საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს პირველ ივნისს სტადიონ “ავჭალაზე” ჯგუფის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ერთგვარი მცირე ფინალი ელის. იაპონიასთან დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს იმ გუნდის ვინაობა, რომელიც B ჯგუფიდან გადამწყვეტ მატჩში A ჯგუფის გამარჯვებულს, სავარაუდოდ სამოას, მსოფლიო თასის “ალაფისთვის” შეერკინება.
ორი ტურის შემდეგ, იაპონიას და საქართველოს ქულათა მაქსიმუმი აქვთ. ორივემ ზიმბაბვე და კანადა ისე დაამარცხეს, რომ პრემიალური ქულებიც მიითვალეს და ახლა 18:00 საათზე უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმსახურებს საუკეთესო თორმეტეულში მოხვედრისთვის ბრძოლის უფლებას. “ავჭალაზე” ერთმანეთს ორი განსხვავებული სტილის ნაკრები შეერკინება, მაყურებელი საუკეთესო თამაშს იხილავს და იმედია, პუბლიკის უმეტესობა ნამატჩევს ბედნიერი იქნება.
საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს გარკვეული პრობლემებით ხვდება. პირველ მატჩში დაშავებულ ათიანს, გოდერძი ჭინჭარაულს, რომელმაც მხარი ამოიგდო და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა, ზიმბაბვესთან შეხვედრაში რვა ნომერი ლევან თხელიძე დაემატა, რომელიც მენჯის პრობლემის გამო დარჩენილ ორ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებს” ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად გაფართობულ შემადგენლობას ხვიჩა ბუჯიაშვილი დაემატა, იაპონიასთან მომავალ დაპირისპირებაში კი, ტრავმებისა თუ ტაქტიკური მოსაზრებების გამო, რამდენიმე ცვლილება იქნება.
შერკინების პირველი და მეორე ხაზე ისეთივე იქნება, როგორიც ზიმბაბვესთან შეხვედრაში, ხოლო მესამე ხაზში ერთი ცვლილებაა - ტრავმირებული რვა ნომერი ლევან თხელიძის ნაცვლად, ამ პოზიციაზე გუნდის კაპიტანი დავით ლოსაბერიძე ითამაშებს, რომელიც აქამდე უკანა ხაზში, შუამარბის პოზიციაზე ირჯებოდა. ნახევარდაცვაში, ათ ნომერზე ძირითად შემადგენლობაში იქნება ლუკა კვარაცხელია, რომელიც ზიმბაბვეს წინააღმდეგაც გაისარჯა, ხოლო ცხრა ნომერზე ძირითად შემადგენლობაში დადგება ჯიმი ღამბაშიძე, რომელიც პირველ შეხვედრაში, კანადასთან ძირითად შემადგენლობაში, ზიმბაბვესთან კი, პირველ ტაიმში შეცვლაზე ითამაშა. შერკინების ხაზში ლოსაბერიძის გადასვლამ, ბუნებრივია, ცვლილებები უკანა ხაზში გამოიწვია. მის პოზიციაზე ვანო გაბროშვილი გაირჯება, რომელმაც ლოსაბერიძე ორივე შეხვედრაში, მეორე ნახევარში შეცვალა, ხოლო უკანა ხაზის ფლანგზე ძირითად შემადგენლობაში ლევან გოგოლაშვილს გიორგი აბრამიძე ჩაანაცვლებს, ვინც კანადელთა წინააღმდეგ სრულად გაისარჯა და ოთხი დღის წინ დაისვენა.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ პაატა ნარიმანაშვილს სასტუმრო “ბომონდ გარდენში” ესაუბრა: “პირველ ორ მატჩში რა მოგვეწონა და არა, რა დავალებები შესრულდა და რა ვერა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რაც მთავარია და რაც ყველას მოგვეწონა, მიზანი შესრულდა - ორივე თამაში მოვიგეთ და ორივეში ავიღეთ პრემიალური ქულები, მთავარი კი, სწორედ ეს იყო. მართალია ამ თამაშებში ენერგიის დაზოგვა ვერ მოვახერხეთ და საჭირო შედეგის მისაღწევად სრულად დახარჯვა მოგვიწია, მაგრამ ეს თავიდანვე იყო გათვლილი და გადაღლას არ ვიჩუვით. უფრო მეტიც, ახლა, როდესაც ბიჭები ინტენსიური ვარჯიშებისგან დავასვენეთ, მათ ფიზიკური მზადყოფნის მხრივ არანაირი პრობლემა არა აქვთ და იმაზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ტურნირის დასაწყისში იყვნენ.
როგორც ხელმძღვანელობამ, ასევე ნაკრების წევრებმა, კარგად ვიცოდით, რომ მთავარი ბრძოლები ბოლო ორ შეხვედრაში გველოდა და მეტოქეებისთვის გარკვეული სიურპრიზები შემოვინახეთ. წინა შეხვედრებში ყველა ის კომბინაცია არ გამოვამზეურეთ, რომლებიც ვარჯიშებზე დავხვეწეთ. იაპონიასთან რაიმეს დამალვა აღარ გამოვა და საქართველოს ნაკრების ნამდვილ ძალას მაყურებელიც ახლა იხილავს. დავით ლოსაბერიძის რვა ნომერზე დაყენება, გარკვეულწილად სწორედ ამ სიურპრიზის ნაწილია. ის ამ პოზიციაზე კლუბშიც ხშირად თამაშობს და შერკინების ხაზში ჩვენც გამოგვიყენებია, ასე რომ, მისთვის აქ თამაში სიახლე სულაც არ იქნება. ამით ჩვენი შერკინება უფრო მოძრავი გახდება და ეს მეტოქისთვის ერთი სიურპრიზი იქნება.
აქამდეც ვიცოდით, რომ იაპონიას ძალიან კარგი, მაღალი დონის ნაკრები ყავდა. აზიელები სწრაფ, გამართულ რაგბის თამაშობენ და საკუთარი სისწრაფის ხარჯზე რაქებსა და სხვა ეპიზოდებში რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან. მათი მთლად უბურთოდ დატოვება არ გამოვა, მაგრამ ვეცდებით, რომ ხისტი თამაშით სივრცეები არ დავტოვოთ და იაპონელებს სისწრაფის გამოყენების საშუალება არ მივცეთ. მწამს, რომ საქართველოს ნაკრებს იაპონიის დამარცხება შეუძლია და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ, დანარჩენი კი, უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება”.
B ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა “შევარდენზე” გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. ზიმბაბვესა და კანადის ნაკრებებს გასარკვევი მხოლოდ ის დარჩათ, თუ ვინ დაიკავებს მესამე ადგილს და ვინ ითამაშებს ტურნირზე მეხუთე, ან ბოლოსწინა ადგილის დასაკავებლად.
A ჯგუფის პირველი თამაში 14:00 საათზე “ავჭალაზე” დაიწყება და მასში აშშ ურუგვაის დაუპირისპირდება. ამ გუნდებს ფინალში თამაშის თეორიული შანსიც კი არ შერჩათ, მაგრამ ჯგუფში მეორე საფეხურის დაკავება და ჯამში პრესტიჟული მესამე ადგილისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ და სავარაუდოდ, თავსაც არ დაზოგავენ. ორი საათის შემდეგ, “ავჭალას” მოედანზე სამოა და რუსეთი გავლენ და სამოელები ფინალში გასვლის ოფიციალურად გაფორმებას ეცდებიან. მათი თამაშის შემხედვარე აბა ეს რა მოსატანია, მაგრამ სამოელებს ამისათვის ერთი პრემიალური ქულის აღებაც ჰყოფნით. ანუ, ვთქვათ და ისინი დამარცხდნენ, მეტოქეს შვიდზე მეტი ქულით არ უნდა ჩამორჩნენ, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანის საშუალება არ მისცენ, რათა პრემიალური ქულა რუსებმაც ვერ აიღონ და საქმე გაკეთებული იქნება.
მოკლედ, ხვალიდან საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილი ბრძოლა იწყება, სადაც ტაქტიკისა და კომბინაციების დამალვა აღარ იქნება და “ბორჯღალოსნები” ქართველი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას ეცდებიან.
საქართველოს ნაკრები იაპონელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. ვანო გაბროშვილი, 12. გიორგი მარგიანი, 11. გიორგი აბრამიძე, 10. ლუკა კვარაცხელია, 9. ჯიმი ღამბაშიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. დავით ლოსაბერიძე.
სათადარიგოები: 16. მერაბ მატკავა, 17. ზაზა ნავროზაშვილი, 18. გიორგი ჟღენტი, 19. ნიკოლოზ ჩხიკვაძე, 20. რამაზ ჯინაშვილი, 21. უჩა მჭედლიშვილი, 22. გიგა გაგოშვილი.
მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი
მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო). III ტური
A ჯგუფი
1 ივნისი. ოთხშაბათი
ურუგვაი - აშშ (ავჭალა. 14:00)
სამოა - რუსეთი (ავჭალა. 16:00)
1 | სამოა | 2 | 2 | 0 | 0 | 85-17 | 10 |
2 | რუსეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 47-69 | 5 |
3 | ურუგვაი | 2 | 1 | 0 | 1 | 39-42 | 4 |
4 | აშშ | 2 | 0 | 0 | 2 | 47-90 | 2 |
B ჯგუფი
1 ივნისი. ოთხშაბათი
კანადა - ზიმბაბვე (შევარდენი. 14:00)
საქართველო - იაპონია (ავჭალა. 18:00)
1 | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 88-28 | 10 |
2 | იაპონია | 2 | 2 | 0 | 0 | 67-39 | 10 |
3 | კანადა | 2 | 0 | 0 | 2 | 24-68 | 0 |
4 | ზიმბაბვე | 2 | 0 | 0 | 2 | 43-87 | 0 |
5 ივნისი. კვირა. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია