ამბები

16:35 | 3.06.2011 | ნანახია 1455 - ჯერ

მიშალაკი ევროპას დაემშვიდობა

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულუზას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ათმა ნომერმა ფრედერიკ მიშალაკმა ევროპის დატოვება და კარიერის სამხრეთ აფრიკაში გაგრძელება გადაწყვიტა.
Scrum-ის ინფორმაციით, 28 წლის მორაგბემ, რომლის ანგარიშზეც 54 სანაკრებო შეხვედრა და 252 ქულაა, კონტრაქტი სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირ სუპერ 15-ის “შარქსთან” გააფორმა.
მიშალაკმა “ტულუზას” დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში მიიღო. ყველაზე სარფიანი წინადადებით მას დურბანის გუნდმა მიმართა, რომლის შემადგენლობაშიც ერთხელ უკვე თამაშობდა და 2008 წელს, ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ერთი ლელო გაიტანა.
“გასაკვირი სულაც არაა, რომ კვლავ აქ აღმოვჩნდი. მაშინ დურბანში ძალიან კარგი დრო გავატარე. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა ინგლისური ენის ცოდნასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს და “შარქსის” ძველ ნაცნობებთანაც მალე დავმეგობრდები” - თქვა მიშალაკმა.   


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079076