ამბები

17:00 | 4.06.2011 | ნანახია 2267 - ჯერ

IRB ახალ ტურნირებს გვპირდება

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი, თბილისს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” ფინალურ მატჩზე დასასწრებად ეწვია, თუმცა, მანამდე დრო უქმად არ დაკარგა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ვარძელაშვილს შეხვდა.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა საუბარი გაიმართა მინისტრს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძესა და IRB-ს მაღალჩინოსანს შორის დახურულ კარს მიღმა. მათი პოზიცია შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთანაც გაცხადდა, სტუმარმა კი, თბილისში გამართული მსოფლიო თასის “ალაფი”, წინა მსგავსი სამი ტურნირისგან გამორჩეულად ცნო და პირობა დადო, რომ თუ ჩვენი ქვეყნის სურვილი იქნება, საქართველოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირები არ მოაკლდება.
შეხვედრის შემდეგ პირველი სიტყვა საქართველოს სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა წარმოთქვა: “მარკი ჩვენი დიდი მეგობარია და ის ძალიან კმაყოფილია საქართველოს მიერ ორგანიზებული ტურნირით. მან გვითხრა, რომ შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის (და არა “ალაფის”) მასპინძლობაც შეუძლია”.
“საქართველოს რაგბის კავშირს, სპორტის სამინისტროს და ქალაქის მერიას ვულოცავ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებას და ჩატარებას. წინა სამი მსოფლიო თასის “ალაფისგან” განსხვავებით, რომლებიც ჩილეში, ურუგვაისა და რუსეთში ჩატარდა, საქართველოში ორგანიზაციის მხარე მართლაც რომ განსაკუთრებული იყო. ყველა ნაკრების დელეგაცია, მსაჯები, ტურნირის ორგანიზატორები აღფრთოვანებულნი არიან მასპინძლობით, სასტუმროებით, კვებით და ყველა იმ პირობით, რომლებიც თქვენ მათ შეუქმენით. ნოემბერში, როდესაც საქართველოს IRB-ს პრეზიდენტ ბერნარ ლაპასესთან ერთად ვეწვიე, თქვენ პირობა დადეთ, რომ უმაღლესი დონის ტურნირი იქნებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენი ნათქვამი შესრულდა. ახლა განვიხილავთ საკითხს და შესაძლოა, მომავალში საქართველომ უფრო მაღალი დონის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლოს. მწამს, სამოასა და იაპონიას შორის გასამართი ფინალი კარგი სანახაობა იქნება. სამწუხაროდ, თქვენი გუნდი ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ მათ წარმატებას მესამე ადგილისთვის და ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე ვუსურვებ” - თქვა იგანმა.
“სამწუხაროდ, თბილისს ლაპასე ვერ იწვია. ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია და ამ დღეებში ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართა, რამაც მისი გეგმები შეცვალა. იგანს ქართველთა მასპინძლობის შესახებ ინფორმაცია გუნდებმა მიაწოდეს და ყველამ ერთხმად კმაყოფილება გამოთქვა. მივიღეთ შეთავაზება, რომ უფრო მაღალი რანგის ტურნირებს ვუმასპინძლოთ, მაგრამ იქ მოთხოვნები მეტია. უფრო მეტი სავარჯიშო და სათამაშო მოედნები გვჭირდება. იმედია, “ქართუ ჯგუფის” დახმარებით, 2014 წლისთვის ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და მერე უფრო მაღალი დონის ტურნირებს ვუმასპინძლებთ. რაც შეეხება მსოფლიო თასის “ალაფის” სპორტულ მხარეს, იაპონიის ნაკრები საქართველოზე ძლიერი გუნდია და ამის გამო დავმარცხდით. სამაგიეროდ, ახლა უკვე ვიცით, რა კუთხით გვაქვს სამუშაო და წინსვლა ძალიან მალე ყველასთვის თვალხილული იქნება. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რომელიც თანაბრად უნაწილებდა სითბოს ყველა გუნდს, მათი მეამაყება”, - დაამატა გია ნიჟარაძემ.
ტურნირის დასრულებამდე კიდევ ერთი, უმთავრესი დღე დარჩა. აქამდე, საქართველოს სტუმრები და IRB-ს მაღალჩინოსნები შთაბეჭდილებებით დატვირთულები მოვიდნენ. იმედია, მათი აღფრთოვანება ბოლო, დასკვნითი დღის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველოს მაღალი დონის ტურნირების სამასპინძლოდ კარი უფრო ფართოდ გაეღება.

 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095205