ამბები

14:25 | 11.06.2011 | ნანახია 4151 - ჯერ

აფრიკამ შეცდომები არ გვაპატია

საქართველოს მორაგბეთა ექსპერიმენტულმა ნაკრებმა, რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასის პირველი შეხვედრის მეორე ტაიმში შეცდომები დაუშვა, რითაც კარგად ისარგებლა სამხრეთ აფრიკის “კინგზმა”, დასკვნით ნახევარ საათში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და 31:17 იმარჯვა.
პირველი ნახევარი აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა. “ბორჯღალოსნები” მეტოქეს ძალაშიც ჯობდნენ, შერკინებაშიც, რაქშიც, მოლშიც არაფერი დაუთმეს აფრიკელებს და ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა, რასაც ქართველთა შეცდომებიც დაერთო და ეს ყველაფერი შედეგზეც ლოგიკურად აისახა. საგუსლიხმოა, რომ ლელოები ქართველთა უკანახაზელებმა გაიტანეს და ორივე შემთხვევაში, ქუთაისის “აიას” მორაგბეებმა იხეირეს. ანგარიში მეექვსე წუთზე გაიხსნა, როდესაც ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ირაკლი ჩხიკვაძეს გაატანინა, მალხაზ ურჯუკაშვილმა კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ამას, მე-13 წუთზე ქართველთა შეცდომა მოყვა, დავარდნილი ბურთი მეტოქემ აიტაცა და შემდგომში მატჩის გმირმა, შუამარბმა სიანდეი გრეიმ თავისი პირველი ლელო ძელებსშუა გაიტანა. ამან ტრიბუნების დიდი ოვაცია გამოიწვია - როგოც ჩანს, რუმინული პუბლიკა აფრიკელთა მხარეს იყო. ზუსტ რეალიზაციას სტრიუდომ მალე ჯარიმაც მიაყოლა, მაგრამ ტაიმის შუაწელს, 22-ე წუთზე, გოდერძი შველიძემ რაქში ბურთი მეტოქეს წაართვა, ბიძინა სამხარაძემ ის ჩათვლის მოედანში ფეხით შეაცურა, ბესიკ ხამაშურიძე კარგად შეყვა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა, ურჯუკაშვილმა კი, რეალიზაცია ამჯერადაც გამოიყენა. მალე აფრიკელთა პირველხაზელი, კლინტ ნიულენდი სინბინით დაისაჯა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” რიცხვობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს, ხოლო ტაიმის მიწურულს, “კინგზმა” ჯარიმა ზუსტად შეასრულა და შესვენების წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 14:13 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მიუხედავად წვიმისა, პირველ ნახევარში ორივე გუნდი ხელდახელ შეტევას, გაშლილი რაგბის თამაშს ცდილობდა, აი, მეორე ტაიმში კი, აფრიკელებმა ტაქტიკა შეცვალეს. ამინდისა და იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს დაკიდებული ბურთის დაუფლება უჭირდათ, მათ ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს მიმართეს და შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე ნახევარში ცოტათი რეფერიმაც “აურია”, რომელმაც ჯერ ჩხიკვაძე გაასინბინა და სტრიუდომმა ჯარიმა გაიტანა, ხოლო ათწუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ირაკლის გზას გოდერძი შველიძე გაუყენა და კიდევ ათი წუთი კაცნაკლული დაგვტოვა. აფრიკელებმა ჯარიმა ამჯერადაც კარში გადაგზავნეს, ამ მონაკვეთის შუალედში, ერთი ჯარიმით ურჯუკაშვილმაც იხეირა და “კინგზი” სულ რაღაც ორ ქულას იგებდა - 19:17.
69-ე და 71-ე წუთები ქართველთათვის საბედისწერო აღმოჩნდა. “ბორჯღალოსნებს” კიდევ ერთხელ დაუვარდათ თითქოსდა მარტივად დასამორჩილებელი ბურთი და გრეიმ ლელო გაიტანა, ორიოდე წუთში კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა. ორიდან ერთი რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და დარჩენილ ათ წუთში საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულის მოსაპოვებლად გაიბრძოლა. ძალაში “ბორჯღალოსანთა” უპირატესობა აშკარა იყო, აფრიკელთა მორკინალი სინბინით დაისაჯა და დასკვნითი 3-4 წუთი მეტოქე კაცნაკლული იყო. სულ ბოლოს, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრიეს, მაგრამ რეფერიმ ლელო არ ჩათვალა, ანგარიში უცვლელი დარჩა და საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულის მიღების შანსი დაკარგა - 31:17 “კინგზის” სასარგებლოდ.
“გამარჯვებით აღფრთოვანებული ვარ. ლუკ ვატსონმა დიდებული თამაში აჩვენა. მგზავრობამ ძლიერ გადაგვღალა და თამაში გვიჭირდა. მატჩის ბედი ჩვენმა ტაქტიკურად გამართულმა თამაშმა განაპირობა, რის შედეგადაც, ტერიტორიული უპირატესობა მოვიპოვეთ და ეს ქულებში ავსახეთ”, - თქვა აფრიკელთა მწვრთნელმა ალან სოლომონსმა. გუნდის კაპიტანმა, მზვანდილე სტიკმა დაამატა, რომ მათთვის, ფიზიკურად ძლიერი ქართველების წინააღმდეგ თამაში მრავლისმომტანი იყო.
“გულდაწყვეტილი ვარ, თუმცა, თამაშიდან გამომდინარე, თავს დამცირებულად სულაც არ ვგრძნობთ”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ილია ზედგინიძემ დაამატა: “რამდენიმე ელემენტარული შეცდომა დავუშვით, ძირითადად, ფეხით დაკიდებულ ბურთებზე თამაშისას და ამის გამო დავისაჯეთ. კმაყოფილი ვარ ჩვენს მიერ გატანილი ლელოებით და ბიჭების საბრძოლო განწყობით”.
ტურნირის გახსნით მატჩში, მასპინძელმა რუმინეთმა, IRB-ს ერთა თასის მოქმედი ჩემპიონი ნამიბია საწყის ოც წუთში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე 13:11 დაამარცხა. აფრიკელებმა შეხვედრა არადამაჯერებლად დაიწყეს და დან დუმბრავამ ჯარიმით ანგარიში გახსნა. მერე ჯარიმა ნამიბიელებს გაუფუჭდათ, აი, ფლორიან ვლაიკუმ კი, ლამის ცენტრალური ხაზიდან, მარცხენა ფლანგიდან უშეცდომოდ დაარტყა - 6:0. აფრიკელებმა ჯარიმით მალევე უპასუხეს, მაგრამ მერე პირველხაზელი გაუსნიბინეს და მე-19 წუთზე, მასპინძლებმა კაცნაკლულ მეტოქეს ლელო გაუტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. ტაიმი 13:3 დამთავრდა და მეორე ნახევარში რუმინეთს ნამიბიელთა იერიშების მოგერიება მოუხდა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ბოთამ ლელო გაიტანა, რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა, 24-ე წუთზე, ბოთამ ჯარიმით ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში რუმინეთმა დაცვაში კარგად ითამაშა და 13:11 იმარჯვა, რითაც თავად - ოთხი, მეტოქემ კი ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.
“ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ქულები ვერ დავაგროვეთ და ეს მარცხის ფასად დაგვიჯდა”, - თქვა ნამიბიელთა მწვრთნელმა, იოხან დიერგარდტმა.
“მართალია, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, როგორც გუნდმა, ასევე, თითოეულმა მოთამაშემ. ჩვენი სრული პოტენციალი ვერ გამოვავლინეთ, მაგრამ მზადების ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით და საგანგაშო არაფერია. პირადად მე, თებერვლის შემდეგ არ მითამაშია. გარკვეული დრო გვჭირდება, რათა უკეთ შევთამაშდეთ”, - განაცხადა რუმინელთა კაპიტანმა მარიუს ტინკუმ.
IRB-ს ერთა თასის მეექვსე გათამაშების პირველი რაუნდი, არგენტინის “იაგუარებისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ერთგვარი თრილერით დასრულდა. პორტუგალიელები ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობდნენ, ბიჭებმაც მაქსიმუმი გაიღეს, სრულად დაიხარჯნენ და ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მძიმე ბრძოლაში 25:21 დაამარცხეს. ლამაზ შეხვედრაში წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხან მეორე. თავიდან პორტუგალიელებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, კარლ მიურეის ლელოს, პედრო კაბრალმა ორი ჯარიმა დაურთო. არგენტინა თამაშში მალე დაბრუნდა, მე-15 წუთზე, უკანახაზელმა ხუაკინ ტუკულეტიმ ლელო გაიტანა და სანტიაგო გონსალეს იგლესიასმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სამ წუთში, კაბრალმა თავისი მესამე ჯარიმა გამოიყენა და პორტუგალიამ ტაიმი 14:7 მოიგო.
მეორე ნახევრის საწყის ოც წუთში, “იაგუარები” სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და ორი ლელო გაიტანეს. თავი შერკინების მესამეხაზელებმა, ტომას ლეონარდიმ და ტომას დე ლა ვეგამ გამოიჩინეს, რასაც ზუსტი გარდასახვები მოყვა - 21:14. პორტუგალია ბედს არ შეეგუა, შეტევაზე გადავიდა, ჯერ ჩამორჩენა კაბრალის ორი ჯარიმით მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 75-ე წუთზე, ლე რუქსმა არგენტინელთა ჩათვლის მოედანზე შეაღწია და პორტუგალიას 25:21 მოაგებინა.
“ვფიქრობ, საწყის ოც წუთში, მეტოქე ჩვენი თამაშით გავაოცეთ. იმის ნაცვლად, რომ როგორც ადრე, ტაქტიკური დარტყმები გამოგვეყენებინა და დაცვაში გვეთამაშა, ყველა ბურთს ვუფრთხილდებოდით და ხელით შეტევას ვცდილობდით”, - თქვა პორტუგალიელთა კაპიტანმა ჟოაო კორეიამ.
მათი მთავარი მწვრთნელი, ეროლ ბრეინი ემოციებისგან დაცლილი იყო: “ვამაყობ იმ თამაშით, რომელიც ჩემმა შეგირდებმა აჩვენეს. მათ ძალიან ჭკვიანურად ითამაშეს, ზუსტად ისე, როგორც რთული შეხვედრების მოსაგებადაა საჭირო და ძალიან გამახარეს”.
“ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვჩვევია. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამინდის გამო, მატჩის სადავეებს ვერ დავეუფლეთ, მაგრამ ბევრი რამეც ვისწავლეთ, ეს ტურნირი კი, სწორედ იმისთვისაა, რომ ვისწავლოთ”, - თქვა “იაგუარების” მთავარმა მწვრთნელმა, დანიელ ურკადემ.

2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
პირველი რაუნდი. 10 ივნისი. პარასკევი

საქართველო - სამხრეთ აფრიკის კინგზი 17:31 (14:13)
საქართველო:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი (21. სანდრო თოდუა 69), 14. ბესიკ ხამაშურიძე (22. ბექა ურჯუკაშვილი 58), 13. გიორგი ჯიმშელაძე, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი ჩხიკვაძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე; 1. გოდერძი შველიძე, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. ვასილ კაკოვინი, 4. ილია ზედგინიძე (18. გიორგი ნემსაძე 49), 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გივი ბერიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე (16. შალვა მამუკაშვილი 63).
სათადარიგოები: 17. კარლენ ასეიშვილი, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე.
2 ლელო: ჩხიკვაძე, ხამაშურიძე
2 გარდასახვა: ურჯუკაშვილი
1 ჯარიმა: ურჯუკაშვილი
2 სინბინი: ჩხიკვაძე, შველიძე
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი

რუმინეთი - ნამიბია 13:11
არგენტინის იაგუარები - პორტუგალია 21:25


1.    აფრიკელი მეფეები         1    1    0    0    31-17    4
2.    პორტუგალია                  1    1    0    0    25-21    4
3.    რუმინეთი                       1    1    0    0    13-11    4
4.    ნამიბია                            1    0    0    1    11-13    1
5.    იაგუარები                       1    0    0    1    21-25    1
6.    საქართველო                   1    0    0    1    17-31    0

მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
საქართველო - არგენტინის იაგუარები (18:00)
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი (20:00)
პორტუგალია - ნამიბია (22:00)
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი (18:00)
საქართველო - ნამიბია (20:00)
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები (22:00)
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08709