ამბები

17:01 | 9.06.2011 | ნანახია 2594 - ჯერ

რაგბი პოლიტიკის გარეშე

 

კარლო მაღლაკელიძის სახელი, ქართული რაგბის გულშემატკივართა უმრავლესობამ მას შემდეგ გაიგო, რაც ის რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიწვევას დათანხმდა და პირველი ნატურალიზირებული ქართველი გახდა, რომელმაც მეზობელი ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში გადაწყვიტა.

ეს 2009 წელს მოხდა და იმავე პერიოდში, მის კვალს გიორგი მინაძე დაადგა, ოდნავ მოგვიანებით კი, “დათვების” ქართველი ლეგიონერების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა - ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები. პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მით უმეტეს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათი და კონკრეტულად, მაღლაკელიძის საქციელი საქართველოში არაერთგვაროვნად აღიქვეს.
მაღლაკელიძემ და დანარჩენმა “რუსმა ქართველებმა”, ეს გადაწყვეტილება ერთი მარტივი მიზეზის გამო მიიღეს - მათ საქართველოს ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივა არ ჰქონდათ, ამასთან, მსოფლიო თასზე თამაში ძალიან სურდათ და გამოსავალი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში იპოვეს. ოთხივე მორაგბე სამშობლოდ საქართველოს, სახლად კი, რუსეთს მიიჩნევს. 33 წლის პენზის “იმპერიას” შერკინების პირველხაზელი მაღლაკელიძე, რუსეთის ნაკრებთან ერთად ინგლისში მიმდინარე “ჩერჩილის თასისთვის” ემზადებოდა, მაგრამ “ნისლიან ალბიონზე” მიმავალ 28 მორაგბეს შორის ვერ მოხვდა და Sports.ru-ს, პოლიტიკის გარდა ყველაფერზე ესაუბრა - საქართველოში რაგბის პოპულარობაზე, საკუთარ გადაწყვეტილებაზე და მსოფლიო თასზე თამაშის სურვილზე:
- სახელი ბაბუის საპატივცემულოდ დამარქვეს და ამით ძალიან ამაყი ვარ. ის ომის ვეტერანია, ფრონტზე ფეხი დაკარგა. ვფიქრობ, კარლო კარგად ჟღერს.
- საქართველოში რაგბი პოპულარობით ფეხბურთს არ ჩამოუვარდება, ხოლო სიყვარული მასზე მეტი აქვს. სათამაშო სახეობებიდან რაგბი პირველია, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა.
- რაგბი საბჭოთა კავშირის პერიოდშივე ძალიან პოპულარული იყო. მე ქუთაისში ვცხოვრობდი და ეზოში ყველა ბავშვი ოვალური ბურთით თამაშობდა. მთლიანობაში, საქართველოში სამი სარაგბო ცენტრია - თბილისი (მთავარი ცენტრი), ქუთაისი და ბათუმი. შვებულების დროს სამშობლოში მუდამ ჩავდივარ, შევდივარ სტადიონზე თამაშის საყურებლად და ის მუდამ ბოლომდე სავსეა.
- რა თქმა უნდა, ძალიან მსურდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ მწვრთნელები უფრო მეტად საფრანგეთში მობურთალ ლეგიონერებს ენდობიან. მსოფლიო თასზე თამაში კი, ჩემი ოცნებაა.
- საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ისე არ გაიგოთ, რომ ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ისედაც დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე, კიდევ ერთხელ სიტუაციის დაძაბვა არ ღირს. საქართველოში მშობლები და ნათესავები მყავს და არ მსურს, რომ მათ ჩემს გამო პრობლემები შეექმნათ.
- საქართველო ჩემი სამშობლოა. ზაფხულობით იქ ძალიან კარგია, როდესაც ყველაფერი აყვავებულია, სასიამოვნო სუნი ტრიალებს. სამწუხაროდ, მორაგბეებს შვებულება ნოემბერ-დეკემბერში გვიწევს და ზაფხულობით ოჯახთან ჩასვლა არ მიხერხდება.
- საქართველოში საუკეთესო ღვინოებია - სახლის, სულით და გულით დამზადებული. ყველა ოჯახს აქვს თავისი ღვინო, გემრიელი, დანამატების გარეშე. რუსეთში მეგობრები გამუდმებით მთხოვენ, რომ ღვინო ჩამოვუტანო და მეც მათი თხოვნის ასრულებას ვცდილობ.
- რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რვა გუნდი თამაშობს, საქართველოში ათი (? - საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რვა გუნდი თამაშობს - რედ.). რაც უფრო მეტი სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება, კონკურენცია მით უფრო გაიზრდება, ასე კი, მაგალითად, “ფილის” წინააღმდეგ თამაში, საინტერესო სულაც არაა.
- ადრე, ჩემი ქართველი მეგობრები საფრანგეთში მეპატიჟებოდნენ, მაგრამ დროულად წასვლა ვერ გადავწყვიტე. ახლა იმ ასაკში არ ვარ, რომ ახალი ცხოვრება დავიწყო, მით უმეტეს ევროპაში. ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ძლიერ კლუბში თამაში სურთ. 20-22 წლის რომ ვიყო, მეც გავრისკავდი, მაგრამ უკვე 33 წლის ვარ...
- რუსეთში 2001 წელს ჩამოვედი და არ მეგონა, რომ აქ ათ წელიწადს გავჩერდებოდი. სამი წელიწადი კრასნოდარში გავატარე, მერე პენზაში გადმოვედი. ხანდახან, როდესაც ბევრი გასვლითი თამაში, ან შეკრებები გვაქვს და მშობლებს ვურეკავ: “დავიღალე, სახლში მინდა”, ისინი მეკითხებიან: “სად სახლში?” მეც ვპასუხობ, პენზაში და გულიანად ვიცინი. ქალაქს ძალიან შევეჩვიე, ორ ქვეყანას შორის ცხოვრებასაც შევეჩვიე.
- როცა 2009 წელს, რუსეთის ნაკრების მწვრთნელებისგან მიწვევა მივიღე, მათ თანხმობა განვუცხადე. რატომაც არა, თუკი საჭირო ვარ? ნათესავებმა, მეგობრებმა, ეს ნაბიჯი ნორმალურად აღიქვეს და გვერდში დამიდგნენ, ქართულმა გაზეთებმა, რადიომ და ტელევიზიებმა კი, ეს ნაბიჯი არ გაამართლეს: ქართველთა წინააღმდეგ ქართველი ითამაშებს. სამხრეთ აფრიკაში, შეკრებაზე, ერთბაშად ოთხი ქართველი ვიყავით. მთავარი კითხვა ასეთი იყო: რატომ ავირჩიეთ რუსეთი და არა სხვა რომელიმე ქვეყანა? ვფიქრობ, გავა დრო და ყველა დამშვიდდება.
- რაგბისადმი ინტერესი რუსეთშიც გაიზარდა. მატჩებს ტელევიზიები აჩვენებენ, ჩვენზე გაზეთებში იწერება. ნელ-ნელა ერი ხვდება, რომ ფეხბურთისა და ჰოკეის გარდა სხვა სპორტიც არსებობს.
- მსოფლიო თასზე გასვლა თითქმის არ გვიზეიმია. ბანკეტი რუმინეთთან საშინაო მატჩის შემდეგ გაიმართა. ცოტა ხნით გავერთეთ და მერე შემდეგი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გავემართეთ.
- ახალ ზელანდიაში ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ამბობენ, რომ მთავარი მატჩი 15 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული ნაკრების წინააღმდეგ გვექნება. აშშ-ს დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ წინდაწინ რაიმეს განსაზღვრა ძალიან ძნელია. ამერიკელების გუნდი ჩვენზე სუსტი ნამდვილად არაა, გამოცდილება კი, რუსეთისაზე მეტი აქვს. მათ მსოფლიო თასზე ბევრჯერ აქვთ ნათამაშები, ჩვენ კი, იქ პირველად მივდივართ.
- გვსურს, რომ იტალიის, ირლანდიისა და ავსტრალიის წინააღმდეგ კარგად ვითამაშოთ. რაგბი ფეხბურთი არაა, სადაც სუსტმა გუნდმა შეიძლება გოლი გაიტანოს და მერე ჩაიკეტოს. აქ ძლიერი თითქმის ყოველთვის იმარჯვებს და ეს წესი ნაკლებად ირღვევა, მაგრამ ყურების ჩამოყრას სულაც არ ვაპირებთ.

- ირლანდია? ისინი ღმერთები სულაც არ არიან. გასულ მსოფლიო თასზე ამ ირლანდიას საქართველოს ნაკრებმა თითქმის მოუგო, სადღაც იღბალმა უმტყუნა, სადღაც რწმენა არ ეყოთ. თამაში ყველასთან შეიძლება.
- როგორ განვეწყოთ ავსტრალიასთან სათამაშოდ? შიში უკვე დაგვიანებულია... რა თქმა უნდა, მათი თამაში მხოლოდ ტელევიზორში გვაქვს ნანახი, მაგრამ უშუალოდ მოედანზე, დამიჯერეთ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ყოფილა შემთხევვები, როდესაც მოედანზე გასულები, რამდენიმე წუთში მივმხვდარვართ, რომ მოწინააღმდეგე არც ისეთი მრისხანეა, როგორადაც ადრე გეჩვენებოდა. თუ ფიქრობთ, რომ ავსტრალიელთა წინააღმდეგ მოედანზე გასულებს მუხლები აგვიკანკალდება, ძალიან ცდებით. მე მათთან ამის შემდეგ თამაში, ალბათ, აღარც მომიწევს და პანიკაში რატომ უნდა ჩავვარდე?
- ყველა მეკითხება, თუ რას ველი გრანდებთან თამაშისგან და მეც ვპასუხობ - სიცოცხლეს მოედანზე. არ უნდა ვისხდეთ დაცვაში და არ უნდა მივცეთ მეტოქეს ყველაფრის გაკეთების უფლება. საჭიროა, რომ ჩვენც შევუტიოთ, კომბინაციები გავითამაშოთ. დაე, თუნდაც იტალია, მაქსიმალურად დაიხარჯოს და ისე დაგვამარცხოს, მაგრამ არავის უნდა ვათქმევინოთ, რომ რუსეთის ნაკრები იოლი მეტოქეა.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083874