ამბები

23:28 | 4.06.2011 | ნანახია 2498 - ჯერ

პრესტიჟისა და რევანშისათვის

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, ასაკობრივი მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით დღეს სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩა. “ბორჯღალოსნები” მესამე ადგილისთვის, რომელიც არსებითად არაფერს იძლევა, ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და ამ მატჩის მოგებით, მხოლოდ გულშემატკივარს თუ გაახარებენ და ურუგვაელებთან ერთგვარ რევანშს აიღებენ.

წესით, მაყურებელმა კარგი, გახსნილი, ლაღი რაგბი უნდა იხილოს, რადგან დასაკარგი არცერთ გუნდს აღარაფერი არა აქვს. 2008 წელს, მაშინ, როდესაც მსოფლიო თასის “ალაფას” ჩილე მასპინძლობდა, ურუგვაიმ, იმ ტურნირის მომავალმა გამარჯვებულმა, ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში საქართველო 20:16 დაამარცხა და თავად ფინალში გავიდა, “ბორჯღალოსნები” კი, მესამე ადგილისთვის სათამაშოდ გაწირა. მაშინ ქართველებმა რუმინეთს აჯობეს და მესამე ადგილი დაიკავეს, ახლა კი, ძველი მიღწევის გამეორების და ურუგვაელებთან მაშინდელი მარცხის გამო, რევანშის შანსი ეძლევათ.
საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, სულ სამ შეხვედრას მოიცავს. ამ ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდის პირველი ნაცნობობა 2003 წლის მსოფლიო თასზე შედგა და მაშინ სამხრეთამერიკელებმა 24:12 იმარჯვეს, რითაც ქართველებს პროგრამა მინიმუმის, ერთი მატჩის მოგების საშუალება არ მისცეს. მომდევნო წელს “ბორჯღალოსნები” საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების ეგიდით, ურუგვაის მონტევიდეოში ესტუმრნენ და 7:17 დამარცხდნენ. 2005 წელს ურუგვაი საქართველოში უნდა ჩამობრძანებულიყო, მაგრამ თბილისამდე ვერ, ან არ მოაღწია და რევანში მხოლოდ 2008 წელს, IRB-ს ერთა თასზე, ბუქარესტში შედგა. მეორე შემადგენლობით მობურთალმა ქართველებმა მეტოქეს 20:18 აჯობეს.
მიმდინარე ტურნირის განვლილი სამი შეხვედრიდან, ურუგვაიმ რუსეთი და აშშ ერთნაირი ანგარიშით - 33:5 დაამარცხა, ხოლო სამოასთან 6:37 დამარცხდა. ეს გუნდი სწრაფ რაგბის თამაშობს, აქცენტს ხელით შეტევაზე აკეთებს, თავს ხისტად იცავს და ფეხსაც მშვენივრად ხმარობს, ასე რომ, პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს იოლი გასეირნება სულაც არ ელით. ქართველმა მორაგბეებმა კანადისა და ზიმბაბვეს წინააღმდეგობები მეორე ტაიმში გატეხეს, პირველი 38:9, მეორე კი 50:19 დაამარცხეს, მაგრამ იაპონელებთან ვერაფერს გახდნენ და 14:29 წააგეს, რის შემდეგაც ხელთ მხოლოდ პრესტიჟისა და მაყურებელთა გულის მოსაგებად ბრძოლაღა შერჩათ.
საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა, “ავჭალას” სტადიონზე 15:45 საათზე დაიწყება, ხოლო 18:00 საათზე, იქვე, იაპონია და სამოა თასისა და მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძოლებენ. გამარჯვებული ქვეყნის მომავალი თაობა, 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში უძლიერეს თორმეტ გუნდთან ერთად იბურთავებს. მანამდე, 13:30 საათზე, პარალელურ რეჟიმში ორი შეხვედრა დაიწყება. “შევარდენზე” აშშ და ზიმბაბვე ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო “ავჭალაზე” კანადა და რუსეთი მეხუთე ადგილს გაითამაშებენ.

მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
5 ივნისი. კვირა
VII ადგილისთვის. “შევარდენი”

აშშ - ზიმბაბვე (13:30)
V ადგილისთვის. “ავჭალა”
რუსეთი - კანადა (13:30)
III ადგილისთვის. “ავჭალა”
საქართველო - ურუგვაი (15:45)
ფინალი. “ავჭალა”
სამოა - იაპონია (18:00)

 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086562