“ტურნირის სპორტულ მხარეს თუ მივიღებთ მხედველობაში, ის ორ დონედ უნდა დავყოთ. ნათლად გამოჩნდა, რომ სამოა და იაპონია დანარჩენ გუნდებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ეს ორი გუნდი ყველაზე ხარისხიან რაგბის თამაშობდა და ფინალიც ფანტასტიკური გამოვიდა, დანარჩენები კი, მათზე ერთი საფეხურით დაბლა მდგომი გუნდები არიან. გამიხარდა, საქართველომ მესამე ადგილი რომ დაიკავა. ახლა თქვენ კარგად იცით, რა დონეზე ხართ და ისიც დაინახეთ, თუ რა კუთხითაა სამუშაო, რათა უფრო მეტს მიაღწიოთ”, - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანმა.
IRB-ს მაღალჩინოსანმა რამდენიმე მორაგბის კარგი ინდივიდუალური მონაცემი გამოყო, თუმცა, იქვე დაამატა, რომ “სამოელ და იაპონელ მორაგბეებს მეტი ნაპერწკალი აქვთ, უკეთ შეუძლიათ თამაშის წაყვანა, ბურთის ხელით გაშლა და ნელ-ნელა საქართველოს ნაკრებმაც ეს გეზი უნდა აიღოს”. პატარა “ბორჯღალოსნებმა” მართლაც შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მესამე ადგილიც ურუგვაის ძალისძალად გამოგლიჯეს, მაგრამ თუ მეტის მიღწევა გვსურს, თუ გვინდა, რომ საქართველო რაგბის ელიტას გაუსწორდეს, გრანდებთან თამაშის უფლება დაიმსახუროს, ქართულმა რაგბიმ დღევანდელი გაკვეთილი სწორედ უნდა შეითვისოს და უკვე არსებულ ძლიერ მხარეებს ის შემატოს, რაც დღესდღეობით “ალაფის” მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
“ახლა, როდესაც საქართველოში მოედნების პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ბავშვების სწორად განვითარების და მეტის მიღწევის პერსპექტივა გვიჩნდება”, - თქვა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა. მისი თქმით, უკვე ყველამ დაინახა, თუ რა არის საჭირო წინსვლისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ პრობლემები წარსულს ჩაბარდება და საქართველოს ნაკრებისთვის მესამე ადგილი დამაკმაყოფილებელი შედეგი არ იქნება. “დაგვაკლდა რაღაც, ის რაღაც, რაც მზადების პროცესში ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ თურმე მოწინააღმდეგეები სათანადოდ ვერ შეგვიფასებია. გვეგონა, ტურნირისთვის საუკეთესოდ მომზადებულები ვიყავით, მაგრამ ასე არ ყოფილა”, - აგრძელებს ნარიმანაშვილი და ის აბსოლუტურად მართალია. დავინახეთ, რომ ქართველთა უპირველესი პლიუსი – თავგანწირვა - იაპონელებს და დანარჩენ გუნდებსაც, ჩვენზე ნაკლები არ ჰქონიათ, მაგრამ მათ მეტი აქვთ რაგბის ცოდნა, თამაშის კულტურა, სისწრაფე და ეს ყველაფერი ერთად აღებული, ქართულ თავგანწირვასა და ჯანზე მეტი აღმოჩნდა.
ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს, გარჯა არ დააკლეს ნაკრებისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, ყველამ მაქსიმუმი გაიღო, იმ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც ქართულ რაგბის დღესდღეობით გააჩნია, სწავლა კი გვიანი არასოდესაა. ბევრი რამ მწვრთნელებმა ისწავლეს, ბევრიც თავად მორაგბეებმა და ახლა სწორედ მათ მარიფათზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება მომავალში. მომავალში კი, უნდა იყოს გამარჯვებები და გამარჯვებები, ჩვენი ბიჭები ტრიბუნიდან კი არ უნდა უყურებდნენ, როგორ მიაქვს თასი ვინმეს კუნძულზე, არამედ ეს თასი თვითონ უნდა წამოიღონ საქართველოში და ამით ქართული რაგბი, მთელი საქართველო ასახელონ.
“ჩვენს მიერ ჩატარებულ მსოფლიო თასის “ალაფა” ყველა სხვასთან შედარებით საუკეთესოა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ საქართველოს მხარემ იმაზე მეტი სამუშაო გასწია, ვიდრე ველოდით. ჯერ ვერ გეტყვით, რა სახის, მაგრამ საქართველოში საერთაშორისო დონის ტურნირები, ასაკობრივი, ან ეროვნული ნაკრებების დონის, მომავალშიც რომ ჩატარდება, ეს ზუსტად ვიცი. შესაძლოა, საქართველოში ერთგვარი რეგიონული ცენტრიც მოვაწყოთ და აქ მწვრთნელებისა და მსაჯების დონის ასამაღლებელი ტრეინინგები მოვაწყოთ. თქვენი ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა. ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვის რა თანხით დაეხმარება IRB მომდევნო ოთხწლიან ციკლში და სავარაუდოდ, საქართველოს დახმარება გაეზრდება, რადგან რაც ამ ქვეყანაში აქამდე თანხა ჩავდეთ, უკან ათმაგად დაგვიბრუნდა”, - აღფრთოვანება ვერ დამალა იგანმა.
რაც შეეხება მსოფლიო თასის “ალაფის” სპორტულ მხარეს, მის კულმინაციად ფინალური შეხვედრა იქცა. წყნარი ოკეანის კუნძულების ორი ქვეყნის ნაკრები თბილისში ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთა და ქართველ მაყურებელს რაგბის ნამდვილი დღესასწაული აჩუქა. ვინც ფინალს უყურა, არასოდეს დაავიწყდება იაპონელთა საოცრად ორგანიზებული, თავგანწირული თამაში და სამოელთა ინდივიდუალური ოსტატობა, გასაოცრად მაღალი ტემპი, ამ ტემპში შესრულებული ლამაზი გარღვევები და ლელოები, რომელთა დარიც ქართულ მოედნებზე აქამდე იშვიათობა იყო.
იაპონიამ შეხვედრა ჩინებულად დაიწყო. სამოა თითქოს სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ იაპონელთა ხისტმა დაცვამ მათი გეგმები ჩაშალა, საწყის ოც წუთში ბევრი ტექნიკური წუნი დააშვებინა, თავად კი, სწრაფი, ლამაზი იერიშებით იმდენი მოახერხა, რომ 20 წუთის თავზე 17:0 დაწინაურდა. მე-5 წუთზე, ერთი შეხედვით პატარა იაპონელებმა მეტოქის 22-ის ხაზთან დანიშნული თავისი შერკინებიდან ბურთი კარგად გამოიტანეს, მარჯვენა ხაზამდე ჩაათამაშეს, იქ მასაკაცუ ჰიკოსაკა მცველებს დაუსხლტა და ანგარიში გახსნა, ნაკამურამ კი რეალიზაცია უნაკლოდ შეასრულა.
სამოამ თითქოს შეუტია და რამდენჯერმე ხაზზე უპირატესობა შეიქმნა, მაგრამ წინ ვარდნის გამო შეტევები ვერ გამოიყენა, ჰოდა იაპონიაც მეტოქეს მოლით მიაწვა, ჰიკოსაკამ კი მეორე ლელო გაიტანა და ნაკამურამ გარდასახვით ანგარიში 14:0 გახადა. ტაიმის შუაწელს ნაკამურამ გუნდის უპირატესობა კიდევ 3 ქულით გაზარდა, მაგრამ სამოა ამოქმედდა და... ჯორდან ტაუფუამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი, დიდი მანძილი მოიგო, მერე ფეხით ითამაშა, მაგრამ სანამ მისი თანაგუნდელები მიასწრებდნენ, ბურთმა გვერდითი ხაზი გადაკვეთა. სამაგიეროდ, სამოამ მეტოქის დერეფანი მოიგო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ შეტევის გმირმა ტაუფუამ დაცვის ხაზში ხვრელი იპოვა და ლელო გაიტანა, პატრიკ ფააპალემ კი რეალიზაცია გამოიყენა.
სამოა თამაშში დაბრუნდა და მალე მეორე ლელოც გაიტანა. რობერტ ლილომაიავას გარღვევა ერთგვარი სარაგბო შედევრი იყო. ის საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, ფინტებით იაპონელთა მთელი ფლანგი და მის დასახმარებლად გადასული მცველები ჩამოიტოვა და ძელებსშუა ულამაზესი ლელო გაიტანა, ფააპალეს რეალიზაცია კი, კვლავ უნაკლო იყო. სამოამ რიტმი იპოვა და ორიოდე წუთში დაწინაურდა, როდესაც ფაავაემ ფეხით შეცურებული ბურთი აიტაცა და ალამთან შეხტა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ტაიმი სამოამ 19:17 მოიგო. მანამდე, სანამ რეფერი შესვენებისას ჩასტვენდა, მსაჯმა ჯერ სამოელთა მეორეხაზელი უილიამ სკელტონი გაასინბინა, რომელიც უხეში თამაშით გამოირჩეოდა, მერე კი, მის გზას იაპონელი ჰიკოსაკა გაუყენა, რომელმაც მსაჯისგან დაფარულად მეტოქეს კი უთაქა, მაგრამ ჯერ თავად გაილახა, მერე კი, უმსგავსობისთვის ყვითლითაც დაისაჯა.
მეორე ნახევრის დასაწყისში, სამოელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. იაპონელებმა ჯერ საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწეს ბურთი და თავს ამით უშველეს, მერე რამდენიმე დარტყმა კიდევ მოიგერიეს, თუმცა, საბოლოოდ ვილიამ ალაუნიმ მათი ჩათვლის მოედნის გზა მაინც იპოვა. ფააპელემ გარდასახვა გააფუჭა და ტაბლოზე 24:17 აენთო, რამაც იაპონიას შეუსრულებელი მისიის შესრულების იმედი მისცა და ეს გარჯა 63-ე წუთზე ენოკიმ ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო ნაკამურამ რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა. თამაში პრაგმატული გახდა, სამოამ ჯარიმის კარში დარტყმა იკადრა, მაგრამ ფააპელეს მიზანმა უმტყუნა. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ იაპონელებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, საკუთარი 22-დან ბურთი დროულად ვერ მოიშორეს, ის მეტოქეს ჩააბარეს, რომელმაც თამაში ფლანგზე გაშალა და პიტერ შუსტერმა ლელო გაიტანა, ფააპელემ კი რეალიზაციით 31:24 დააფიქსირა.
სამოამ თასი ჩაიბარა და ტრიბუნების წინ ამაყად ჩაატარა, იაპონელებმა ტრადიციას არ უღალატეს და მაყურებელს მადლობა გადაუხადეს. მერე სამოამ კიდევ ერთხელ შეასრულა საბრძოლო ცეკვა სივატაუ, რითიც ყველა მისი შეხვედრა იწყება და თასი კუნძულზე გაემგზავრა, სამოა კი, გაისად სამხრეთ აფრიკაში უძლიერესთა თორმეტეულში, წლეულს იტალიაში ბოლო ადგილზე გასულ ნაკრებს ჩაანაცვლებს.
მანამდე საქართველომ ურუგვაისთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ თავგანწირვის ხარჯზე მესამე ადგილის დაუფლება მაინც მოახერხა. უფრო ადრე კანადამ რუსეთის ნაკრები გატეხა და მეხუთე ადგილს შეწვდა, აშშ-მ კი, ზიმბაბვეს კინკილა ქულით აჯობა და ბოლოსწინა, მეშვიდე საფეხურს დასჯერდა.
იუკიო მოტოკი (იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სამოას ნაკრებს იმდენად კარგი გუნდი ჰყავს, რომ საბოლოოდ მაინც გაგვტეხა და ღირსეულად გაიმარჯვა. საწყისი მეოთხედის შემდეგ, მეოქის წნეხის ქვეშ მოვექეცით და ვეღარ გავძელით. მატჩი დამატებით დროში რომ გადასულიყო, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ რაცაა ესაა, შედეგი სახეზეა”.
ჯონ შუსტერი (სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საწყისი წუთების შემდეგ, იმდენი მოვახერხეთ, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვით, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და მიზანს მივაღწიეთ. იაპონიის ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და გაგვიმართლა, გამარჯვება რომ მოვიპოვეთ, რადგან თავიდან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს მეტოქემ კარგადაც გამოიყენა”.
ჯორდან ტაუფუა (სამოას ნაკრების მორაგბე): “როდესაც შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შეიძლება ფიზიკურად დაიღალო, მაგრამ გონება გეუბნება, რომ ბრძოლა უნდა განაგრძო და შენც მას ემორჩილები. სწორედ ამან მოგვცა იმის ძალა, რომ სიტუაცია შეგვეცვალა და საბოლოო ჯამში მიზნისთვის მიგვეღწია”.
ამრიგად, სამოას ნაკრებმა თასი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურისგან ჩაიბარა და შინ წაიღო, იაპონია კი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძისგან ბოძებული ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდა. საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ მესამე ადგილს შეწვდა, თანაც ბევრი ისწავლა და სამომავლოდ ძველი შეცდომების გამოსწორების იმედადაა.
სამაგიეროდ, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა საქართველოს ნაკრების წევრი ბახვა კობახიძე, რომელმაც თავი ორმოცდათორმეტ ქულას მოუყარა. მეორე ადგილზე სამოელი რობერტ ლილომაიავა გავიდა, რომელმაც ცხრა ლელო გაიტანა და 45 ქულით ბომბარდირებში მეორე, მელელოვეებით კი, პირველი აღმოჩნდა. ქართველთაგან ყველაზე მეტი, ოთხი ლელო “ტულონის” პირველხაზელმა ლევან ჩილაჩავამ მიითვალა, რაც ტურნირზე მეოთხე-მეექვსე მაჩვენებელია.
მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
5 ივნისი. კვირა
VII ადგილისთვის. “შევარდენი”
აშშ - ზიმბაბვე 30:29
V ადგილისთვის. “ავჭალა”
რუსეთი - კანადა 24:49
III ადგილისთვის. “ავჭალა”. 1900 მაყურებელი
საქართველო - ურუგვაი 20:15 (20:6)
საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე (გიორგი მარგიანი 7, ვანო გაბროშვილი 57), 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. უჩა მჭედლიშვილი, 9. რამაზ ჯინაშვილი (ჯიმი ღამბაშიძე 77); 1. ზაზა ნავროზაშვილი (ზურა ერისთავი 63), მერაბ მატკავა (ირაკლი ჩომახაშვილი 71), 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (გიორგი ჟღენტი 60), 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბექა ხიპაშვილი 71).
2 ლელო: ჩილაჩავა, მჭედლიშვილი
2 გარდასახვა: კობახიძე
2 ჯარიმა: კობახიძე
სინბინი: გაგოშვილი
ფინალი. “ავჭალა”. 1900 მაყურებელი
სამოა - იაპონია 31:24 (19:17)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია