საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა სამხრეთ აფრიკის “კინგზთან” 17:31 წაგებული მატჩის შემდეგ, მეორე რაუნდში არგენტინის “იაგუარებთან” ჯახისთვის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები პირველ მატჩში მარცხით გამოწვეული სულაც არაა. ჯერ კიდევ ბუქარესტში გამგზავრებამდე, შოტლანდიელი ამბობდა, რომ ამ ტურნირს მორაგბეებზე დასაკვირვებლად გამოიყენებდა და ყველა მათგანს მისცემდა თავის გამოჩენის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, წინდაწინვე შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ არგენტინელებთან “ბორჯღალოსნები” სრულიად განსხვავებული შემადგენლობით ითამაშებდა.
სამხრეთაფრიკელებთან მატჩის შემდეგ, განაცხადში ვერ მოხვდნენ მალხაზ ურჯუკაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ზვიად მაისურაძე და კარლენ ასეიშვილი. პირველი სამი “კინგზის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო, აი, პირველხაზელი ასეიშვილი კი, მაშინ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა და თავისი შესაძლებლობების ჩვენების შანსი ამ კონკრეტულ მატჩში ნამდვილად აღარ ექნება.
მალხაზ ურჯუკაშვილის ნაცვლად, თხუთმეტ ნომერზე თამაშს ბექა ურჯუკაშვილი დაიწყებს, რომელმაც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა. შემადგენლობაში გამოჩნდნენ ლექსო გუგავა და რევაზ გიგაური, რომლებიც პირველ რაუნდში განაცხადში არ იყვნენ. ამჟამად, ძირითად შემადგენლობაში არიან სანდრო თოდუა და გიორგი ბეგაძე, რომლებიც პირველ მატჩში განაცხადში იყვნენ - პირველმა შეცვლაზე ითამაშა, ბეგაძე კი, ბოლომდე თადარიგში დარჩა და ეროვნულში მისი დებიუტი ახლა შედგება. სამხრეთ აფრიკასთან სრულად ითამაშეს და ახლაც ძირითად შემადგენლობაში არიან ირაკლი ჩხიკვაძე და ლაშა ხმალაძე.
ცვლილებები შერკინების ხაზსაც შეეხო. ვასილ კაკოვინმა პოზიცია შეიცვალა და შერკინების პირველ ხაზში ამჯერად პირველ ნომრად ითამაშებს, ძირითად შემადგენლობაში პირველად იქნება შალვა მამუკაშვილი, რომელსაც აფრიკელებთან ეროვნულში დებიუტი ჰქონდა. მესამე ნომრად ნაკრებს დაუბრუნდა დავით ქუბრიაშვილი, რომელსაც ეროვნულის მაისური კარგა ხანია არ მოურგია და პირველ რაუნდშიც განაცხადში არ იყო. მეორე ხაზში, გუნდის კაპიტან ილია ზედგინიძეს გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება, რომელიც წინა მატჩში სათადარიგო იყო. კიდევ ერთი მორაგბე, სიმონ მაისურაძე, რომელიც “კინგზთან” განაცხადში არ იყო, ამჯერად ძირითად შემადგენლობაშია. მის გარდა, შერკინების მესამე ხაზში ვიქტორ კოლელიშვილი და დიმიტრი ბასილაია ითამაშებემ - ეს უკანასკნელი 10 ივნისს სათადარიგო იყო. შეცვლებზე სულ ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც “კინგზის” წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.
არგენტინის “იაგუარები” IRB-ს ერთა თასის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ პირველ რაუნდში პორტუგალიამ დაძაბულ ბრძოლაში 25:21 სძლია და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულის ამარა დატოვა. ახლა არგენტინელები შელახული პრესტიჟის აღდგენას ეცდებიან, თანაც, “იაგუარებს” ქართველებთან სხვა ანგარიშიც აქვთ გასასწორებელი. 2009 წელს, როცა ქართული რაგბი დაარსების 50 წლისთავს აღნიშნავდა, “იაგუარები” თბილისს ეწვია და “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 24:22 დასცეს. მიუხედავად სატურნირო სიტუაციისა, დიქსონისთვის ამ მატჩში უმთავრეს მიზნად მაინც იმ მორაგბეების საქმეში ნახვა რჩება, რომელთაც სექტემბერში მსოფლიო თასზე უნდა დაეყრდნოს, ეს კი, მეტოქეს რევანშის შანსს უორმაგებს, თუმცა, ქართველები უბრძოლველად რომ არაფერს დათმობენ, ეს ცხადზე ცხადია.
IRB-ს ერთა თასის მეორე დღე სწორედ საქართველოსა და “იაგუარების” მატჩით გაიხსნება და ის თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ფრანგი რეფერი პასკალ გოზერი მოემსახურება, რომელსაც ასისტენტონას რუმინელი ჰორაციუ ბარგაუნასი და ესპანელი ინაკი ლოპესი გაუწევენ. ამავე დღეს, მასპინძელი რუმინეთი სამხრეთ აფრიკის “კინგზს” ეთამაშება, ხოლო დღის ბოლოს, პორტუგალია ნამიბიის წინააღმდეგობის დაძლევას ეცდება.
და ერთიც. 15 ივნისს ბუქარესტში მთვარის დაბნელებას ელიან. წინასწარი გათვლებით, ეს მოვლენა მაშინ დაიწყება, როდესაც საქართველოს ნაკრებს თავისი შეხვედრა უკვე მოთავებული ექნება. ტურნირის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ამის გამო, მეორე რაუნდის მატჩებს მაყურებელი მოაკლდება...
2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
საქართველო - არგენტინის იაგუარები (18:00)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 5 კეპი, 10 ქულა), 14. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 20, 20), 13. სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 22, 5), 12. რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 29, 5), 11. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 23, 25), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 7), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 0); 1. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი, 13), 2. შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი, 1), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 15, 0), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერენი”, საფრანგეთი, 61, 65), 5. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 20, 25), 6. სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი, 16), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 8, 5), 8. დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი, 14, 5).
სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 61, 55), 17. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 59, 35), 18. ვახტანგ მაისურაძე (“სან ნაზარი”, საფრანგეთი, 6), 19. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 1), 20. ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 55, 25), 21. ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი, 41, 16), 22. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 59, 75).
ისვენებენ: მალხაზ ურჯუკაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, კარლენ ასეიშვილი, ზვიად მაისურაძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი (20:00)
პორტუგალია - ნამიბია (22:00)
1 | აფრიკელი მეფეები | 1 | 1 | 0 | 0 | 31-17 | 4 |
2 | პორტუგალია | 1 | 1 | 0 | 0 | 25-21 | 4 |
3 | რუმინეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 13-11 | 4 |
4 | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 11-13 | 1 |
5 | იაგუარები | 1 | 0 | 0 | 1 | 21-25 | 1 |
6 | საქართველო | 1 | 0 | 0 | 1 | 17-31 | 0 |
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი (18:00)
საქართველო - ნამიბია (20:00)
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები (22:00)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია