ინგლისში მიმდინარე “ჩერჩილის თასის” მესამე რაუნდში, ინგლისის “საქსონმა” ტონგას ეროვნულ ნაკრებს შანსი არ დაუტოვა და 41:14 გაანადგურა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა გუნდმა იტალია A-ს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ სიტუაციის სათავისოდ შეტრიალება ვეღარ მოახერხა.
მატჩი იტალიელთა უპირატესობით დაიწყო, შესვენებამდე, მათ ფლანგზე ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთს ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. ამასთან, “სკუადრა აძურამ” ორი ჯარიმაც დაურთო, რუსეთმაც ორი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ნახევარი 18:6 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, კუშნარიოვმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, რაზეც იტალიამ მალევე ჯარიმით უპასუხა. მთლიანობაში, იტალიელები მეტოქეს შერკინებაში საგრძნობლად ჯობდნენ. შეხვედრის მიწურულს, მათმა შერკინებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, თორემ, სხვა კომპონენტებში რუსები მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდნენ. დერეფანში თითქმის თანაფარდობა იყო, გაშლილ თამაშში კი, რუსები ბურთს კარგად ანაწილებდნენ და სახიფათო გარღვევებს ახორციელებდნენ.
იტალია 21:9-ს იგებდა და უტევდა, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ათიოდე მეტრში დაკარგა ბურთი, რომელიც ბიკანოვმა აიტაცა, კუშნარიოვი მოძებნა, მან თავის მხრივ იაგუდინს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა, მეტოქის ჩათვლის მოედნამდე თავი არავის დააჭერინა. ზუსტმა რეალიზაციამ ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა და სიტუაცია დაიძაბა. მალე იტალიელებს ცხრა ნომერი გაუსინბინეს და რუსებმა ქულების დაგროვება ჯარიმებით სცადეს, მაგრამ კუშნარიოვს ზედიზედ ორი დარტყმა გაუფუჭდა. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 73-ე წუთზე კი, მარცხენა ფლანგზე იმავე იაგუდინმა ხაზი გაჭრა, ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში, სანამ კიდით ხაზს იქით გადაიყვადნენ, შაკიროვისთვის გადაცემის გაკეთება მოახერხა და ისიც ჩათვლის მოედანზე შევიდა, მაგრამ ორმა იტალიელმა მცველმა მას ბურთის მიწასთან შეხების საშუალება არ მისცეს და გვერდით ხაზს იქით გადაათრია.
ამრიგად, იტალიამ მძიმე ბრძოლაში 24:19 იმარჯვა და თავად მესამე ადგილისთვის ითამაშებს, ხოლო რუსეთის ნაკრები მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. “დათვების” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ძმები - გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები. გრიგოლი 49-ე, ხოლო ვალერი 66-ე წუთზე შეცვალეს. 18 ივნისს, რუსების მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები სექტემბერში ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში ითამაშებენ და თუ ვის ექნება იქ უპირატესობა, ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთიდან გამოჩნდება.
იტალია A მესამე ადგილისთვის ტონგას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომლისგანაც ინგლისმა ქვა ქვაზე არ დატოვა. იმდენად დიდი იყო ევროპელთა უპირატესობა შერკინებაში, რომ კუნძულელები ვერაფერს ახერხებდნენ და ერთ შეხვედრაში, საჯარიმო ლელოთი სამჯერ დაისაჯნენ. მთლიანობაში, ინგლისელებმა - ხუთი, ტონგელებმა კი, ორი ლელო გაიტანეს და “საქსონმა” 41:14 იმარჯვა. ახლა, ისინი “ჩერჩილის თასის” ფინალში კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შარშან ინგლისელებმა 38:18 იმარჯვეს და კანადელები წლეულს რევანშის აღებას გეგმავენ. “ჩერჩილის თასის” დასკვნითი დღის ყველა შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია