საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის კლუბმა, პარიზის “სტად ფრანსემ” ფინანსური გარანტიების წარდგენა მოახერხა და ჩემპიონატის უმეღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.
Scrum-ის ინფორმაციით, პარიზელთა ბიუჯეტში დეფიციტი დაახლოებით ექვს მილიონ ევროს შეადგენდა, რის გამოც, გასულ ჩემპიონატში დაკავებული მე-11 ადგილის მიუხედავად, Pro D2-ში დაქვეითება ემუქრებოდათ. თუმცა, კანადურმა კომპანია FACEM-მ კლუბისათვის გარანტიის სახით 12 მილიონის ევროს გამონახვა მოახერხა და საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ქვედა დივიზიონში გავარდნას გადაურჩა. უახლოეს დღეებში, კლუბის პრეზიდენტი მაქს გუაცინი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ახალ მორაგბეებს წარადგენს.
“სტად ფრანსე” 13-ჯერ გამხდარა საფრანგეთის ჩემპიონი, 1998 წლიდან - 5-ჯერ, სულ ბოლოს კი, უძლიერესის სახელი 2007 წელს მოიპოვა. ერთხელ ფლობდა საფრანგეთის თასს, 2-ჯერ ითამაშა ევროპის ყველაზე პრესტიჟული, “ჰეინეკენის თასის” ფინალში, წელს კი, რანგით მეორე, “ჩელენჯ ქაფის” ფინალში გააღწია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია