ამბები

15:39 | 12.06.2011 | ნანახია 2915 - ჯერ

წვიმამ “ეროვნულს” ბალახი არ შეარგო

თითქოს ყველას ეშველა, მორაგბეებსაც და მაყურებლებსაც, ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ბუნებრივსაფარიან მოედანზე დაიგეგმა და გულშემატკივარსაც ტრიბუნაზე მოკალათებულს, ცივილიზირებულად შეეძლო მათთვის თვალის მიდევნება, მაგრამ პირველივე მატჩის შესვენებისას გაწვიმდა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ავჭალის” სტადიონზე დაგეგმილი დანარჩენი 2 შეხვედრა ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადაიტანეს.
ამან დიდი გაუგებრობა გამოიწვია. “არმიასა” და “არმაზის” მორაგბეებს, ბალახზე თამაშისთვის განკუთვნილი ბუცები გამოაცვლევინეს, მაგრამ გუნდების ხელმძღვანელობამ სრკ-ს გადაწყვეტილება გააპროტესტა. იმ დროისთვის წვიმა თითქმის შეწყდა და გუნდები ბუნებრივ მოედანზე შეშვებას ითხოვდნენ, მაგრამ კავშირმა არ დათმო და შეხვედრა ნახევარი საათის დაგვიანებით, მაინც ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდა. იქვე გაიმართა დღის ბოლო ჯახიც, სადაც ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივი” “აკადემიასთან” სენსაციურად დამარცხდა.
მივყვეთ თანმიმდევრობით. 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფით” გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს XXIII ჩემპიონატი თბილისის “ლელოსა” და რუსთავის “ხარების” შეხვედრით განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თასის მფლობელს ეროვნულ ნაკრებში მივლინებული რამდენიმე მოთამაშე აკლდა, ის მაინც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ რუსთაველებს პირველსავე წუთებიდან აგრესიულად შეუტიეს და მალე შუბითიძემ ლელო გაიტანა, ჭაავამ კი რეალიზაცია გამოიყენა.
თბილისელთა თამაშს რაღაც აკლდა. ისინი ხელით ცდილობდნენ იერიშების წამოწყებას, მაგრამ “ხარების” თამაშში მეტი მუხტი იგრძნობოდა. ნახევარი საათის თავზე, უკეთესმა სათამაშო კლასმა მაინც თავისი გაიტანა. ზაალიშვილი მარცხენა ფლანგზე გაიქცა, მას ხელი ვერავინ შეუშალა და უკვე მეტოქის ჩათვლის მოედანში შესულმა, ძელებსშუამდე მიაღწია. შესაბამისად, ყიასაშვილმა რეალიზაცია იოლად გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
ამასობაში, ქარი მომძლავრდა და “ავჭალის” თავზეც ღრუბლები მოგროვდა. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ყიასაშვილმა არცთუ რთული პოზიციიდან ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ ქარის ტრაექტორია ვერ გათვალა და მიზანმა უმტყუნა, შედეგად, ტაიმი 7:7 დასრულდა.
მე-2 ნახევარში, ძლიერ ქარს ძლიერი წვიმაც მოჰყვა და ამან თამაშს თავისი ხელი დაატყო. რუსთაველებს ზურგს ქარი უმაგრებდა და მეტოქის 22-ს მიეძალნენ. “ლელოს”, ქარის გამო, ბურთი ფეხით შორს ვერ გაჰქონდა და ეს ყველაფერი “ხარების” წისქვილზე ასხამდა წყალს. ჭაავამ, ქარის იმედად, ჯარიმის გატანა სცადა, მაგრამ ქარის ტრაექტორიამ მიზანი მასაც აურია. 53-ე წუთზე, ყიასაშვილმა და კაჭარავამ საკუთარ 22-ში ერთმანეთს ვერ გაუგეს და ბურთი დაჰკარგეს. მოულოდნელი "საჩუქრით" სარგებლობა პალიკო ჯიმშელაძემ გადაწყვიტა, მაგრამ მისი არეკნის შესრულების მცდელობას გიორგი კაჭარავა გადაეღობა, მან ბურთი აიტაცა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე 70 მეტრი ირბინა, ყიასაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა.
ამან, რუსთაველები არია, ნელ-ნელა “ლელომ” მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და მოლით “ხარების” ჩათვლის მოედანშიც შეაღწია, მაგრამ მსაჯმა ლელო არ ჩათვალა. მიუხედავად ამისა, “ლელომ” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
მალე გაცხადდა, რომ შემდეგი შეხვედრა ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართებოდა. ამასობაში, წვიმა თითქმის შეწყდა. “არმიას” სამწვრთნელო შტაბმა ბუნებრივსაფარიანი მოედანი შეამოწმა და რადგან ნორმალურ მდგომარეობაში იყო, იქ თამაშის უფლება მოითხოვა. მსჯელობა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, მაგრამ გუნდების სურვილის საწინააღმდეგოდ, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადაწყდა.
“არმიისა” და “არმაზის” დაპირისპირება ბახვა კობახიძისა და დავით კიკნაძის დუელად იქცა. კობახიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა, ერთ წუთში კიკნაძემ წონასწორობა აღადგინა. შემდეგ მან საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 52 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, “არმაზი” დააწინაურა, მაგრამ კობახიძემ თანაფარდობა აღადგინა. ამას, არმიელთა ხელდახელ შეტევა მოჰყვა და ფლანგზე მეტობა შეიქმნა, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან 2-3 მეტრში, ბურთი წინ დავარდა და კობახიძის ლელო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, მეტოქის 5-მეტრა შერკინებაში “არმიამ” ბურთი დაიბრუნა, სწრაფად გაითამაშა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მარჯვნივ ჩაათამაშა, ელიზბარაშვილმა კალმახელიძეს აუგდო და მანაც მეტოქის გაჭიმული დაცვა იოლად გაჭრა. ძელებშუა გატანილი ლელო კობახიძემ იოლად გარდასახა.
“არმაზი” არ გატყდა და მთლიანობაში, ამ დღეს კარგად ითამაშა. კიკნაძემ ჯერ 43 მეტრიდან გაიტანა ჯარიმა, მერე თავისი ნახევრიდან ერთხელაც დაარტყა და დაახლოებით 53 მეტრიდან მიზანმა არ უმტყუნა, ხოლო შემდეგ ჯერზე, კარის გასწვრივ, 33 მეტრიდან, თანაგუნდელები დააწინაურა - 15:13. შესვენებამდე, “არმაზი” კიდევ ერთხელ დაწინაურდა, როდესაც კობახიძის ჯარიმას კიკნაძემ უპასუხა, მაგრამ ზედ სასტვენის წინ, “არმიამ” ერთიც გაიტანა და პირველი ნახევარი 19:18 მოიგო.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, კაკოვინი მეტოქის ყელში ბოჭვისთვის დაჯარიმდა, მაგრამ კიკნაძის დარტყმული ძელს მოხვდა. თამაში არმიელთა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაგრძელდა, მათ ბურთის ფეხით მოგერიება სცადეს, მაგრამ ჩათვლის მოედანში მას კაიფაჯიანმა დაუფარა, ბურთი ჰაერშივე დაიჭირა და ლელო გაიტანა, კიკნაძემ კი რეალიზაცია შეასრულა - 25:19. “არმიამ” ლელოთივე გადაწყვიტა პასუხის გაცემა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და კობახიძემ შორიდან კვლავ კარში ურტყა. შედეგად, წონასწორობა აღდგა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.
ორივე გუნდის შეძახილებით გამხნევებულმა გუნდებმა, გაშლილი, სწრაფი თამაში სცადეს. იყო ეპიზოდები, როდესაც მაყურებელი კარგი სარაგბო ელემენტებით ტკბებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, არმიელ ბაირამაშვილს კიკნაძემ დაუფარა, მაგრამ დარტყმული იმდენად ძლიერი იყო, ბურთს ვეღარ მიჰყვა და მანაც პირითი ხაზი გადაკვეთა.
დრო, სულ უფრო ცოტა რჩებოდა და ერთ ზუსტ დარტყმას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. ჯერ ბაირამაშვილმა 30 მეტრიდან არეკნი სცადა, მიზანმა უმტყუნა, მერე “არმია” შერკინებაში დაჯარიმდა და შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, კიკნაძის 40 მეტრიდან დარტყმული ძელმა აისხლიტა. “არმაზის” თავდადება ფრეს მაინც იმსახურებდა, მაგრამ ბოლოს კობახიძემ 21 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, ანგარიში 28:25 გახადა და მეტოქე უქულოდ, “არმია” კი, ლიდერის უახლოეს მდევრად დატოვა.
ლიდერი კი ქუთაისის “აიაა”, რომელიც დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. ნაკრებში მივლინებული 3 უკანახაზელი ლიდერის (ბესიკ ხამაშურიძის, ირაკლი ჩხიკვაძისა და ირაკლი გიორგაძის) გარეშე დარჩენილმა ქუთათურებმა, თბილისში, “ვისოლის” სტადიონზე “ყოჩები” 23:10 დაამარცხეს. 2 მორაგბე თბილისელებმაც მოისაკლისეს (პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი და 9 ნომერი გიორგი ბეგაძე, ნაკრებთან ერთად, რუმინეთში არიან) და მათთვის ამ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება კვლავ ოცნებად დარჩა.
ბოლოს, ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივისა” და “აკადემიის” შეხვედრა დაიწყო. “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე განათების ჩართვა, ჯერ კიდევ წინა მატჩის მიწურულს გახდა საჭირო და ბოლო ჯახმა სრულად ხელოვნური განათების ფონზე ჩაიარა. ორივე გუნდმა აქცენტი ხელით თამაშზე გააკეთა, “აკადემიამ” მეტოქის შეცდომებით იხეირა და ათ წუთში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
მატჩის დებიუტშივე, ქოპილაშვილმა მცველების ზურგსუკან, “ლოკომოტივის” 22-ში გადაკიდა ბურთი, იქ მისი აღება ვერავინ შეძლო, სამაგიეროდ, შეტევას გაჩეჩილაძე არ გამოეთიშა და ლელო გაიტანა, მეკოკიშვილმა კი, რეალიზაცია შეასრულა.
“აკადემია” სწრაფად ცდილობდა ბურთის გაშლას და მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევას, “ლოკომოტივი” კი, უფრო ძალისმიერად უტევდა და მოკლე დარტყმებით ცდილობდა ფონს გასვლას. მე-10 წუთზე, “ლოკომოტივმა” ცენტრის სიახლოვეს დაჰკარგა ბურთი, გოგოლაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ჩათვლის მოედნამდე ირბინა, მეკოკიშვილმა კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეკოკიშვილს, მალევე, უპირატესობის გაზრდის საშუალება ჯარიმით მიეცა, თუმცა, მიზანმა უმტყუნა.
“ლოკომოტივმა” ლელოს გატანაზე თამაში განაგრძო და მე-19 წუთზე იხეირა კიდეც. დაახლოებით, ხუთწუთიანი მიძალება, ზარიძის ლელოთი და კვინიხიძის რეალიზაციით დასრულდა. ტაიმი “აკადემიამ” 14:7 მოიგო, თავის თამაშს არც მე-2 ნახევარში უღალატა და საბოლოოდ, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 24:10, რითაც ქვეყნის ჩემპიონს რეგულარულ პირველობაში ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე გადაასწრო.       

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
11 ივნისი. შაბათი. VI ტური
თბილისი. “ავჭალა” (ბუნებრივი). 1000
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 14:7
ლელო (ძირითადი შემადგენლობა):
15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. ანდღულაძე, 12. კორკელია, 11. ჯოგლიძე, 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. ირაკლი დაუშვილი, 5. აზალაძე, 6. დავით დაუშვილი, 7. სურგულაძე, 8. ჯვარშეიშვილი
ხარები (ძირითადი შემადგენლობა): 15. შუბითიძე, 14. წიკლაური, 13. ღამბაშიძე, 12. ჭაავა, 11. ბებიაშვილი, 10. ჯიმშელაძე, 9. ზირაქაშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. აღაშვილი, 3. კობერიძე, 4. ბალუაშვილი, 5. უჩავა, 6. გოგიაშვილი, 7. ქარუხნიშვილი, 8. მარტიაშვილი.  

 

თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 2000
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 28:25
არმია (ძირითადი შემადგენლობა):
15. ბახვა კობახიძე, 14. ნუცუბიძე, 13. მჭედლიძე, 12. ბაირამაშვილი, 11. ნადარეიშვილი, 10. ელიზბარაშვილი, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი, 2. ბრეგვაძე, 3. ნავროზაშვილი, 4. კიკვიძე, 5. ჩოჩიშვილი, 6. ბიწაძე, 7. კალმახელიძე, 8. ცხადაძე.
არმაზი (ძირითადი შემადგენლობა): 15. კოტორაშვილი, 14. ხუციშვილი, 13. გაბროშვილი, 12. კაიფაჯიანი, 11. სირაძე, 10. კიკნაძე, 9. მისრიაშვილი; 1. ბუკია, 2. სოსელია, 3. ესართია, 4. ჯიშკარიანი, 5. ჭელიძე, 6. თაგაური, 7. მინაშვილი, 8. თიგიშვილი.

 

თბილისი. “ვისოლი”.
ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 10:23

 

თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 500
ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 10:24
ლოკომოტივი (ძირითადი შემადგენლობა):
15. კობერიძე, 14. კავთიძე, 13. ხუციშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. გუნიავა, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. თავბერიძე, 5. ოზგებაშვილი, 6. ახვლედიანი, 7. ჩიტიძე, 8. გენებაშვილი.
აკადემია (ძირითადი შემადგენლობა): 15. დავითაშვილი, 14. ჭუაძე, 13. მარგიანი, 12. მოლოდინაშვილი, 11. გოგოლაშვილი, 10. შარიქაძე, 9. ქოპილაშვილი; 1. ზაქაშვილი, 2. მეკოკიშვილი, 3. ღამბაშიძე, 4. ნებულიშვილი, 5. გაჩეჩილაძე, 6. ნიბლაძე, 7. გოგოლაძე, 8. ჩხიკვაძე.
 

1 აია 6 6 0 0 167-72 12
2 არმია        6 4 1 1 138-117 9
3 ლელო 6 4 0 2 159-112 8
4 აკადემია 6 2 2 2 113-116 6
5 ლოკომოტივი 6 3 0 3 128-110 6
6 არმაზი 6 2 1 3 121-148 5
7 ხარები 6 1 0 5 56-122 2
8 ყოჩები  6 0 0 6 85-170 0


VII ტური (18 ივნისი): აია - არმია, ხარები - ყოჩები, აკადემია - ლელო, არმაზი - ლოკომოტივი
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099345