ამბები

22:01 | 3.06.2011 | ნანახია 3299 - ჯერ

სამოას დღეები “ჰოლიდეი ინში”
სამოას 20-წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებს მხოლოდ მოედანზე კარგი გარჯა რომ არ სცოდნიათ, მათი დროებითი ადგილსამყოფელის - “ჰოლიდეი ინის” ფოეში გამოჩნდა. პირველ ივნისს სამოას დამოუკიდებლობის დღე იყო და ამის შესახებ კუნძულელებმა რუსეთთან მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადეს. “ჩვენთვის დღევანდელ მატჩს და შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია, სატურნირო თვალსაზრისით, პრობლემები ნაკლებად გვქონდა, მაგრამ დღეს სამოას დამოუკიდებლობის დღეა და მისი სათანადოდ აღნიშვნა გვსურდა”, - თქვა მაშინ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ შუსტერმა. 
სამ ივნისს, სამოელებმა “ჰოლიდეი ინში” რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა და თბილისში მყოფი გუნდის წარმომადგენლები მიიწვიეს. სამოელმა მორაგბეებმა, დაახლოებით ნახევარი საათით “ფერი იცვალეს” და მოედანზე ფეხმარდი, აგრესიული ბიჭებისგან, მხიარულ ახალგაზრდებად გარდაიქმნენ. ისინი ფეხშიშველები, ეროვნული ცეკვა-სიმღერით წარსდგნენ შეკრებილი საზოგადოების წინაშე და მათგან გულითადი ტაში დაიმსახურეს. ეროვნული ცეკვა-თამაშის შესრულებაში, მათ დამსწრეებიც აიყოლიეს და დიდი მხიარულება გაიმართა.
ბოლოს, სამოელებმა თავიანთი საბრძოლო ცეკვა- “სივა ტაუ” შეასრულეს, რამაც დიდი ოვაცია გამოიწვია. მოედანზე მათი ცეკვა რაგბის ყველა გულშემატკივარს აქვს ნანახი, მაგრამ ასე ახლოდან ამის ნახვა ერთი სიამოვნებაა... ამ ზეიმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - ეს ხალხი მართლაც რომ ბუნების შვილები არიან. 
 
 
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.141183