იტალიაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომლის პირველ ტურში, ახალი ზელანდიის ნაკრებმა მასპინძელთა გუნდი 64:7 დაამარცხა და აგერ უკვე 16 მატჩია, მარცხის გემო არ იცის.
2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც მსოფლიო თასის ამ ფორმატით ჩატარება დაიწყო, “ოლ ბლექსმა” ყველა შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და ტიტულს ზედიზედ სამჯერ დაეუფლა. იტალიამ მამაცურად ითამაშა, რისთვისაც ლელოთი დაჯილდოვდა, მაგრამ კლასში სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ანგარიში მაინც სამარცხვინო გამოდგა. A ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უელსმა არგენტინელ თანატოლებს აჯობა, თანაც პრემიალური ქულაც დაისაკუთრა.
B ჯგუფში ავსტრალიამ ტონგა დაიბრიყვა, აი, ფიჯიმ კი, ფრანგებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პრემიალური ქულა არ დაანება. პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელო-გარდასახვას და ერთ ჯარიმას, ფრანგებმა მეორე ნახევრის შუაწელს ერთი საჯარიმო ლელო და რეალიზაციაღა შემატეს. ფიჯელებმა ჯარიმით პირველ ნახევარში - ერთხელ, მეორეში კი სამჯერ იხეირეს.
საინტერესო გამოდგა ჩ ჯგუფის ერთი შეხვედრაც, სადაც ინგლისმა ირლანდია ბოლოსღა გატეხა. საწყისი 20 წუთის შემდეგ, ინგლისელები ლელოთი, გადასახვით და ორი ჯარიმით 13:0 დაწინაურდნენ. ირლანდიამ ჯერ ორი ჯარიმა გააფუჭა, მესამე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი, ლელოც გავიდა და რეალიზაციაც ზუსტი გამოდგა. მსაჯმა პირველ ნახევარს 6 წუთი დაამატა და ჯერ ინგლისმა - ლელო, ხოლო მერე ირლანდიამ ჯარიმა გაიტანა - 18:13. მეორე ნახევარში ირლანდიამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, შეხვედრის დასრულებამდე ოციოდე წუთით ადრე, ინგლისმა ლელოთი უპასუხა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო. 30-ედან 38-ე წუთამდე, ირლანდიელებმა სამი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და 25:23 დაწინაურდნენ. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კვლავ ინგლისელებმა იძალეს. მათ ჯერ ჯარიმით დაიბრუნეს ლიდერობა, ბოლოს კი, მეოთხე ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მოიპოვეს, ზუსტმა რეალიზაციამ კი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:25. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკა შოტლანდიას იოლად გაუმკლავდა და მშრალზე დაამარცხა - 33:0.
A ჯგუფი
არგენტინა - უელსი 8:34
იტალია - ახალი ზელანდია 7:64
1. ახალი ზელანდია 1 1 0 0 64-7 5
2. უელსი 1 1 0 0 34-8 5
3. არგენტინა 1 0 0 1 8-34 0
4. იტალია 1 0 0 1 7-64 0
14 ივნისი: ახალი ზელანდია - უელსი, იტალია - არგენტინა
B ჯგუფი
ავსტრალია - ტონგა 54:7
საფრანგეთი - ფიჯი 24:12
1. ავსტრალია 1 1 0 0 54-7 5
2. საფრანგეთი 1 1 0 0 24-12 4
3. ფიჯი 1 0 0 1 12-24 0
4. ტონგა 1 0 0 1 7-54 0
14 ივნისი: ავსტრალია - ფიჯი, საფრანგეთი - ტონგა
C ჯგუფი
ინგლისი - ირლანდია 33:25
სამხრეთ აფრიკა - შოტლანდია 33:0
1. სამხრეთ აფრიკა 1 1 0 0 33-0 5
2. ინგლისი 1 1 0 0 33-25 5
3. ირლანდია 1 0 0 1 25-33 0
4. შორლანდია 1 0 0 1 0-33 0
14 ივნისი: ინგლისი - შოტლანდია, ირლანდია - სამხრეთ აფრიკა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია