მსოფლიო სერია

12:18 | 7.03.2016 | ნანახია 1244 - ჯერ

„ოქროს ფიჯი“ ლას ვეგასში

ფიჯის 7-კაცამ ავსტრალიის ნაკრებთან 0:15 ჩამორჩენის შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქეს სამი საპასუხო ლელო გაუტანა, მაგრამ მისგან განსხვავებით გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა და 21:15 მოგებით, მსოფლიო სერიის მეხუთე, ლას ვეგასის ეტაპის გამარჯვებული გახდა.

ფიჯელებმა ამერიკის ეტაპი შარშანაც მოიგეს და ტიტული შეინარჩუნეს. მიმდინარე სერიაში კუნძულელებს მხოლოდ პირველი, დუბაის ეტაპი ჰქონდათ მოგებული და ახლა მეორედ ავიდნენ ეტაპის მწვერვალზე, რის შემდეგაც საერთო ჩათვლაშიც ერთპიროვნულად დაწინაურდნენ.

„ამ მოგებას „უინსტონის“ ციკლონით დაზარალებულ მოსახლეობას ვუძღვნით. ფინალური მატჩის შესვენებისას თანაგუნდელს სწორედ ის ხალხი გავახსენე, რომლებიც შინ გველოდებიან. მათ დიდი ტანჯვა გადაიტანეს და ჩვენ ვალდებული ვიყავით მათთვის სიხარული დაგვებრუნებინა. მერე ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და დასკვნით 10 წუთში ჩვენი საქმე კარგად შევასრულეთ“ - თქვა გუნდის კაპიტანმა ოსეა კოლინისაუმ.

ფინალურ დღეს 25 981 მაყურებელი დაესწრო. ავსტრალიელთა ლელოები მეიერმა, ჯენკინსმა და კლერკმა გაიტანეს, რაზეც შესვენების შემდეგ ტალიგამ დუბლით და რავასამ უპასუხეს, ხოლო რავოუვოუმ სმივე უმნიშვნელოვანესი გარდასახვა შეასრულა. მანამდე ავსტრალიამ ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას ერთი გარდასახვით მოუგო, ხოლო ფიჯიმ მასპინძელ აშშ-ს ლელო-გარდასახვით აჯობა. მასპინძლები მეოთხე ადგილზე დარჩნენ, რადგან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მათ აფრიკელებმა აჯობეს.

ახალი ზელანდია მეხუთე ადგილს დასჯერდა. მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, მათ ჯერ იაპონიას მოუგეს მარტივად, მერე კი, არგენტინასთან სანახაობრივი სპექტაკლი დადგეს. 0:19 ჩამორჩენის შემდეგ, „ოლ ბლექსი“ „მოიქოქა“ და სამი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ მესამე ჯერზე გარდასახვა არაზუსტი იყო და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. ზელანდიელებმა დამატებით ტაიმში გადამწყვეტი ლელო დადეს და ლიდერს ფიჯის საერთო ჩათვლაში 9 ქულით ჩამორჩებიან.

2015/2016 წლების მსოფლიო სერია 7-კაცა რაგბიში

მეხუთე ეტაპი. ლას ვეგასი [აშშ]

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის

კანადა - ინგლისი 24:7

პორტუგალია - სამოა 14:29

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

რუსეთი - საფრანგეთი 14:15

უელსი - შოტლანდია 21:14

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

კენია - იაპონია 14:19

ახალი ზელანდია - არგენტინა 24:19

თასის ნახევარფინალები

აშშ - ფიჯი 14:21

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 12:14

XIII ადგილისთვის

კანადა - სამოა 12:24

IX ადგილისთვის

საფრანგეთი - უელსი 14:28

V ადგილისთვის

იაპონია - ახალი ზელანდია 7:27

III ადგილისთვის

აშშ - სამხრეთ აფრიკა 10:21

ფინალი

ფიჯი - ავსტრალია 21:15

სერიის სატურნირო ცხრილი (ხუთი ეტაპის შემდეგ)

ფიჯი 91

სამხრეთ აფრიკა 86

ახალი ზელანდია 82

ავსტრალია 73

აშშ 64

არგენტინა 64

ინგლისი 52

კენია 52

საფრანგეთი 36

შოტლანდია 32

სამოა 31

კანადა 23

უელსი 22

იაპონია 20

რუსეთი 12

პორტუგალია 9

ზიმბაბვე 1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:18 | 09.03.2016
BEERTRANCE (1073)

ყოჩაღ ფიჯის მაგარი "ქამ ბექი" გააკეთა

0.156186