი შესვენებამდე გაგრძელდა და ეპიზოდურად ქართველი მორაგბეებიც ხეირობდნენ. ტაიმის შუაწელს ლუკა კვარაცხელიამ ხაზი კარგად გაჭრა, მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს და სალელოვე შანსი განიავდა. ბურთი კი დაიკარგა, მაგრამ ზიმბაბვემ ფეხით მისი ხეირიანად მოგერიება ვერ მოახერხა და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოლი ააგორა, დაახლოებით ათიოდე მეტრი წაიწია, მერე მას ჩილაჩავა მოეხსნა, დანარჩენი მანძილი დაფარა და ლელო მიითვალა, კობახიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა.
საქართველოს ნაკრებმა შეტევები კი განაგრძო, მაგრამ 30-ე წუთზე კონტრშეტევა მიიღო. ზიმბაბვემ საკუთარი 22-დან ხელით წამოიღო ბურთი, ქართველთა დაცვის ხაზი დაუწყობელი იყო, ამით აფრიკელებმა კარგად ისარგებლეს მეტოქის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე ჯასტინ კოლემ ლელო გაიტანა. 36-ე წუთზე, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როდესაც ბახვა კობახიძე უბურთო მეტოქის ბოჭვისთვის დაჯარიმდა და ნელსონმა წონასწორობა აღადგინა. ამას ქართველთა რიგებში ცვლილება მოჰყვა, მწვრთნელმა ნახევარმცველი, ცხრა ნომერი შეცვალა. “ბორჯღალოსნებმა” ნაცნობ ხერხს მიმართეს, ბოლო წუთებზე მეტოქეს შერკინებით შეუტიეს, სადაც დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მეტოქის 22-ში ზედიზედ ორი შერკინებიდან მოგებული მანძილის შემდეგ, ბურთი ბექა ბიწაძემ აიტაცა და ლელო გაიტანა, კობახიძემ კი რეალიზაცია კვლავ ზუსტად შეასრულა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 21:14 მოიგო.
დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი, კუდა ჩივანზა ფლანგზე გაიქცა და ზიმბაბველთა მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა შეინარჩუნა. ამან ქართველთა თამაში კიდევ უფრო აგრესიული გახადა, 46-ე წუთზე, მეტოქე თავისსავე 22-ში, მისი შერკინებისას დაიჩაგრა, ბურთი ზურაბ ძნელაძემ აიტაცა, მცველებთან ჭიდილში 7-8 მეტრა დაფარა და საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა, კობახიძემ კი რეალიზაციით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. რადგან პრემიალური ქულა - განაღდებული, ხოლო სხვაობა არცთუ დიდი იყო, 55-ე წუთზე, კობახიძემ დაახლოებით 15 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა და ანგარიში 31:19 გახადა.
ზიმბაბვემ გაიბრძოლა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს თავისი თამაში უკვე ნაპოვნი ჰქონდა. 57-ე წუთზე, ბიწაძემ მეტოქეს ფეხით გადაკიდება არ აცალა, კარგად დაუფარა, მერე სიჩქარეაკრეფილი ტყეშელიაძე მოძებნა და მანაც ძელებსშუამდე ირბინა, კობახიძემ კი რეალიზაცია შეასრულა. დასკვნით ოც წუთში, ქართველები აფრიკელთა 22-ში დამკვიდრდნენ. ძალისმიერ თამაშში “ბორჯღალოსნებს” ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ და მეტოქის ჩათვლის მოედანში ორჯერ შეაღწიეს, მაგრამ მსაჯმა ლელო არ დააფიქსირა. მერე ჩილაჩავამ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მსაჯს ეჭვის საბაბი აღარ დაუტოვა, კობახიძემ კი კვლავ ზუსტად დაარტყა - 45:19. გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯა, 38-ე წუთზე, 5-მეტრა შერკინების შემდეგ, ტყეშელიაძემ შეუტია და ქართველთა მეშვიდე ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, კანადელებთან მატჩის მსგავსად, კობახიძემ ბოლო რეალიზაცია გააფუჭა და ტაბლოზე 50:19 დარჩა.
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართველთა მთავარი უპირატესობა შერკინება და ძალისმიერი თამაშია. ზიმბაბვესთან კარგი რეპეტიცია გამოვიდა, თუმცა, იაპონელები და მით უმეტეს, სამოელები, აფრიკელებზე ბევრად უფრო სწრაფ რაგბს თამაშობენ, ბურთთანაც უკეთ არიან მათთან ექსპერიმენტებს თავიდანვე ძალისმიერი თამაში ჯობია. პირველი მატჩის მსგავსად, ქართველ მორაგბეებს ახლაც შეექმნათ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები, ოღონდ, არა იმ ოდენობით, რაც კანადელებთან იყო. ლოსაბერიძე მეორე ტაიმში სწორედ იმიტომ შეცვალეს, რომ დაშავდა, პირველი ტაიმში გახდა შესაცვლელი თხელიძე, ხოლო პირველი ნახევრის მიწურულს ჯინაშვილის შეცლა, უფრო ტაქტიკის ცვლილებით იყო გამოწვეული, ვიდრე ტრავმით.
“ანგარიში გუნდების ძალთა სხვაობას არ ასახავს. ქართველებმა უკეთ გამოიყენეს შესაძლებლობები და ამის ხარჯზე დაგვჩაგრეს. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ბრძოლას არ შევწყვეტთ და კანადასთან ჯახისთვის მოვემზადებით” - თქვა ზიმბაბვეს მთავარმა მწვრთნელმა ბრიჯ ჩივანდირემ.
B ჯგუფის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში, ქართველთა უმთავრესი მეტოქე იაპონია კანადას ეთამაშებოდა. ჩრდილოამერიკელებმა მეტოქეს დიდი ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ აზიელები მალე მოეგნენ გონს და საბოლოოდ, დამაჯერებელი გამარჯვებაც იზეიმეს, ოღონდ, ამას დიდი ძალები შეალიეს, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, თუმცა, უკეთესი იქნებოდა ,გამარჯვება კანადელებს დარჩენოდათ.
კანადამ აგრესიული რაგბი ითამაშა და საწყის ოც წუთში მეტოქე რაქში დაჯაბნა, მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ იაპონელებიც არ არიან ფიზიკურად ცუდად და შერკინებებში უკვე მათი უპირატესობა გამოიკვეთა, უბრალოდ, მათ დაცვაში თამაშისას უჭირთ. აზიელები თითქმის არ იყენებდნენ ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და ნებისმიერი პოზიციიდან ხელით შეტევას ცდილობდნენ. ისინი ძალიან სწრაფები და სხარტები არიან და თითოეული მათი მორაგბის შეკავებას ორი-სამი მცველი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებს სისწრაფე არ დაეწუნებოდათ, ისინი ქართველებთან კიდევ უფრო სწრაფად თამაშს გეგმავენ.
“მართალია მოვიგეთ, მაგრამ ბედნიერები სულაც არა ვართ. გვსურს, რომ საქართველოსთან უკეთ, უფრო სწრაფად ვითამაშოთ. მომავალ მეტოქესთან განსხვავებული შეხვედრა იქნება და ვეცდებით, რომ მეტი დრო შეტევაში გავატაროთ” - თქვა ნამატჩევს იაპონელთა კაპიტანმა კეისუკე უჩიდამ, რომელიც კანადელებთან მატჩში დაშავდა, მაგრამ სერიოზული არაფერია და საქართველოს წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.
საწყის წუთებში კანადელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მე-5 წუთზე, მეტოქის 22-ის ხაზთან აუტი მოიგეს, ბურთი სწრაფად გაათამაშეს, ჯეფ ჰასლერმა ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ლიამ უნდერვუდმა კი რეალიზაცია ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ უნდერვუდმა ვერცერთი დარტყმა ზუსტად ვერ შეასრულა და სამი რეალიზაცია და ერთი ჯარიმა გააფუჭა, არადა, მისი გამოყენებით სიტუაციის დაძაბვა შეეძლო და ბრძოლაც უფრო ხეირიანი გამოვიდა. ნელ-ნელა იაპონელები დალაგდნენ, სიჩქარეები ჩართეს და რამდენიმე გამოუყენებელი შანსის შემდეგ, მე-17 წუთზე მეტოქის წინააღმდეგობა გატეხეს. მათ შერკინებით შეუტიეს, მერე რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს, საბოლოოდ კი, ჩათვლის ხაზი პირველხაზელმა მაო ენოკიმ გადალახა, ხოლო ნაკამურამ რეალიზაცია გამოიყენა. 26-ე წუთზე, საკუთარი დერეფნიდან უკვე იაპონელებმა შეუტიეს, ბურთი სწრაფად გაათამაშეს, მცველებს თავგზა აუბნიეს, მასაკაცუ ჰიკოსაკამ ხაზი გაჭრა და უპირატესობა გაზარდა. ნაკამურას რეალიზაცია ძელს მოხვდა - 12:5.
ამას კანადელთა გააქტიურება და მათ მიერ აცილებული ჯარიმა მოჰყვა. მერე ჩრდილოამერიკელებმა ლელოს გატანა სცადეს, მაგრამ ცოტა დააკლდათ. კარგად ითამაშა კლეიტონ მეერესმა, რომელმაც თითქმის მთელი დაცვა მოატყუა, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში, რაქში გვერდიდან შესვლისთვის თავად დაჯარიმდა და ნაღვაწი წყალში ჩაყარა. იაპონელებმა საკუთარი 22-დან ხელით შეუტიეს, ნაკამურამ ხაზი გაჭრა და რიცხვობრივი უპირატესობა შექმნა, მაგრამ გადაცემისას შეცდა, ბურთი ჰასლერს ჩააბარა, რომელმაც იაპონელთა ჩათვლის მოედნამდე 30 მეტრი ირბინა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ არაზუსტი რეალიზაციის გამო, ანგარიშის გათანაბრების შანსი დაიკარგა.
როცა ბურთს იაპონელები აკონტროლებდნენ, მთელი გუნდი მოძრაობდა, ამით კანადელთა დაცვა ირეოდა და ბევრი ხვრელი ჩნდებოდა. ასე მოხდა ტაიმის მიწურულსაც, როდესაც მასაკაცუ ჰიკოსაკა ფლანგზე მარტოდმარტო დარჩა და ლელო მიითვალა. ნაკამურამ რეალიზაცია გააფუჭა და ტაიმი 17:10 დასრულდა. მეორე ტაიმი დაიწყო და ჰასლერმა კიდევ ერთი კარგი გარღვევა წამოიწყო, მაგრამ მას არავინ მიყვა და სალელოვე შანსი დაიკარგა, მერე ბურთი იაპონელებმა მოიხელთეს, სწრაფად შეუტიეს, ფლანგზე უპირატესობა მოიპოვეს და კენ კუროსავამ პრემიალური მეოთხე ლელო გაიტანა, ნაკამურას რეალიზაცია კი ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, 52-ე წუთზე, მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 25:10 გახდა.
კანადამ 68-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან ხელით შეუტია, მეერესმა ხაზი გაჭრა, როცა ის შებოჭეს ბურთი მარცხნოივ ჩათამაშდა და არდრონმა ლელოთი ჩამორჩენა ათ ქულამდე დაიყვანა. ჩრდილოელებმა მატჩის გადასარჩენად გაიბრძოლეს, ჯარიმები აუტში გადაიტანეს და ლელოზე ითამაშეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეტოქის 22-ში და მის სიახლოვეს ზედიზედ ორი საკუთარი დერეფანი წააგეს. მერე იაპონიამ ფეხით ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, ბოლომდე იბრძოლა და კოკი ნოდამ ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:15. შეხვედრას იაპონიის ელჩი საქართველოში და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრნენ.
A ჯგუფის პირველ შეხვედრაში, სამოამ “შევარდენზე” ურუგვაის უმასპინძლა და 37:6 იმარჯვა. სამოელებმა ანგარიში დებიუტშივე ჯარიმით გახსნეს, ურუგვაიმ არეკნით უპასუხა, მერე კი კუნძულელებმა გაილაღეს და შესვენებამდე სამი ლელო გაიტანეს. ორჯერ ფაავაემ იხეირა, ერთხელ ფაპელემ და ტაიმი 20:3 დასრულდა. ურუგვაიმ მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმით ჩამორჩენა კი შეამცირა, მაგრამ სამოამ მალე მეოთხე ლელო გაიტანა და პრემიალური ქულა მოიპოვა, შეხვედრის დასრულებამდე კი, მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ ორჯერ შეაღწია.
ამავე ჯგუფის აუტსაიდერები რუსეთი და აშშ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებნენ. მოედანზე რამდენჯერმე ატყდა ხელჩერთული ჩხუბი. აგრესიულობით უმეტესად რუსები გამოირჩეოდნენ და წაქცეულის ცემისათვის, 35-ე წუთზე, ალექსეი სკობიოლა ყვითელი ბარათითაც დაისაჯა, მაგრამ ამ აგრესიულობამ რუსეთს 42:36 მოაგებინა. შეხვედრა ჩრდილოელი მეზობლების უპირატესობით დაიწყო, შეხვედრა ძირითადად ამერიკელთა ნახევარზე მიმდინარეობდა და გოდლიუკმა რუსეთი ორი ჯარიმით დააწინაურა, მე-18 წუთზე კი, სიმპლიკევიჩმა ლელოც მიითვალა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა.
აშშ ტაიმის შუაწელს გამოერკვა და ჯერ ჯარიმით სცადა ფონს გასვლა, მაგრამ შორეული დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 23-ე წუთზე, მედისონ ჰუგესმა ფლანგზე ხაზი გაჭრა, მერე ცენტრისკენ შეიწია, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 3-4 მეტრში, შებოჭილმა ოლივერისთვის გადაცემის გაკეთება მოახერხა და მასაც ლელოს გატანის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ამას რუსთა საპასუხო შეტევა მოყვა, გოდლიუკიმ ვითომ გადაცემის იმიტირებით მეტოქის მთელი დაცვა მოატყუა, ხაზი გაჭრა და ბურთი ჩათვლის მოედანში სიმპლიკევიჩს შეაყოლა. შესვენებამდე აშშ-მ ჯარიმა გამოიყენა, რისთვისაც რუსებისგან ცემით დაისაჯა და ტაიმი 20:10 დასრულდა.
რიცხვობრივი უპირატესობა აშშ-მ ვერც შესვენებამდე გამოიყენა და ვერც მეორე ნახევრის დებიუტში. პირიქით, კაცნაკლულმა რუსებმა იქით შეუტიეს, სიმპლიკევიჩმა მაღალ სიჩქარეზე დაცვის ხაზი გაჭრა და თავისი მესამე ლელო გაიტანა - 27:10. ამას აშშ-მ კარგი იერიშით უპასუხა და ბუბა ჯონსმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, კოულმა კი გარდასახვით ის ათ ქულამდე დაიყვანა. რუსებმა შეტევები გააგრძელეს და მათ მიძალებას თითქოს ლელო უნდა მოყოლოდა, გოდლიუკი რაქს ბურთიანად გადაახტა, მაგრამ მისი დამიწება ვერ შეძლო. შედეგად, აშშ-მ სწრაფი საპასუხო შეტევა წამოიწყო საკუთარი ჩათვლის მოედნიდან მეტოქისამდე ორმა მორაგბემ ირბინა. ბუბა ჯონსს 75-მეტრიანი რივოკის შემდეგ, მცველი კი დაეწია, მაგრამ მან ჰუგესს გადააწოდა, კოულმა კი რეალიზაცია კვლავ ზუსტად დაარტყა და სიტუაცია დაძაბა - 24:27. ამის შემდეგ, თამაში ასე გაგრძელდა - ლელო ჯერ რუსეთს გაჰქონდა, მერე აშშ ეწეოდა, მაყურებელმაც სახალისო თამაში და ჯამში ათი ლელო იხილა - ხუთი რუსეთის, ხუთი ამერიკის. ამრიგად, აშშ-მ ორი პრემიალური ქულა აიღო, ერთი ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ერთი 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, რუსეთმა კი გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც მიიღო და ტურის ბოლო მატჩში, ფინალში გასვლის თეორიული შანსი დაიტოვა.
მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
A ჯგუფი
28 მაისი. შაბათი. II ტური
სამოა - ურუგვაი 37:6
რუსეთი - აშშ 42:36
1. სამოა 2 2 0 0 85-17 10
2. რუსეთი 2 1 0 1 47-69 5
3. ურუგვაი 2 1 0 1 39-42 4
4. აშშ 2 0 0 2 47-90 2
1 ივნისი. ოთხშაბათი
ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)
B ჯგუფი
28 მაისი. შაბათი. II ტური
იაპონია - კანადა 30:15
საქართველო - ზიმბაბვე 50:19
საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე (ვანო გაბრიშვილი 58), 12. გიორგი მარგიანი (უჩა მჭედლიშვილი 62), 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. ლუკა კვარაცხელია, 9. რამაზ ჯინაშვილი (ჯიმი ღმაბაშიძე 36); 1. ზურაბ ჟვანია (ირაკლი ჩომახაშვილი 76), 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა (ზაზა ნავროზაშვილი 71), 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (გიორგი ჟღენტი 62), 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ლევან თხელიძე (ნიკოლოზ ჩხიკვაძე 23).
7 ლელო: ლოსაბერიძე, ჩილაჩავა (2, 6), ბიწაძე, ძნელაძე, ტყეშელიაძე (5, 7)
6 გარდასახვა: კობახიძე
1 ჯარიმა: კობახიძე
1. საქართველო 2 2 0 0 88-28 10
2. იაპონია 2 2 0 0 67-39 10
3. კანადა 2 0 0 2 24-68 0
4. ზიმბაბვე 2 0 0 2 43-87 0
1 ივნისი. ოთხშაბათი
კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)
5 ივნისი. კვირა. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია