საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ფრანგული “ტულონის” ახალგაზრდა პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა, მეორედ მიიღო მონაწილეობა იმ დიდ სარაგბო ზეიმში, რასაც “ბარბაროსების” მაისურით თამაში ქვია.
“ბარბაროსები” უძველესი, XIX საუკენეში დაარსებული სარაგბო კლუბია, რომელიც წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ იკრიბება და წამყვანი სარაგბო ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს ეთამაშება. კლუბს არ ყავს მუდმივი მოთამაშეები და ის ყოველთვის იმ მომენტისთვის საუკეთესო მორაგბეებით კომპლექტდება. წელს ისე მოხდა, რომ ზე-15-ის კლუბში მობურთალმა მორაგბეებმა ვერ მოიცალეს და “ბარბაროსებიც” ევროპული კლუბების უძლიერესი მორაგბეებით დაკომპლექტდა. ამ საუკეთესოთა შორის მოხვდა 24 წლის ქართველი ლეგიონერი და გასულ კვირაში თვიქნემში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 50 წუთი იბურთავა, ახლა კი, “მილენიუმზე” შეკრებილი 48632 გულშემატკივრის წინაშე წარსდგა, ოღონდ, ამჯერად შეცვლაზე, 64-ე წუთიდან ითამაშა.
“ბარბაროსებმა” ინგლისი ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით, 38:32 დაამარცხეს, ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და გამარჯვების ლელო კვლავ ბოლო წუთზე დადეს, ოღონდ, ამჯერად ტაბლოზე 31:28 დაფიქსირდა. როგორც წესი, “ბარბაროსები” აქცენტს ლამაზ რაგბიზე აკეთებენ, ჯარიმებს კარში არაფრის დიდებით არ ურტყამენ, მათ მეტოქეც აყვება ხოლმე და მაყურებელი 80 წუთი ხელდახელ, გაშლილი თამაშით სიამოვნებას იღებს. ასე იყო ამჯერადაც, “ბარბაროსები” მეტოქეს ინდივიდუალურად ჯობდნენ და ლამაზ გარღვევებს ახორციელებდნენ. მათ ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ და ბურთსაც უფრო ხშირად აკონტროლებდნენ, მაგრამ შეუთამაშებლობის გამო, გადაცემებში ხშირად სცოდავდნენ და მასპინძლები სწრაფ, სალელოვე იერიშებს იწყებდნენ.
უელსმა ანგარიში ალამთან გატანილი ლელოთი გახსნა და რეალიზაციაც გამოიყენა. მასპინძლების სუსტი წერტილი მათი დაცვის მარცხენა ფლანგი აღმოჩნდა, საიდანაც “ბარბაროსებმა” ორი სალელოვე შეტევა განახორციელეს, ერთი რეალიზაციაც გამოიყენეს და 12:7 დაწინაურდნენ. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტოდარტმა მათ შეცდომა არ აპატია, გადაცემა ჩაჭრა და ჩათვლის მოედნამდე 60 მეტრი ირბინა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ძალაში უპირატესობით ისარგებლეს, პირველი შერკინებიდან ვერა, მაგრამ მეორე ცდიდან ბურთი კარგად გაიტანეს და ტაიმი ლელოთი დააგვირგვინეს, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი 19:14 დაწინაურდნენ.
დაიწყო მეორე ტაიმი და ჯერ - უელსელები, ორიოდე წუთში კი, “ბარბაროსები” სინბინით დაისაჯნენ. კაცნაკლულმა მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს, რამდენიმეფაზიანი შეტევა ჩათვლის მოედანთან ბუღრაობით გაგრძელდა, რაც საბოლოოდ ლელოთი დაგვირგვინდა და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ უელსი 21:19 დაწინაურდა. სწორედ ეს ანგარიში იყო, როდესაც მოედანზე ქუბრიაშვილი გამოჩნდა. ამ დროს მასპინძლები 5-მეტრა შერკინებიდან უტევდნენ და სანამ ქართველი ლეგიონერი გახურდებოდა, მათი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. გარდასახვა ისევ ზუსტი იყო და უელსის უპირატესობამ ცხრა ქულას უწია, მაგრამ “ბარბაროსები” დანებებას არ აპირებდნენ.
“ბარბაროსებმა” საკუთარი 22-დან ხელით შეუტიეს, ჯერ მარცხენა ფლანგზე გაიჭრნენ უკანახაზელები, მერე მარჯვნიდან მორკინლები, მათ შორის ქუბრიაშვილი ჩაერთო და მოკლე დარტყმებით მანძილი მოიგეს, ბოლოს ბურთი კვლავ მარცხნივ დააბრუნეს და ლელო გაიტანეს. მართალია რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, რადგან “ბარბაროსები” ჯარიმას კარში მაინც არ დაარტყამდნენ და ორქულიანი იქნებოდა ჩამორჩენა თუ ოთხი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რაც მთავარია მატჩის დასრულებამდე შვიდიოდე წუთი რჩებოდა. ერთხელ ქუბრიაშვილმაც სცადა საკუთარი 22-დან ხელდახელ შეტევა და მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, რითაც მისმა გუნდმა მანძილი მოიგო. უელსმა მეტოქის ნახევარზე თითქოს კარგი დაცვა დააყენა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ფიჯელი ნაკევა ბურთიანად თავისი ნახევრიდან დაიძრა, ფინტებით მასპინძელთა მთელი დაცვა გააბითურა, გადაცემა არ იკადრა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით 65 მეტრი ირბინა. “ბარბაროსები” ერთი ქულით დაწინაურდნენ, ზუსტმა რეალიზაციამ კი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 31:28.
მაშ ასე, “ბარბაროსებში” პირველი ქართველი უკვე გამოჩნდა და მან ამ უდიდესი, ისტორიული კლუბის მაისური ორ შეხვედრაში მოირგო. რაც მთავარია, მან უკვე დააჭაშნიკა ისეთი გრანდების წინააღმდეგ თამაშის გემო, როგორებიც ინგლისი და უელსი არიან, არადა, ქუბრიაშვილი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და მას ყველაფერი წინ აქვს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია