ინგლისში მიმდინარე “ჩერჩილის თასის” მეორე რაუნდში, ევროპის ერთა თაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე რუსეთმა, სახეცვლილ კანადის ნაკრებს პირველი ტაიმი 18:15 მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქის იერიშებს ვეღარ გაუძლო და 18:34 დამარცხდა.
კანადის ეროვნული ნაკრების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი, კირან კროული არ მალავს, რომ წელს მისი გუნდის მიზანი ტურნირის მოგებაა და პირველ წრეში იტალიის A ნაკრების 26:12 დამარცხების შემდეგ, ძირითადი შემადგენლობის მორაგბეებს დასვენების საშუალება მისცა. რუსეთის წინააღმდეგ, კანადელთა ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად რვა ცვლილება განხორციელდა, მაგრამ ანგარიში მე-12 წუთზე, ლელოთი სწორედ მათ გახსნეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ჩრდილოამერიკელები მოედნის ცენტრალურ ხაზთან გადაცემისას შეცდნენ და რუსეთმა ლელოთი უპასუხა, რეალიზაციით კი, წონასწორობა აღადგინა.
26-ე წუთზე, ფეხით შეცურებულ ბურთს ატიომოვი შეჰყვა და “დათვები” ხუთი ქულით დააწინაურა. შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, კანადელებმა ლელოთივე წონასწორობა კი აღადგინეს, მაგრამ კუშნარიოვმა ზედ სასტვენის წინ, ჯარიმით რუსეთს სამქულიანი უპირატესობა მოუტანა. 52-ე წუთზე, რუსეთმა კანადელთა საოცარი იერიში კი მოიგერია, მაგრამ ჩრდილოამერიკელებმა ცვლილებებს მიმართეს და დასკვნით მეოთხედში მეტოქე საბოლოოდ გატეხეს. მათ დასკვნით ოც წუთში სამი ლელო გაიტანეს, აქედან, ორი რეალიზაცია გამოიყენეს, ოთხზე მეტი გატანილი ლელოსთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღეს, ორი მატჩის ჯამში 9 ქულა დააგროვეს და ფინალში თამაში დაიბევეს. კანადელთა წინააღმდეგ, 73-ე წუთიდან ითამაშა ქართველმა ვალერ ცნობილაძემ, მისი ძმა გრიგოლი კი, განაცხადში არ იყო. ჯგუფის მეორე ადგილოსანი 12 ივნისს გაირკვევა, როდესაც რუსეთის ნაკრების მეტოქე, ასევე კანადასთან დამარცხებული იტალიის A გუნდი იქნება.
12 ივნისს უნდა გაირკვეს ფინალში გასული მეორე გუნდის ვინაობაც. ინგლისის მეორე ნაკრებმა აშშ პირველ რაუნდში 87:8 გაანადგურა. მეორე რაუნდში ამერიკელთა მეტოქე ტონგას A გუნდი იყო, მაგრამ ედი ოსალივანის შეგირდებმა ვერც მის ზეწოლას გაუძლეს და 13:44 განადგურდნენ, რის შედეგადაც, ბოლო ადგილზე დარჩნენ და მეხუთე ადგილისთვის რუსეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის დამარცხებულ გუნდს შეხვდებიან. ფინალში გასასვლელად, მასპინძელი ინგლისი ტონგას შეერკინება და გამარჯვებული, თასისთვის კანადასთან იბრძოლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია