საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა ის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც დღეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, “ტრიუმფალურ არკად” წოდებულ სარაგბო სტადიონზე, წლევანდელი IRB-ს ერთა თასის პირველ შეხვედრას ითამაშებენ.
ძირითად შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლის უკანახაზელი გიორგი ჯიმშელაძე უკანახაზელია და შუამარბის პოზიციაზე თამაშობს. ის ფრანგული “კლერმონის” ახალგაზრდული გუნდის წევრია, ამასწინათ, თბილისშიც იყო სათამაშოდ ჩამოსული, როდესაც “კლერმონს” საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სძლია და თავისი გარღვევებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 24 წლის გივი ბერიშვილი თბილისის “ლოკომოტივის” უკანახაზელია. ის საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბეა, გასულ წელს კი, “შავი ზღვის თასზე” თამაშისას, საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინა და ნაკრების მწვრთნელებმაც მას ეროვნულ გუნდში უხმეს.
ამათ გარდა, სათადარიგოთა შორის არიან და შესაძლოა, ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდეთ “ყოჩების” ორ მორაგბეს - შერკინების პირველხაზელ შალვა მამუკაშვილს და ცხრა ნომერ გიორგი ბეგაძეს. მთლიანობაში, შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ის გამოცდილი და ახალბედა მორაგბეთა ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. მხრის ტრავმის შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდა მალხაზ ურჯუკაშვილი, შერკინების პირველ ხაზში გამოჩნდა გოდერძი შველიძე, ხოლო მეორე ხაზში “ბორჯღალოსანთა” ყოფილი კაპიტანი, ილია ზედგინიძე დაბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ფორმა დაიბრუნა.
უკანა ხაზის უმრავლესობა ქართული კლუბის წარმომადგენელია და მათგან სამი ქუთაისის “აიას” ღირსებას იცავს, თუმცა, გამოცდილება არცერთს არ დაეწუნება. მალხაზ ურჯუკაშვილის დაბრუნების ფონზე, დიქსონმა ბესიკ ხამაშურიძეს პოზიცია შეუცვალა და მას გარემარბად პირველად ათამაშებს, მაგრამ შესაძლოა, მატჩის მსვლელობისას ხამაშურიძემ და ურჯუკაშვილმა პოზიციებიც გაცვალონ. შემადგენლობაში დაბრუნდა ირაკლი გიორგაძე, რომელსაც ბოლო დროს მწვრთნელები აღარ სწყალობდნენ. დიქსონის ხელმძღვანელობით, პირველად ითამაშებს ლაშა ხმალაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ნელ-ნელა ფორმაში შედის.
შერკინების პირველი და მეორე ხაზი გამოცდილებას არ უჩივის. გოდერძი შველიძესა და აქვსენტი გიორგაძეს ახალგაზრდა ვასილ კაკოვინი შეემატა, რომელიც შეიძლება ითქვას, წლევანდელი სეზონის აღმოჩანაა, როგორც ფრანგული “ბრივისთვის”, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის. აღმოჩენაა და გუნდს კარგად შეერწყა მესამეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, რომელსაც ზედგინიძე შეუწყვილდება. ილოს ირაკლი აბუსერიძისა და დავით ზირაქაშვილის არყოფნაში, თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა კაპიტნის სამკლავური მიანდეს და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, მოედანზე გუნდს სწორედ ის გაიყვანს. უკანახაზისა არ იყოს, შერკინების მესამე ხაზში თანაგუნდელები - გივი ბერიშვილი და ზვიად მაისურაძე ითამაშებენ და წესით, მათ შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. იქვეა ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც “კლერმონში” გადასვლის შემდეგ, თამაშის დონე მნიშვნელოვნად აიმაღლა.
ამ ჯერზე, 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ ლექსო გუგავა, რევაზ გიგაური, დავით ქუბრიაშვილი და სიმონ მაისურაძე, რომელთაც თავის გამოჩენის შანსი მომავლში ექნებათ.
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე სამხრეთ აფრიკის “კინგზი” იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სამხრეთ აფრიკის გუნდი IRB-ს ერთა თასს ორწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება, ოღონდ, ამჯერად, “მომავლის სამხრეთ აფრიკის” ნაცვლად, კეიპის პროვინციის გუნდი “კინგსი” ითამაშებს. კეიპის პროვინციის ეს გუნდი 2009 წელს ჩამოყალიბდა. ის სამი პროვინციის - ჩრდილოეთ კეიპის, დასავლეთ კეიპის და აღმოსავლეთ კეიპის პროვინციების საუკეთესო მორაგბეებს აერთიანებს და მიზნად ზე-15 თამაში დაისახა, მაგრამ წლეულს მას უარი ეთქვა და თამაშის დასახვეწად აფრიკელებმა ერთა თასზე გამოუშვეს.
მომდევნო შეხვედრას “ბორჯღალოსნები” არგენტინის “იაგუარების”, ანუ ეროვნული გუნდის უახლოესი რეზერვის წინააღმდეგ ჩაატარებენ, დასკვნით მატჩში კი, ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. მანამდე, ბუქარესტში ტურნირისწინა პრესკონფერენცია ჩატარდა, გუნდების კაპიტნებმა, IRB-ს ტურნირების ტრადიციის მიხედვით, თასთან სურათები გადაიღეს, თუმცა, რადგან ბუქარესტში ბოლო დღეებია გადაუღებლად წვიმს, ღირსშესანიშნავი ადგილის მოძებნა ვერ მოხერხდა და ფოტოსესიაც საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
“მოუთმანლად ველით შეხვედრებს, რომლებიც ახალი ზელანდიის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში უნდა დაგვეხმაროს. ვეცდებით, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გამარჯვებებს მივაღწიოთ და ტიტული შევინარჩუნოთ, თუმცა, ფავორიტებად სულაც არ მივიჩნევით” - თქვა გასული გათამაშების გამარჯვებულ ნამიბიელთა კაპიტანმა ჟაკ ნიევენჰიუმ, რომლის გუნდსაც პირველი შეხვედრა მასპინძელ რუმინეთთან ელის.
“ნამიბიასთან შეხვედრას ახალი ზელანდიის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპზე პირველ ტესტ-მატჩად განვიხილავთ. საკუთარი ქვეყნის სახელით, ნოემბრის შემდეგ არ მითამაშია და სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მიზანი, გუნდის შეკვრა და მისი სათამაშო სულისკვეთების ამაღლებაა. კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუმინელებისთვის ეს ტურნირი და მის მოგებას ვეცდებით. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე მოვიდნენ და ეს სარაგბო ფესტივალი გაალამაზონ” - განაცხადა რუმინელთა კაპიტანმა მარიუდ ტინკუმ.
რუმინეთისა და ნამიბიის შეხვედრა ტურნირს გახსნის, მერე კი, მოედანზე საქართველოს ნაკრები გავა და სამხრეთ აფრიკული “კინგზის” წინააღმდეგ მას ილია ზედგინიძე გაუძღვება, რომელიც “ბორჯღალოსნებს” 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასზე კაპიტნობდა.
“რუმინეთში არაერთხელ მითამაშია, მაგრამ ეს ტურნირი განსაკუთრებულია, რადგან უმრავლესობას ბოლო შანსი გვეძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე გამგზავრების ღირსნი ვართ” - ამბობს ზედგინიძე.
სამხრეთაფრიკელებს 27 წლის მცველი, სტიკ მზვანდილე უკაპიტნებს, რომელიც შვიდკაცა მსოფლიო სერიის გამარჯვებულია. მართალია, “კინგზიდან” ახალ ზელანდიაში მოხვედრის შანსი არცერთ მორაგბეს არ აქვს, მაგრამ ეს კლუბი ასეთ დონეზე პირველად თამაშობს და მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა სურთ - “გვსურს, რომ ჩვენი რაგბის ცოდნა და მაღალ ტემპში თამაშის შესაძლებლობა დაგანახოთ, მიზნად კი, ყველა მატჩის და ტურნირის მოგება დავისახეთ” - თქვა კაპიტანმა და იქვე აღნიშნა, რომ აფრიკელებთან ყველა მეტოქეს უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს.
პირველი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში, არგენტინის “იაგუარების” მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. არგენტინელთა შემადგენლობაში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოიგეს და მათი კაპიტანი სანტიაგო გონსალეს იგლესიასი ამბობს, რომ ბიჭები მოუთმენლად ელიან საინტერესი ათდღიანი ციკლის დაწყებას, სადაც მათ უფრო ძლიერ მეტოქეებთან საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება ექნებათ.
პორტუგალიელთა კაპიტანმა ჟოაო კორეამ, ტურნირის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შემადგენლობა პროფესიონალი და ნიჭიერი მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. მათ რიგებში მრავლად ითამაშებენ ისეთი მორაგბეები, რომლებიც აქ გამოცდილებას მიიღებენ და მომავლში ეროვნული გუნდის სახელს დაიცავენ.
IRB-ს ერთა თასი 2006 წლიდან ტარდება. პირველ გათამაშებაში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული არგენტინის A ნაკრები გახდა. მომდევნო წელს, მონაწილე გუნდების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა და მას შემდეგ სისტემა აღარ შეცვლილა. 2007 წელს ტურნირში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო, ორი მატჩი მოიგო, ერთში დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი, “მომავლის სამხრეთ აფრიკა” გახდა. “მომავლის სამხრეთ აფრიკამ” იპირველა 2008 წლის გათამაშებაშიც, “ბორჯღალოსნებმა” კი, ამჯერად, მეორე ადგილი დაიკავეს. 2009 წელს საქართველოს ნაკრები “ჩერჩილის თასზე” გამოდიოდა და IRB-ს ერთა თასზე მონაწილეობა არ მიუღია, მისი გამარჯვებული კი, შოტლანდიის A ნაკრები გახდა. 2010 წელს “ბორჯღალოსნებმა” მხოლოდ მეხუთე საფეხური დაიკავეს, პირველობა კი ნამიბიამ იზეიმა.
რაც შეეხება ტურნირის ფორმატს, ყველა გუნდს სამ-სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, რის შედეგადაც, შედგება საერთო ცხრილი და გამარჯვებული ის გახდება, რომელსაც სამი მატჩის შემდეგ, ყველაზე მეტი ქულა ექნება. ტურნირზე მატჩის მოგებისთვის ოთხი ქულა იწერება, ფრე ორ ქულად ფასობს, ხოლო ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, გუნდი ერთ საპრემიო ქულას იღებს.
საქართველოს ნაკრები აფრიკელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი, 65 კეპი, 300 ქულა), 14. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 58, 70), 13. გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი, 0), 12. ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი, 40, 16), 11. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 22, 20), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 6), 9. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 54, 25); 1. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 58, 35), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 60, 55), 3. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 12), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერენი”, საფრანგეთი, 60, 65), 5. ვახტანგ მაისურაძე (“სან ნაზარი”, საფრანგეთი, 5), 6. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 0), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 7, 5), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 28, 30).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი, 0), 17. კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 4), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 19, 25), 19. დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი, 13, 5), 20. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 0), 21. სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 21, 5), 22. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 4, 10).
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
პირველი რაუნდი. 10 ივნისი. პარასკევი
რუმინეთი - ნამიბია (18:00)
საქართველო - სამხრეთ აფრიკის კინგსი (20:00)
არგენტინის იაგუარები - პორტუგალია (22:00)
მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
საქართველო - არგენტინის იაგუარები (18:00)
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი (20:00)
პორტუგალია - ნამიბია (22:00)
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი (18:00)
საქართველო - ნამიბია (20:00)
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები (22:00)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია