თბილისში გამართული 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფით” გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ, შაბათს XXIII ეროვნული ჩემპიონატი ბრუნდება, თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრების IRB-ს ერთა თასზე მონაწილეობის გამო, გათამაშების ლიდერები თავიანთი წამყვანი მორაგბეების გარეშე იბურთავებენ.
ამიერიდან, მორაგბეები და გულშემატკივრები ერთგვარ შვებას იგრძნობენ. ახლა თამაშები ბუნებრივსაფარიან მოედნებზე გაიმართება და სპორტსმენებს ხელოვნურ საფარზე კუნთის გაჭიმვის შიში აღარ ექნებათ. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს მაყურებელთა ის რაოდენობა ესწრება, რომელთაც “შევარდენის” და “ავჭალის” სტადიონების ტრიბუნები უპრობლემოდ დაიტევს და მათაც მატჩების ყურება კომფორტულად შეეძლებათ.
VI ტურის უმაღლესი ლიგის ოთხი შეხვედრიდან, სამი “ავჭალაზე” გაიმართება, ერთი კი, დიდ დიღომში, “ვისოლზე”, რაღა თქმა უნდა, რაიმე მიზეზით, რომელიმე თამაშის ჩატარების ადგილი ბოლო მომენტში თუ არ შეიცვალა, რაც არაერთხელ მომხდარა. განახლებული პირველობის პირველი მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და “ავჭალაზე”, თბილისის “ლელო” რუსთავის “ხარებს” დაუხვდება.
საქართველოს თასის მფლობელს ეროვნულ გუნდში სამი მორაგბე ჰყავს მივლინებული და რუსთაველთა წინააღმდეგ, უკანა ხაზის ბირთვს მოისაკლისებს - სანდრო თოდუა, ლექსო გუგავა და ლაშა ხმალაძე. ლელოელთა მდგომარეობას ის ართულებს, რომ ლაშა ხმალაძის შემცვლელმა, ათმა ნომერმა გოდერძი ჭინჭარაულმა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე მხარი ამოიგდო და გუნდს ვერც ის დაეხმარება. ეს დანაკლისი “ხარებს” წარმატების იმედს აძლევს. მიმდინარე ჩემპიონატის განვლილ ხუთ მატჩში, რუსთაველებმა ოთხი მარცხი განიცადეს და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. “ლელო” ჩემპიონობის მაძიებელ “არმიასთან” და “აიასთან” დამარცხდა, ერთ-ერთ კონკურენტ “ლოკომოტივს” თავად აჯობა, ქვედა ოთხეულის ორ გუნდს - “არმაზს” და “ყოჩებს” კი, იოლად გაუსწორდა.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, “ავჭალას” მოედანზე “არმია” და “არმაზი” გავლენ. ჯერჯერობით, არმიელები მეორე ადგილზე არიან. მათ ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დაასრულეს, ერთხელ კი, დამარცხდნენ. ამ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ შეუთამაშებელი იყო, ერთთვიანი შესვენება კი, მათ, ამ ნაკლის აღმოფხვრის საშუალებას მისცემდა. “არმიას” ბუქარესტში ბიძინა სამხარაძე ჰყავს მივლინებული, თუმცა, მეორე დანაკლისიც აქვს - ირაკლი ნატრიაშვილი კარიერას “ბრივში” გააგრძელებს. “არმაზს” სეზონი ცუდად არ დაუწყია, მხოლოდ ჩემპიონობის მაძიებელ “ლელოსთან” და “აიასთან” დამარცხდა, V ტურში “აკადემიას” დაუზავდა, მანამდე კი, “ხარებს” და “ყოჩებს” აჯობა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ეს შეხვედრა ამ ტურში ერთ-ერთი ცენტრალური უნდა იყოს.
პარალელურად, 18:00 საათზე, “ვისოლზე” დაიწყება თბილისის “ყოჩებისა” და ქუთაისის “აიას” დაპირისპირება. სატურნირო თვალსაზრისით, გუნდები ამჟამად რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან - გასულ წელს ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ყოჩები”, არაერთმა მორაგბემ დატოვა და წელს ხუთივე მატჩში დამარცხდა, “აიამ” კი ბირთვი შეინარჩუნა, წლევანდელი სეზონი წინაზე უკეთ დაიწყო და ყველა შეხვედრაში იმარჯვა. თითქმის თანაბარი სიტუაციაა ნაკრებში მორაგბეთა მივლინების მხრივ. “ყოჩებს” შერკინების პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი და გამთამაშებელი, ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე დააკლდება, ხოლო “აია” უკანახაზელ ლიდერებს - ბესიკ ხამაშურიძეს (მოთამაშე მწვრთნელი), ირაკლი ჩხიკვაძესა და ირაკლი გიორგაძეს მოისაკლებს.
სულ ბოლოს, “ავჭალაზე” მისულ მაყურებელს სიურპრიზი ელოდება. თბილისის “ლოკომოტივისა” და “აკადემიას” ჯახი 20:00 საათზე იწყება და განათების ფონზე ჩაივლის, რაც ქართულ რაგბიში მართლაც რომ იშვიათობაა. ვინ უკეთ აუღებს ალღოს ხელოვნურ განათებას, მოედანზე გამოჩნდება. საქართველოს ჩემპიონს ორი შერკინების მესამეხაზელი - ზვიად მაისურაძე და გივი ბერიშვილი დააკლდება, რაც დიდი ძალაა. ეს მოგების შანსს აკადემიელებს უზრდის, რომლებიც ჯაბანნი სულაც არ არიან და ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვიან. განვლლი ხუთი შეხვედრიდან, მათ მხოლოდ ერთი მოიგეს, მაგრამ მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ და ორჯერ მეტოქე ფრეს დააჯერეს. “ლოკომოტივმა” ლიდერთაგან პირველ ტურში “არმია” დაამარცხა, მაგრამ “ლელოს” და “აიას” ვერაფერი მოუხერხა, ცხრილის ქვედა ოთხეულის გუნდებს კი, დიდი გართულებების გარეშე გაუსწორდა.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
11 ივნისი. შაბათი. VI ტური
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 18:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 20:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
1 | აია | 5 | 5 | 0 | 0 | 144-62 | 10 |
2 | არმია | 5 | 3 | 1 | 1 | 110-92 | 7 |
3 | ლელო | 5 | 3 | 0 | 2 | 145-105 | 6 |
4 | ლოკომოტივი | 5 | 3 | 0 | 2 | 118-86 | 6 |
5 | არმაზი | 5 | 2 | 1 | 2 | 96-120 | 5 |
6 | აკადემია | 5 | 1 | 2 | 2 | 89-106 | 4 |
7 | ხარები | 5 | 1 | 0 | 4 | 49-108 | 2 |
8 | ყოჩები | 5 | 0 | 0 | 5 | 75-147 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია