არგენტინელი მარტინ ბუსტოს მოიანოს მიერ ბოლო წუთზე გატანილმა ჯარიმამ, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ნახევარფინალში, ქართველების “მონპელიეს”, “რასინგ მეტროზე” ერთქულიანი უპირატესობა მოაპოვებინა და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში, ის ფინალში ითამაშებს.
მარსელის “ველოდრომზე” გამართული შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის და გიორგი ჩხაიძის გუნდი, მეტოქეს 17 ქულით ამარცხებდა, მაგრამ “რასინგ მეტრომ” სიტუაცია სათავისოდ შეატრიალა და შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე წინაც გაიჭრა. მოკლედ, მატჩის პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. “რასინგ მეტრომ” ანგარიში ფრასუა შტეინის ჯარიმით გახსნა, მოიანომ ჯარიმით მე-12 წუთზე გაათანაბრა. მალე, “მონპელიე” ფაბიენ როლფესის სინბინით დაისაჯა და ჯონათან ვიშნევსკიმ ჯარიმით კვლავ თავისიანები დააწინაურა, თუმცა, კაცნაკლულმა “მონპელიემ” ჯარიმის უფლება თავადაც მოიპოვა და მე-19 წუთზე წონასწორობა აღდგა.
“მონპელიე” უდისციპლინობით გამოირჩეოდა და ყვითელი ბარათით მეორედაც დაისაჯა - 52-ე წუთზე, რეფერიმ ტრინ დუკი გაასინბინა, მაგრამ “რასინგ მეტროს” დამრტყმელმა, ჯონათან ვიშნევსკიმ ყოველივე ეს სათანადოდ ვერ გამოიყენა, რამდენიმე ჯარიმა გააფუჭა და ამან “მონპელიეს” მოგება განაპირობა.
ქართველთა გუნდმა ინიციატივა 32-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც ფაკეტის გარღვევის შემდეგ, მირანდემ ლელო დადო და თანაგუნდელები დააწინაურა, მოიანომ კი რეალიზაცია გამოიყენა. “მონპელიემ” უპირატესობა მე-2 ტაიმის დაწყებისთანავე გაზარდა - ტრინ დუკის გარღვევას მხარი სანტიაგო ფერნანდესმა აუბა და არგენტინელმა ლელო კუთხეში გაიტანა, მეორე არგენტინელმა კი რეალიზაცია არ გააფუჭა.
51-ე წუთზე, მოიანომ მონაგარს კიდევ ერთი ჯარიმა შეჰმატა და გუნდი 23:6 დააწინაურა. თითქოს “მონპელიეს” გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ “რასინგ მეტრომ” ბოლომდე იბრძოლა. 52-ე წუთზე, “მონპელიე” სინბინით დაისაჯა და რამდენიმე წამში ბობომ “რასინგ მეტროს” პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, თუმცა, სანამ “მონპელიეს” დასჯილი მორაგბე სინბინიდან დაბრუნდებოდა, ვიშნევსკიმ რიცხვობრივი უპირატესობით თანაგუნდელები მეორედ ახეირა, ამჯერად, რეალიზაციც ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა.
ოც წუთში ხუთქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და “რასინგ მეტრომაც” მოინდომაც, რაც ლელოთი 74-ე წუთზე დაგვირგვინდა. ვიშნევსკის ამჯერად მიზანმა აღარ უმტყუნა და რეალიზაციით თანაგუნდელები დააწინაურა, მაგრამ იმ დღეს გამარჯვებას “მონპელიე” უფრო იმსახურებდა - ბოლო წუთზე, მოიანომ ჯარიმა ზუსტად დაჰკრა და საკუთარ გუნდს 26:25 მოაგებინა.
გოდერძი შველიძე და გიორგი ჩხაიძე, ტრადიციულად, განაცხადში არ იყვნენ, გიორგი ჟღენტი და მამუკა გორგოძე კი, თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთვნენ. გორგოძემ შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა, პირველხაზელი ჟღენტი კი, მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა.
ამრიგად, “მონპელიე” ოთხ ივნისს, პარიზში, “სტად ფრანსეზე”, Top 14-ის ფინალში ითამაშებს და იქ “ტულუზას” დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” დაამარცხა - 29:6.
საფრანგეთის აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ძალიან დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტოქეზე სამჯერ უფრო მეტხანს აკონტროლებდა, მაგრამ “ტულუზამ” საოცარი” დაცვა აჩვენა, მეტოქის შეცდომები საუკეთესოდ გამოიყენა და მიზანსაც უწია. ზირაქაშვილი თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერაფრით უშველა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია