ამბები

18:03 | 2.06.2011 | ნანახია 4154 - ჯერ

შანსი ოცდაექვსისთვის - რუმინეთში ზელანდიის საგზურისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ოცდაექვსმა კანდიდატმა, რუმინეთში, ბუქარესტში გასამართ IRB-ს ერთა თასზე უნდა დაადასტუროს საკუთარი შესაძლებლობები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, მათგან რამდენიმეს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე წაყვანას ამის შემდეგ გადაწყვეტს.
2006 წლიდან ტრადიციულად ქცეულ ტურნირს, ბუქარესტი მეხუთედ მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები კი, მასში მონაწილეობას მეოთხედ იღებს. სულ პირველი გათამაშება ლისაბონში გაიმართა და მაშინ ტურნირში მონაწილეობა ოთხმა ნაკრებმა მიიღო, ხოლო მომდევნო წლიდან, IRB-ს ერთა თასმა ბინა ბუქარესტში დაიდო და ის ტრადიციულად ივნისის დასაწყისში იმართება. 2009 წელს საქართველოს ნაკრებმა ძალების მოსინჯვა შორეულ ამერიკაში, “ჩერჩილის თასზე” გადაწყვიტა და რუმინეთში ამის გამო ვერ ჩავიდა, სხვა დროს კი, ტურნირს სხვადასხვა მიზნებისთვის ყოველთვის კარგად იყენებდა.
სამწუხაროდ, დროის ამ მონაკვეთში, იმის გამო, რომ ქართველ ლეგიონერებს ფრანგული კლუბები ჰყავდათ მოსაძებნი, ან უკვე მოძებნილი გუნდები არ ათავისუფლებდნენ, ან უბრალოდ დასვენება ესაჭიროებოდათ, უძლიერესი შემადგენლობის შეკრება ვერასდროს ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, 2007 წელს - მესამე, ხოლო 2008 წელს ჯამური მეორე ადგილის დაკავება მოხერხდა, მაგრამ გასული წელი ერთგვარად სამარცხვინო აღმოჩნდა და ნამიბიასთან მარცხმა მსოფლიოს რეიტინგში რამდენიმე საფეხური დაგვაკარგვინა, გუნდმა კი, მხოლოდ ბოლოსწინა, მეხუთე ადგილი დაიკავა.
რადგან ქართული რაგბის მმართველებმა წინდაწინ იცოდნენ, რომ უძლიერესი შემადგენლობის შეკრება ვერც ამჯერად მოხერხდებოდა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს თხოვნით მიმართა, რუმინეთში საქართველოსთვის A ნაკრების სახელით თამაშის უფლება მოეცათ, რათა რეიტინგი და პრესტიჟი ხელშეუხებელი დარჩენილიყო, მაგრამ უარი მიიღეს. შედეგად, რიჩი დიქსონმა რამდენიმე ლიდერს, ისეთებს, როგორებიც დავით ზირაქაშვილი, მამუკა გორგოძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი აბუსერიძე, დავით კაჭარავა, გიორგი ჩხაიძე, თედო ზიბზიბაძე, ლაშა მალაღურაძე, გრიგოლ ლაბაძე (და სხვები) არიან, დასვენების საშუალება მისცა, მაგრამ ბუქარესტში მაინც ძლიერი შემადგენლობა მიყავს.
IRB-ს ოფიციალურ საიტთან საუბარში, “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელმა აქამდე არაერთხელ ნათქვამი კიდევ ერთხელ გაიმეორა: “წელს ამ ტურნირს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება შანსი ზოგიერთი ჩვენი მორაგბისთვის, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნოს და ახალ ზელანდიაში გამგზავრების უფლება დაიმსახუროს. ამასთან, გამოვცდით ისეთ მოთამაშეებსაც, რომელთა ზურგზეც მომდევნო ოთხწლიანი ციკლი გადაივლის”.
რუმინეთში არ ითამაშებს და სავარაუდოდ, მსოფლიო თასზეც ვერ მოხვდება პირველხაზელი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელმაც ახლახანს კონტრაქტი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის “ბრივთან” გააფორმა. რუმინეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნატრიაშვილის საქმე, რომელიც თბილისის “არმიას” ღირსებას იცავდა, უკან-უკან წავიდა. ის სათამაშო ფორმას კარგავდა და ამ დროს “ბრივის” ვარიანტის ხელიდან გაშვება ერთგვარი დანაშაული იქნებოდა. ამიტომ, მორაგბე და საქართველოს რაგბის კავშირი ფრანგთა მოთხოვნას დათანხმდნენ, რომლებიც გარანტიას ითხოვდნენ, რომ ირაკლის გარკვეული პერიოდით ეროვნულ გუნდში აღარ დაუძახებდნენ და კლუბისათვის სრულად დახარჯვის საშუალება ექნებოდა.
საქართველოს ნაკრების ოცდაექვსკაციან სიაში რამდენიმე დებიუტანტია. ამასთან, ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა “ბორჯღალოსანთა” რამდენიმე ვეტერანი და გამოცდილი მორაგბე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბოლო დროს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება არ უწევდათ. ბუქარესტში ქართველთა პირველი მეტოქე სამხრეთ აფრიკის “კინგსი” იქნება, რომელიც 2009 წელს ჩამოყალიბდა და ის სამი პროვინციის - ჩრდილოეთ კეიპის, დასავლეთ კეიპის და აღმოსავლეთ კეიპის პროვინციების საუკეთესო მორაგბეებს აერთიანებს, სამომავლოდ კი, სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირ ზე-15-ში თამაშს აპირებს. ქართველების გარდა, აფრიკელებს რუმინელებთანაც უწევთ თამაში, კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ეს გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებიან და მათთან თამაშს სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან. აფრიკელები ამბობენ, რომ ამ ევროპულ გუნდებს უკეთ მომზადებაში დაეხმარებიან.
“ბორჯღალოსანთა” მომდევნო მეტოქე არგენტინის A ნაკრებია. “იაგუარებს” საქართველო ერთხელ უკვე ეთამაშა და თბილისში დაამარცხა, ახლა კი, სამხრეთამერიკელებს რევანში სწყურიათ. ამასთან, არგენტინის ეროვნული ნაკრები, ახალ ზელანდიაში, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მეტოქე იქნება და ამ კუთხით, მათთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ბოლოს, “ბორჯღალოსნებს” ის ნამიბია ელით, რომელმაც გასულ წელს მწარე მარცხი გვაგემა და ახლა რევანშის შანსი გვექნება. ნამიბიელები IRB-ს ერთა თასის მფლობელები არიან და ტიტულის შენარჩუნება სურთ, თუმცა, მათ მიზანს ქართველთა რევანშის წყურვილი უპირისპირდება და იმედია, ამჯერად, რეიტინგში ქულათა მარაგს “ბორჯღალოსნები” შეივსებენ. ბუქარესტში სარეიტინგო მხოლოდ ეს ერთი შეხვედრა იქნება, წინა ორ მატჩს კი, მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობა აქვს და მათი შედეგი მსოფლიო რეიტინგზე არ აისახება.   

საქართველოს ნაკრები რუმინეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გორდონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
პირველი რაუნდი. 10 ივნისი. პარასკევი

რუმინეთი - ნამიბია
საქართველო - სამხრეთ აფრიკის კინგსი
არგენტინის იაგუარები - პორტუგალია
 

მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
საქართველო - არგენტინის იაგუარები
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი
პორტუგალია - ნამიბია
 

მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი
საქართველო - ნამიბია
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076539