ამბები

14:14 | 2.06.2011 | ნანახია 1913 - ჯერ

ახალი მწვრთნელით ძველი მიზნებისთვის

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები, დღეს უნგრეთის ქალაქ ზანკაში გაემგზავრა, სადაც 4-5 ივნისს, ერთი ნაბიჯით აღსაზევებლად, ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
7-ქალა ნაკრები მომავალი ტურნირისთვის ერთგვარი სიახლეებით ემზადება. გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა ქალთა რაგბის მთავარი შემოქმედი ზურაბ დუგლაძე. მისი ადგილი საქართველოს ეროვნული და 7-კაცა ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პალიკო ჯიმშელაძემ დაიკავა და გოგონების თქმით, წვრთნის პროცესში სიახლეები მრავლად დაინერგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თავკაცი საქმეს მარტის თვიდან შეუდგა, განვლილ ორ თვეში ახალი კომბინაციების დამუშავება მოხერხდა და ამან ქართული 7-ქალა სულ სხვა დონეზე უნდა გაიყვანოს.
ევროპის რაგბის მმართველებმა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, ქალთა 34 ნაკრები სამ ჯგუფად დაჰყვეს. საუკეთესო 12 ნაკრები Top 12-ად წოდებულ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს და ევროპის ჩემპიონის სახელის მოსახვეჭად იბრძოლებს. მეორე დივიზიონში ასევე 12 გუნდია, რომელთაგან 2 საუკეთესო საგაისოდ Top 12-ის ორ უარეს ნაკრებს ჩაანაცვლებს, ხოლო მეორე დივიზიონის ორ ნაბოლარა ადგილს მესამე დივიზიონის ორ საუკეთესოს დაუთმობს. მესამე დივიზიონში სულ 10 გუნდი თამაშობს და მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში პოლონეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ლუქსემბურგისა და სკანდინავიელი “ბარბაროსების” წინააღმდეგ ითამაშებს. A ჯგუფში მასპინძელი უნგრეთი, ლიტვის, დანიის, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებები გამოდიან. ჯგუფის ორი საუკეთესო ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებს, მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები ევროპის ბოლოსწინა გუნდის სახელისთვის იბრძოლებენ.
გასულ წელს, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა 7-დან ხუთი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, მაგრამ ჯამში მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ეს იმიტომ, რომ მარცხი და ფრე ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა და მეტოქე პოლონეთს გატანილ-გაშვებული ქულებით (3 ქულით) ჩამორჩა, რის შედეგადაც ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. წელს, 21-22 მაისს, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა მონაწილეთა მხრივ “რაგბი შვიდის” უდიდეს, ამსტერდამის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ნაწილობრივ აღმოფხვრა. ჰოლანდიაში ქართველ გოგონებს Top 12-ის გუნდებთან მოუწიათ ბრძოლა და მართალია, მათთან მარცხი განიცადეს, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ, დიდი სხვაობით არავის დანებებიან და უნგრეთშიც იმის იმედით მიდიან, რომ საგაისოდ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ.
ქართველი გოგონები ჯგუფურ ეტაპს პირველსავე დღეს მოილევენ. პირველი მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრები იქნება, მას სკანდინავიელ “ბარბაროსებთან” ჯახი მოყვება, რომლებსაც გასულ წელს 7:0 სძლიეს, მერე ჯგუფის ლიდერები, საქართველო და პოლონეთი ითამაშებენ, რომელთა შეხვედრაც გასულ წელს ფრედ, 14:14 დასრულდა, სულ ბოლოს კი, ჯიმშელაძის შეგირდებს ბოსნია ჰერცოგოვინის ნაკრები ელით. ხუთ ივნისს, საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მატჩი აღარ ელის და იმედია, თასის ნახევარფინალს უკვე დასვენებული შეხვდება.

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077358