იტალიაში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ევროპის მეორე წარმომადგენელს, უელსს სამარცხვინო მარცხი აგემა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება გაინაღდა.
პირველ ტურში მასპინძელი იტალიის 64:7 შერცხვენის შემდეგ, “ოლ ბლექსმა” უელსთან სულ აიშვა და 14 უპასუხო ლელო გაიტანა. ასაკობრივი მსოფლიო თასის ზედიზედ სამჯერ გამარჯვებულმა, ამ ტურნირის დაარსებიდან დღემდე, აგერ უკვე მე-17 შეხვედრა მოიგო და ამ გადასახედიდან ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი შეჩერება ვინმემ მოახერხოს. ახლა ზელანდიელები იმ სამ მეტოქეს ელოდებიან, რომლებიც თასის ნახევარფინალში მათთვის კონკურენციის გაწევას ეცდებიან.
დებულების თანახმად, თასისთვის ბრძოლას სამი ჯგუფის პირვეელადგილოსანი და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი აგრძელებს. კიდევ ორი მეორეადგილოსანი და ორიც უკეთესი მესამეადგილოსანი, ტურნირზე V-VIII ადგილების გასანაწილებლად იბრძოლებენ, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და ჯგუფის ნაბოლარები, იმ ნახევარფინალურ წყვილებს შეადგენენ, რომლებიც IX-XII ადგილებს გაითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ადგილზე გასული გუნდი საგაისოდ უძლიერესებში ადგილს სამოას დაუთმობს, რომელმაც თბილისში გამართული მსოფლიო თასის “ალაფი” მოიგო.
მასპინძელმა იტალიამ ვერც მეორე შეხვედრა მოიგო - ამჯერად, არგენტინასთან მოკრძალებული ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ მეტოქეს მეოთხე ლელოს გატანა არ დაანება და პრემიალური ქულის გარეშე დატოვა. B ჯგუფში ფიჯიმ ავსტრალიას გახსნილი რაგბი შესთავაზა, მაგრამ მეტოქეზე ორჯერ ნაკლები ქულები დააგროვა, თანაც, სამზე მეტი ლელო ვერ გაიტანა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. ბრძოლა იყო საფრანგეთისა და ტონგას ნაკრებების ჯახშიც. შესვენებამდე ევროპელების მიერ გატანილ ლელოს და ჯარიმას, ტონგამ 30-ე წუთზე ლელო-რეალიზაციით უპასუხა და ტაიმი 8:7 დამთავრდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ფრანგებმა საჯარიმო ლელო მიითვალეს და რეალიზაცია გამოიყენეს, მერე თავისი მესამე ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერ გარდასახეს. შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, ტონგამ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა მალევე თავისი მეოთხე ლელო დადო, პრემიალური ქულაც აიღო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. დასკვნით ტურში, საფრანგეთი ავსტრალიას ეთამაშება და ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობაც აქ გადაწყდება.
ბოლო ტური გადაწყვეტს C ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობასაც, სადაც ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ითამაშებენ. ირლანდიელებისა არ იყოს, ინგლისს მეორე ტურში შოტლანდიამაც დიდი ბრძოლა გაუმართა და ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. ინგლისელთა ორ ჯარიმას შოტლანდიამ ჯარიმა-არეკნით უპასუხა. შესვენებამდე, ინგლისმა ორი ლელო გაიტანა და ორივე რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ შოტლანდიამ იბრძოლა და მეტოქემ დარჩენილი სამი ლელო მატჩის მიწრულსღა გაიტანა (ორი ლელო მსაჯის მიერ დამატებულ დროში). მთელი საათის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკას არაფერი დაუთმო ირლანდიამაც, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ გაძლო და პრემიალურ ქულასაც ვერ შეწვდა.
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - უელსი 92:0
იტალია - არგენტინა 3:27
1. ახალი ზელანდია 2 2 0 0 156-7 10
2. უელსი 2 1 0 1 34-100 5
3. არგენტინა 2 1 0 1 35-37 4
4. იტალია 2 0 0 2 10-91 0
18 ივნისი: იტალია - უელსი, არგენტინა - ახალი ზელანდია
B ჯგუფი
ავსტრალია - ფიჯი 50:25
საფრანგეთი - ტონგა 27:14
1. ავსტრალია 2 2 0 0 104-32 10
2. საფრანგეთი 2 2 0 0 51-26 9
3. ფიჯი 2 0 0 2 37-74 0
4. ტონგა 2 0 0 2 21-81 0
18 ივნისი: ფიჯი - ტონგა, ავსტრალია - საფრანგეთი
C ჯგუფი
ინგლისი - შოტლანდია 39:18
ირლანდია - სამხრეთ აფრიკა 26:42
1. სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 75-26 10
2. ინგლისი 2 2 0 0 72-43 10
3. ირლანდია 2 0 0 2 51-75 0
4. შორლანდია 2 0 0 2 18-72 0
18 ივნისი: ინგლისი – სამხრეთ აფრიკა, ირლანდია – შოტლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია