„კელტების ლიგის“ მე-17 ტურის შეხვედრებმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და იტალიელების გაერთიანებულ ჩემპიონატში, ლიდერებმა გამარჯვება მოიპოვეს და პოზიციები შეინარჩუნეს.
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, მოწინავე ოთხეულში კვლავაც სამი ირლანდიური [„კონახტო“, „ლენსტერი“ , „ოლსტერი“] და ერთიც უელსური [„სკარლეტსი“] კლუბია. მათ დავაში ჩარევის შანსს ინარჩუნებენ ირლანდიური „მანსტერი“ და ორი შოტლანდიური გრანდი - „ედინბურგი“ და „გლაზგო“. ახლა ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენებაა, რაც გუნდებს გამოტოვებული თამაშების ნაწილის ჩატარების საშუალებას მისცემს და ამის შემდეგ სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდება.
ტურის გახსნით მატჩში „სკარლეტსი“ იტალიურ „ბენეტონს“ მასპინძლობდა და საწყისი 20 წუთის შემდეგ, სტეფან ევანსისა და ჯეიმს დევისის ლელოებით და ალედ ტომასის გარდასახვებით 14:0 დაწინაურდა. პირველი ლელო ულამაზესი გამოდგა - ევანსმა ბურთი დაახლოებით ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მიიღო, მაღალ სისწრაფეზე იტალიელთა მთელი დაცვა სუფთად გაიარა და 45-მეტრიანი რეიდის შემდეგ, ბურთი ძელებსშუა დაამიწა. მეორე ლელოს დროს დევისი მოლს მოწყდა და ბურთი ჩათვლის მოედნის ხაზს ცალი ხელით მიაწვდინა.
ეს სწორედ ის იყო, რასაც ტრიბუნაზე შეკრებილი 5 236 მაყურებელი ელოდა და მათ პრემიალური გამარჯვების იმედი კიდევ უფრო გაუღვივდათ, მაგრამ მერე სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო მეორე ტაიმის 5-წუთიან ინტერვალში ორი ლელო გაიტანეს. არადა, 47-ე წუთზე სტუმრები სინბინით დაისაჯნენ და კაცნაკლული იყვნენ, როდესაც რობერტ ბარბიერიმ იტალიელთა მოლი ლელოთი დაასრულა, ხოლო 59-ე წუთზე მანვე უხეირო გადაცემა მოედნის ცენტრში ჩაჭრა და ლელომდე ირბინა - 14:15 „ბენეტონის“ სასარგებლოდ.
„სკარლეტსი“ ანერვიულდა და შეცდომები მოსდიოდა, მაგრამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 67-ე წუთზე დენ ჯონსმა ჯარიმით მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა, ხოლო 4 წუთში კარგად ჩათამაშებული იერიშის შემდეგ ევანსი ცრუმოძრაობებით მცველებს შორის გაძვრა და დუბლი შეასრულა. ევანსს დუბლი რომც არ შეესრულებინა, ამ დღეს მოედანზე მაინც გამორჩეული იყო, ფინტებით იტალიელებს სისხლი გაუშრო და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.
ირლანდიურმა „ოლსტერმა“ იტალიური „ძებრე“ ყოველგვარი გართულებების გარეშე, 32:0 დაამარცხა, მაგრამ ტურში სარეკორდო, 15 726 მაყურებელს მეოთხე, პრემიალური ლელოს ლოდინი დიდხანს დაჭირდა. ზელანდიელმა ნიკ ვილიამსმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და ჰეთ თრიკიც მიითვალა, მაგრამ რეფერიმ მესამე ლელო უსამართლოდ გაუუქმა. მეორე ნახევრის შუაში მასპინძლებმა მესამე ლელო დადეს, პრემია კი, 77-ე წუთზე აიღეს, როდესაც ხაზი გაჭრეს და რამდენიმე ოფლოუდის შემდეგ მიზანს პოლ მარშალმა უწია.
გათამაშების ლიდერმა, ირლანდიურმა „კონახტმა“, „ედინბურგი“ სტუმრად 28:23 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. „კონახტისთვის“ ეს იყო ზედიზედ მესამე სტუმრად მოგებული თამაში და ამით 2002/2003 წლების სეზონის მაჩვენებელი გაიმეორა. თამაშს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა, სქოთებს ლიდერის შეცვლის, თავად კი, საპლეიოფო ზონის სიახლოვეს დარჩენის შანსი ჰქონდათ, მაგრამ თამაში პრაქტიკულად პირველ ტაიმში დათმეს და ბოლოს მხოლოდ ის შეძლეს, რომ მე-80 წუთზე გატანილი ჯარიმით ბონუს ქულა აიღეს.
ბონუსი ერგო „კონახტსაც“, რომელიც მთელი პირველი ტაიმი დომინირებდა და სამი ლელო გაიტანა, მაგრამ აქედან ერთი ვიდეო-რეფერიმ გაუუქმა - 14:0. თამაში რომ განახლდა კრის დინმა გრძელი პასი შეირგო და ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ ორიოდე წუთში აკიმ იოლად გაიარა დაცვის ხაზი, მასპინძლები მესამედ დაალელოვა და ირლანდიელები 21:5 დააწინაურა. „ედინბურგი“ არ დანებდა, ფლანგებზე თითო-თითო ლელო გაიტანა და საათის თავზე ბრძოლაში დაბრუნდა [17:21], ხოლო 68-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ ალან მაგკინტმა კარის წინ 5-მეტრა შერკინებიდან რომ შეუტია „კონახტის“ პრემიალური ლელო გაიტანა და მასპინძლებს მიზნად მცირედი სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულის აღებაღა დაუტოვა - 23:28.
ირლანდიურმა „ლენსტერმა“ საკუთარ მოედანზე 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა, მაგრამ ამისათვის „ოსპრეიზთან“ უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუხდა. არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. სემ დევისის ადრეულ ჯარიმას მასპინძლებმა დენ ლივის ლელოთი, იან მედიგანის გარდასახვით და მისი სამი ჯარიმით უპასუხეს. 10 897 მაყურებელი მეორე ტაიმში ანერვიულდა, რომლის პირველ მეოთხედში დევისის ჯარიმით, დენ ბეკერის ლელოთი და დევისის გარდასახვის შემდეგ, სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. მედიგანმა და დევისმა ჯარიმები 65-ე და 67-ე წუთებზე გაცვალეს, დაძაბულობა ბოლომდე შენარჩუნდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლენსტერმა“ 19:16 ომარჯვა.
ოთხეულისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა ირლანდიურმა კლუბმა „მანსტერმა“, ერთ-ერთი აუტსაიდერი, უელსის „ნიუპორტი“ პრემიალური ქულით დაამარცხა - 26:5. მასპინძლებს ჯარიმის კარში დარტყმაზე არც უფიქრიათ, თითო ტაიმში ორ-ორი ლელო დადეს და პრემია 77-ე წუთზე გაიფორმეს, რითაც 13 552 მაყურებელი გაახარეს.
შალვა მამუკაშვილის „გლაზგო“ „კარდიფს“ პირველი ტაიმის შემდეგ 20:0 უგებდა, დასკვნით 10 წუთში მესამე ლელოც გაიტანა, მაგრამ თავად ერთბაშად სამი გაუშვა, ჯამში 27:20 იმარჯვა და უელსელებს პრემია გაატანა. ქართველმა კაჭმა ესპანეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და განაცხადში არ იყო.
გინეს პრო 12. XVII ტური
სკარლეტსი [უელსი] - ბენეტონი [იტალია] 24:15
ედინბურგი [შოტლანდია] - კონახტი [ირლანდია] 23:28
ოლსტერი [ირლანდია] - ძებრე [იტალია] 32:0
ლენსტერი [ირლანდია] - ოსპრეიზი [უელსი] 19:16
მანსტერი [ირლანდია] - ნიუპორტი [უელსი] 26:5
გლაზგო [შოტლანდია] - კარდიფი [უელსი] 27:20
1. | კონახტი | 17 | 12 | 0 | 5 | 420:339 | 59 | 11 |
2. | ლენსტერი | 16 | 13 | 0 | 3 | 344:186 | 57 | 5 |
3. | სკარლეტსი | 17 | 12 | 0 | 5 | 371:317 | 53 | 5 |
4. | ოლსტერი | 17 | 10 | 0 | 7 | 330:221 | 51 | 11 |
5. | მანსტერი | 16 | 10 | 0 | 6 | 299:295 | 47 | 7 |
6. | ედინბურგი | 17 | 9 | 0 | 8 | 301:273 | 43 | 7 |
7. | გლაზგო | 15 | 8 | 1 | 6 | 314:293 | 43 | 9 |
8. | ოსპრეიზი | 17 | 8 | 1 | 8 | 335:327 | 39 | 5 |
9. | კარდიფი | 16 | 6 | 0 | 10 | 345:338 | 34 | 10 |
10. | ნიუპორტი | 17 | 4 | 0 | 13 | 268:341 | 24 | 8 |
11. | ძებრე | 16 | 4 | 0 | 12 | 220:460 | 19 | 3 |
12. | ტრევიზო | 17 | 2 | 0 | 15 | 245:402 | 16 | 8 |
გადადებული მატჩები. 18 მარტი
კარდიფი - მანსტერი, გლაზგო - ლენსტერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია