ამბები

16:34 | 3.06.2011 | ნანახია 1307 - ჯერ

კონტეპომიმ “სტად ფრანსესთან” ორწლიანი გააფორმა

არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” ნახევარმცველმა ფელიპე კონტეპომიმ, პარიზის “სტად ფრანსესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Planetrugby-ს ცნობით, ეს იმის მანიშნებელია, რომ 33 წლის არგენტინელი ძველი ნაცნობის ხელმძღვანელობით ითამაშებს. “სტად ფრანსეს” ის მაიკლ ჩეიკი ავარჯიშებს, რომელთან ერთადაც კონტეპომიმ 2009 წელს, “ლენსტერის” შემადგენლობაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო, “ჰეინეკენის თასი” მოიპოვა. ამასთან, არგენტინელს, რომლის ანგარიშზეც 65 სანაკრებო კეპია, პარიზში სხვა ნაცნობებიც დახვდებიან, რადგან “სტად ფრანსეს” ღირსებას მასთან ერთად არგენტინის ნაკრების ხუთი მოთამაშე დაიცავს.
კონტეპომიმ ახალ გუნდში ლიონელ ბუქსისი უნდა შეცვალოს, რომელიც კარიერას “ტულუზაში” გაგარძელებს. ამასთან, პარიზული გუნდის მეორე “ათიანი” მეტიუ ბასტარო, გარიგების თანახმად “ტულონში” მიდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეტერან არგენტინელს ახალ გუნდში სრული სათამაშო დრო ექნება.
“პარიზში გადსვლა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც კარგად ვიცნობ და მომავალ სეზონში დიდ მიზნებს ისახავს. პირადად ჩემთვის, ეს დიდი გამოწვევაა და ვიმედოვნებ, რომ “სტად ფრანსეს” შინაურ და ევროპულ ასპარეზზე დიდ წარმატებებს მოვუტან. მადლობელი ვარ “ტულონის”, რომელმაც მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ, საკუთარი თავის წარმოჩინების საშუალება მომცა, თუმცა, სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ჩემი იქ გადასვლა დიდი შეცდომა იყო. “ტულონის” სათამაშო სტილი და კლუბის პრეზიდენტის რაგბისადმი დამოკიდებულება, ჩემთვის მიუღებელი იყო, თუმცა, ნებისმიერი გამოცდილება, გამოცდილებაა, რომელიც ბევრ რამეს გასწავლის” - თქვა კონტეპომიმ.
“ტულონის” პრეზიდენტს, მულტიმილიონერ მურად ბურჯელალს სუპერკლუბის შექმნა სურს და ამის გამო ფულს არ ზოგავს, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაცეები მასაც ეშლება. მაგალითისთვის ისიც გამოდგება, რომ მან მამუკა გორგოძეს უჩივლა და მილიონნახევარს იმის გამო თხოვდა, რომ წინასწარი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, ქართველმა მესამეხაზელმა “მონპელიეში” დარჩენა ამჯობინა. რაც შეეხება “სტად ფრანსეს”, ეს გუნდი გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რომლის გამოც გასული სეზონი ჩაუვარდა, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორებისკენ მიდის და პარიზელები მომავალ წელს კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე, არგენტინის ნაკრები ჯგუფში საქართველოს მეტოქეა და მას ორ ოქტომბერს, პამერსთონში დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076925