საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრები, უნგრეთის ქალაქ ზანკაში, ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ტურნირზე მხოლოდ ერთ მატჩში დამარცხდა, მაგრამ ეს მარცხი ყველაზე უდროო დროს იწვნია და საგაისოდ, კვლავ უმდაბლეს დონეზე მოუწევს ბურთაობა.
პირველ დღეს, ჯგუფური ეტაპის ოთხივე შეხვედრის დამაჯერებელი ანგარიშით მოგების შემდეგ (ლუქსემბურგთან 33:0, სკანდინავიელ ბარბაროსებთან 34:7, პოლონეთთან 26:7 და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 43:0), პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებს, მეორე სათამაშო დღეს ბრძოლაში ჩაბმა პირდაპირ ნახევარფინალიდან უწევდათ. მათ მეტოქედ დანიის ნაკრები ერგოთ, რომელიც მასპინძელ უნგრეთთან 10:26 დამარცხდა და A ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
ქართველმა გოგონებმა დანიელებთან ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, მაგრამ ტაიმის შუაწელს ორი ლელო და გარდასახვა თავად მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ტაიმი ფრედ დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა თავისი მეორე ლელოს გატანა შესვენებამდე მოახერხა და ზუსტი რეალიზაციაც მიაყოლა. მეორე ტაიმის შუაწელს სიტუაცია განმეორდა - ქართველმა გოგონებმა კვლავ ორი ლელო გაუშვეს, ამჯერად მეტოქემ მხოლოდ ერთი გარდასახა და 26:14 დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებმა გაიბრძოლა და შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ლელო-რეალიზაციით ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე, 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში დანიელებმა გაძლეს, 26:21 იმარჯვეს და საქართველოს ნაკრები ფინალს მიღმა დატოვეს.
მეორე ნახევარფინალში საქართველოსგან ჯგუფში ნაგვემმა პოლონეთმა უნგრეთი 12:10 დაამარცხა. მოგვიანებით, პოლონელებმა ფინალში დანიელებს შანსი არ დაუტოვეს, 22:0 გაანადგურეს და თასს დაეუფლნენ, ორივე ერთად კი, მეორე დივიზიონში აღზევდნენ. საქართველოს ნაკრებმა დანიელთა ჯავრი უნგრეთზე იყარა. ქართველებმა პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელო-გარდასახვას, მეორეშიც ორი შემატეს და 28:0 დაწინაურდნენ, ბოლოს ერთი ლელო მასპინძლებმაც გაიტანეს და ჯიმშელაძის შეგირდებმა 28:7 იმარჯვეს.
ამრიგად, ხუთი მოგება იმ ერთმა ავბედითმა მარცხმა გადაწონა და მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქეზე უკეთესი გატანილი და გაშვებული ქულების ბალანსი დაუგროვდა, ის კვლავ მესამე დივიზიონში რჩება. ავბედითი მარცხი ვახსენეთ და დანიელებთან შეხვედრა სხვა რამითაც იყო ცუდი ქართველი გოგონებისთვის. ერთ-ერთმა მორაგბემ უმძიმესი ტრავმა მიიღო - წვივის ძვლის ღია მოტეხილობა შეემთხვა და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია