საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასის მეორე რაუნდის შეხვედრაში, არგენტინის “იაგუარები” მინიმალური სხვაობით დაამარცხა და თეორიულად ტურნირის მოგების შანსი შეინარჩუნა.
უნდა ითქვას, რომ 2009 წლის ნოემბერში თბილისში ნასტუმრები “იაგუარებისგან”, ეს გუნდი ძალიან შორს იყო. არგენტინელთა მაშინდელი შემადგენლობა ბევრად უკეთესი იყო და უფრო გამართულ რაგბის თამაშობდა, ვიდრე ამ ფორმაციის “იაგუარები”. საქართველოს ნაკრები ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა. “ბორჯღალოსნები” დომინირებდნენ რაქში და შერკინებაში, ბურთის გაშლას ცდილობდნენ და რომ არა ტექნიკური წუნი, ანგარიში ბევრად დიდი იქნებოდა.
მთლიანობაში, საათზე მეტხანს შეხვედრა ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, რომ ქართველთა გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. პირველსავე წუთებზე, “ბორჯღალოსნებმა” ზედ ცენტრში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ბექა ურჯუკაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ დარტყმის ძალა ვერ გათვალა და ბურთმა ძელებამდე ვერ მიაღწია. საწყისმა ათმა წუთმა ქართველთა იერიშებში განვლო და ლელოს გატანის შესაძლებლობა იყო, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე ლექსო გუგავა გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს, მერე კი, ფეხით შეგორებული ბურთი არგენტინელმა თავისსავე ჩათვლის მოედანში დაამიწა.
ათი წუთის თავზე, არგენტინელები პირველად გადავიდნენ ქართველთა ნახევარზე. ისინი სწრაფად ცდილობდნენ ბურთის გათამაშებას და რიცხვობრივი უპირატესობის მოპოვებას, თუმცა, გადაცემისას შეცდომა დაუშვეს, გუგავამ ბურთი ჩაჭრა და საკუთარი ნახევრიდან მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ირბინა. ურჯუკაშვილს რეალიზაცია გაუცუდდა და მე-15 წუთზე ტაბლოზე 5:0 დარჩა. მეტოქემ ჩამორჩენის შემცირება მალევე მოახერხა, ბენჟამინ მადერომ კარის გასწვრივ 35 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ამას კვლავ ქართველთა იერიში მოჰყვა, 25-ე წუთზე გიორგი ბეგაძემ მეტოქის 22-ში რაქში მეტოქე დაწიხლა და სინბინით დაისაჯა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, საქართველოს ნაკრებმა ბურთის მეტოქის ნახევარზე შენარჩუნება მოახერხა და ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. 32-ე წუთზე, თავისი მეორე ჯარიმა მადერომაც გაიტანა და ტაიმი 8:6 დასრულდა.
მეორე ტაიმი ისევ საქართველოს უპირატესობით დაიწყო და რომ არა ბეგაძისა და ლაშა ხმალაძის შეუთამაშებლობა, ლელოს გატანაც შეიძლებოდა. რადგან ტექნიკური წუნის გამო, არგენტინელთა ჩათვლის მოედანში შეღწევა ვერ მოხერხდა, ურჯუკაშვილმა 54-ე და 62-ე წუთებზე ჯარიმები კარში დაარტყა და უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ არგენტინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთები დაცვაში გაატარა. რევაზ გიგაურმა აგულა ერთხელ ისე შებოჭა, რომ ბურთი წინ დააგდებინა, მაგრამ მეორე ჯერზე არგენტინელმა სიტუაციის გამწვავება მოახერხა, დაცვის ხაზში ნაპრალი გაჩნდა და ანტონიო აჰუალიმ ლელი გაიტანა, სანტიაგო გონსალეს იგლესიასმა კი, რეალიზაციით სხვაობა მინიმუმდე დაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთი რჩებოდა და “იაგუარებმა” ეს დრო შეტევებში გაატარეს. 72-ე წუთზე, მათ დაწინაურების შანსიც მიეცათ, მაგრამ არცთუ ცუდი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გამოიყენეს, სულ ბოლოს კი, ბურთი ფეხით შეაცურეს, მაგრამ ის აუტში გავიდა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება იზეიმა.
“მთავარი მიზანი მიღწეულია. რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე, რომელთაც მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი აქვთ, საქმეში ვნახე და მათ მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე თამაშობენ და კარგია, რომ ჩვენს გუნდში კონკურენცია იზრდება. ამის ფონზე, გამარჯვება ერთგვარი პრემიაა” - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა.
“ბურთს არასაკმარისად ვაკონტროლებდით და როდესაც ის ჩვენს ხელთ იყო, ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. გარკვეულწილად, ჩვენზე სიცხემაც იქონია გავლენა, თუმცა, საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა” - განაცხადა “იაგუარების” მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ჰურკადემ.
საქართველოსთან სამი ლელოს გამტანმა სიანდა გრეიმ, რუმინეთთან ტურნირზე თავისი მეოთხე ლელო გაიტანა, მისმა “კინგზმა” კი, მეორე გამარჯვება მოიპოვა. დან დუმბრავას ადრეულ ჯარიმას, სტრიუდომ მე-5 წუთზე ჯარიმითვე უპასუხა. მერე მიჰაი ლაზარმა ლელოთი მასპინძლები დააწინაურა, მე-14 წუთზე, სტრიუდომ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ორიოდე წუთში კი, გრეიმ ლელოთი სამხრეთ აფრიკა დააწინაურა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა - 13:8. შესვენებამდე დუმბრავამ ორი ჯარიმით რუმინელებს ლიდერობა დაუბრუნა, მაგრამ 33-ე წუთზე, ერთი ზუსტი დარტყმა აფრიკელებმაც შეასრულეს და ტაიმი 16:14 მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში, სტრიუდომი ფლანგზე გაიქცა და “კინგზის” მეორე ლელო გაიტანა. ამას დუმბრავამ ლელოთი უპასუხა, მაგრამ აფრიკელებმა ჯერ ჯარიმით, მერე კი მზვანდილე სტიკის არეკნით უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდეს - 27:17. დასკვნითი მეოთხედი რუმინელების იყო, რომლებმაც მორკინალებით უტიეს და 30-ე და 33-ე წუთებზე, ვალენტინ კალაფეტეანუმ ჯარიმები ქულებში გარდასახა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რუმინეთი 23:27 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
“რუმინეთმა შესანიშნავად ითამაშა. მათ ჰყავთ ძალიან კარგი მორაგბეები, გუნდი და გამარჯვებას ენერგიის სრული დახარჯვის ხარჯზე მივაღწიეთ. ყოველთვის სასარგებლოა ასეთი მძიმე მატჩების მოგება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს” - თქვა აფრიკელთა მორაგბე ლუკ უოტსონმა.
“თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და შეხვედრის უმეტესი დროის განმავლობაში მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ პატარა შეცდომებმა ჩვენი გარჯა დაუფასებელი დატოვა. ძალიან ბევრი უაზრო გადაწყვეტილება მივიღეთ და ამან ყველაფერი გადაწყვიტა, მაგრამ ბიჭების გარჯით მაინც კმაყოფილი ვარ” - აღნიშნა რუმინეთის ნაკრების კაპიტანმა მარიუს ტინკუმ.
ჟუჟუნა წვიმა, რომელიც რუმინეთისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მიწურულს დაიწყო, მესამე მატჩისთვის ტროპიკულ ნიაღვარად იქცა. ასეთ პირობებს ნამიბიამ პორტუგალიაზე უკეთ აუღო ალღო და დრამატულ მატჩში 29:23 იმარჯვა. თითქოს ნამიბიას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მცირედმა ტაქტიკურმა ცვლილებებმა და მეტმა გამოცდილებამ, IRB-ს ერთა თასის მფლობელს და საქართველოს მომავალ მეტოქეს, პორტუგალიასთან გამარჯვება მოუტანა.
“ჩვენ მთელი ძალით ვცდილობდით ამინდზე მორგებას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დრო მოგვეგო, სწრაფად ვცდილობდით გარღვევების განხორციელებას და შეცდომებს ვუშვებდით. ნამიბიელთა მიერ ფეხით შესრულებული ტაქტიკური დარტყმები დიდებული იყო და ამისათვის ვერანაირი პასუხი ვერ გამოვნახეთ. ვერაფერს ვიზამთ, ეს რაგბია” - განაცხადა ნამატჩევს პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ეროლ ბრეინმა.
შეხვედრის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ფრანსისკო სერამ ჯარიმით პორტუგალია დააწინაურა, ხოლო 25-ე წუთზე, ჟოაო გონსალვეშ კორეამ ლელო გაიტანა და კაბრალმა რეალიზაცია გამოიყენა - 13:3. ტაიმის დასკვნით მონაკვეთში ნამიბიამ მოინდომა და ჯერ კოტზეს ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე, უკანახაზელმა მაკგრეტ ვან ვიკმა ლელო გაიტანა, ხოლო კოტზემ რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა, ზედ შესვენების წინ კი, იმავე კოტზემ ჯარიმით იხეირა.
დაიწყო მეორე ტაიმი და ლე რუმ ლელოთი პორტუგალია დააწინაურა, ხოლო კაბრალმა რეალიზაცია გამოიყენა. 51-ე წუთზე, კაბრალმა ორიოდე წუთით ადრე, კოტზეს მიერ გატანილ ჯარიმას უპასუხა და უპირატესობა კვლავ ოთხ ქულამდე გაზარდა. მერე ნამიბიელებმა ტაქტიკა შეცვალეს და 56-ე წუთზე პორტუგალია საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, კოტზემ კი რეალიზაცია გამოიყენა. 70-ე წუთზე, მან საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი ჯარიმა შემატა და ნამიბიამ 29:23 იმარჯვა.
“ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და შესაბამისად მოვემზადეთ. წვიმებმა ჩვენი გეგმა არია, რადგანაც მას არ ველოდით, მაგრამ შესვენებისას ვისაუბრეთ და ტაქტიკა შევცვალეთ. ბურთი სველი იყო, მისი კონტროლი ჭირდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის მეტოქისთვის დაგვეთმო და თავი დაგვეცვა” - თქვა ნამიბიელთა კაპიტანმა ჟაკ ნიევენჰუიმ.
“ეს არ იყო კარგი თამაში, მაგრამ ძალის ხარჯზე გამარჯვება მოვიპოვეთ. ათ ნომერზე კოტზეს თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მის ფეხით დარტყმებს და შეტევების მიმართულებების შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. რუმინეთთან მატჩისგან განსხვავებით, მან თავისი შესაძლებლობები დღეს სრულად დაგვანახა” - დაამატა ნამიბიის მთავარმა მწვრთნელმა იოჰან დიერგარდტმა.
ტურნირის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრები ნამიბიას ეთამაშება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მისი შედეგი რეიტინგზე აისახება. ორი საათით ადრე, პორტუგალიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის “კინგზს” ეთამაშება და თუ აფრიკელებმა იმარჯვეს, ტურნირის გამარჯვებული ნაადრევად გამოვლინდება. დასკვნით შეხვედრაში, მასპინძელი რუმინეთი არგენტინის “იაგუარებს” ეთამაშება.
2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
საქართველო - არგენტინის იაგუარები 14:13 (8:6)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. სანდრო თოდუა, 12. რევაზ გიგაური, 11. ირაკლი ჩხიკვაძე (22. ბესიკ ხამაშურიძე 58), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვასილ კაკოვინი (17. გოდერძი შველიძე 58), 2. შალვა მამუკაშვილი (16. აქვსენტი გიორგაძე 58), 3. დავით ქუბრიაშვილი (1. ვასილ კაკოვინი 73), 4. ილია ზედგინიძე (18. ვახტანგ მაისურაძე 55), 5. გიორგი ნემსაძე, 6. სიმონ მაისურაძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი (19. გივი ბერიშვილი 41), 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი გიორგაძე.
ისვენებდნენ: მალხაზ ურჯუკაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, კარლენ ასეიშვილი, ზვიად მაისურაძე
1 ლელო: გუგავა
3 ჯარიმა: ურჯუკაშვილი
1 სინბინი: ბეგაძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი 23:27
პორტუგალია - ნამიბია 23:29
1. აფრიკელი მეფეები 2 2 0 0 58-40 8
2. ნამიბია 2 1 0 1 40-36 5
3. პორტუგალია 2 1 0 1 48-50 5
4. რუმინეთი 2 1 0 1 36-38 5
5. საქართველო 2 1 0 1 31-44 4
6. იაგუარები 2 0 0 2 34-39 2
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი (18:00)
საქართველო - ნამიბია (20:00)
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები (22:00)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია