პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული სარაგბო ნაკრები ფიჯი, 2011 წლის მსოფლიო თასის ბოიკოტით იმუქრება. ახალი ზელანდიის მთავრობა, ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის რამდენიმე მოთამაშეს, რომლებიც 2006 წლის სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდნენ, ზელანდიაში შესვლის საშუალებას არ აძლევს და ეს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
“თუ ფიჯი მსოფლიო თასზე თავისი უძლიერესი შემადგენლობით ვერ გაემგზავრება, მაშინ ჩვენ ამ ტურნირს ბოიკოტს გამოვუცხადებთ. ყველა, ვინც გუნდში ავიყვანეთ, მსოფლიო თასზე ითამაშებს! ეს ტურნირი IRB-ს ეგიდით ტარდება და არა ახალი ზელანდიის ხელმძღვანელობის ინიციატივით. თუ ველინგტონი მსოფლიო თასისთვის ჩვენი მოთამაშეების საკუთარ ქვეყანაში შეშვებაზე უარს იტყვის, მაშინ IRB-ს ჩვენი შეხვედრების სხვა ქვეყანაში გადატანა მოუწევს” - მკაცრ პოზიციაზეა ფიჯის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვიდია ლაჰანი.
დათმობას არც ახალი ზელანდიის მთავარობა აპირებს და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიურეი მაკალი აცხადებს, რომ ფიჯის ნაკრების ის მოთამაშეები, რომელთაც სამხედრო მოწმობა აქვთ, ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.
“ფიჯის მიმართ ჩვენს პოლიტიკას არაფრის დიდებით არ შევცვლით. სანამ ფიჯის სამხედრო რეჟიმი დემოკრატიისკენ არ გადადგამს ნაბიჯს და საკუთარ მოქალაქეებს მეტ უფლებებს არ მისცემს, ჩვენი პოზიცია თუნდაც მსოფლიო თასის პერიოდში უცვლელი იქნება. ამასთან, პროვოკაციულად მივიჩნევთ ფიჯელთა გადაწყვეტილებას, რომელთაც ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელად სამხედრო ოფიცერი დანიშნეს” - ამბობს მიურეი მაკალი.
ფიჯის ეროვნულ ნაკრებში ოთხი, ან ექვსი ისეთი მორაგბე მოხვდება, რომლებიც ქვეყნის არმიაში მსახურობენ და თუ მათ ახალ ზელანდიაში შესვლის საშუალება არ მიეცემათ, ფიჯელები სრული ბოიკოტით იმუქრებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიჯელებს მსოფლიო თასისთვის მზადების მხრივ ფინანსური პრობლემები შეექმნათ და შესაძლოა, უმთავრეს სარაგბო ფორუმს ამის გამოც დააკლდნენ.
სიტუაციამ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მაღალჩინოსნებიც შეაშფოთა. აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ მილერი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და მსოფლიო თასის ყველა შეხვედრა ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე გაიმართება.
“მოლაპარაკებებს განვაგრძობთ. დარწმუნებული ვარ, ყველა შეხვედრა ახალ ზელანდიაში, გეგმის მიხედვით გაიმართება, ფიჯი კი, იქ თავისი უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება” - თქვა მილერმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია